ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიგა ზედანია განათლების სისტემაში მიმდინარე პროცესებს „ეროვნული მასშტაბის კატასტროფას“ უწოდებს. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.
მისი განცხადებით, ათასობით ახალგაზრდა წელს უმაღლესი განათლების მიღმა დარჩა, ხოლო სტუდენტებსა და მოსწავლეებს სწავლის ვადების ხელოვნურად შემცირებისა და ჩავარდნილი ინიციატივების გამო საგრძნობლად გაუარესებულ პირობებში მოუწევთ განათლების მიღება.
ათასობით აბიტურიენტი ვერ მოხვდა უმაღლეს სასწავლებელში წელს. ვინც მოხვდა, მას მოუწევს ბევრად გაუარესებულ პირობებში სწავლა – პროგრამების ხარისხი საგრძნობლად იქნება გაუარესებული სწავლისათვის მოკლებული წლების გამო; საუკეთესო პროგრამები გადასულია მილევად რეჟიმზე. პარალელურად, სკოლასაც ოფიციალურად გამოაკლდა ერთი, ხოლო არაოფიციალურად – ორი წელი. ახალგაზრდების უმრავლესობა ელემენტარული უნარების გარეშე დაასრულებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს. ერთადეთი ვითომ-პოზიტიური ღონისძიება, რაც დაგეგმილი იყო – ანუ სასკოლო ფორმები – ჩაფლავდა; სახელმწიფომ მილიონები გადაიხადა ფორმების შესყიდვაში ვითომდა თანასწორობის მისაღწევად და ახლა იმაზეა ლაპარაკი, რომ, ვისაც ფული აქვს, ის უკეთესი ხარისხის ფორმებს შეუკერავს შვილებს. საქმე გვაქვს ეროვნული მასშტაბის კატასტროფასთან, – წერს ილიას უნივერსიტეტის პროფესორი გიგა ზედანია.




