როგორ აქციეს რუსებმა დავით ყიფიანი ებრაელად და რაგვარად შეურაცხგვყვეს ქართველები!

როგორ აქციეს რუსებმა დავით ყიფიანი ებრაელად და რაგვარად შეურაცხგვყვეს ქართველები!
რუსები ორი მიმართულებით ებრძვიან ქართველებს – ერთის მხრივ მარადიულ ქვეშევრდომობას უწესებენ „სარწმუნოებრივი ერთობის“ გამო, ხოლო მეორე მხრივ – აკნინებენ მათ ეროვნულ თვითმყოფადობას.
ქვემოთ წარმოგიდგენთ „იუთუბზე“ ატვირთულ მასალას, სახელწოდებით: „ფარული ებრაელები“, სადაც 10 ცნობილ ფეხბურთელსა და მწვრთნელს შორის დავით ყიფიანის პიროვნებაც ფიგურირებს ისე, თითქოს ჩვენც, ანტისემიტი რუსების მსგავსად შეგვეძლოს ქართველი ებრაელების ეროვნების დამალვა.
აი, რა „საიდუმლოს“ ამცნობს ვიდეომასალის ავტორი მსმენელს:
„საქართველოს სიამაყე და კავკასიური ფეხბურთის რაინდი დავიდ კიპიანი, ვითომცდა ქართული ეროვნული სულის მატარებელი – ქართული ულვაშებით და გრაციოზულობით ხომ ჰგავს კეთილშობილ თავადს? არადა, საიდან მოვიდა იმპულსურ ქართველ ფეხბურთელებს შორის ეს ანალიტიკური გონების ფეხბურთელი, რომელიც მოედანზე უბრალოდ კი არ დარბოდა, არამედ თამაშს კითხულობდა, როგორც პარტიტურას, აკეთებდა გადაცემებს მილიმეტრის სიზუსტით, და ერთი სვლით ადრე შეეძლო მეტოქის ჩანაფიქრის ამოკითხვა? ახლა ცხოვრებაში – წარმოუდგენლად ნაკითხი, ოდნავ შესამჩნევი სევდით აღბეჭდილი უფაქიზესი იუმორით, დახვეწილი ინგლისურით და მსოფლიო კლასიკის სიყვარულით, ევროპული უნივერსიტეტის პროფესორის მანერებით. საიდან ჰქონდა ყოველივე ეს უბრალო (წაიკითხე – „ველური“) კავკასიელი ხალხის შვილს?
პასუხი ძველი თბილისის კოლორიტულ უბანში – სოლოლაკში იძებნება, სადაც ის ცხოვრობდა. დავითის დედა – ტატიანა ვასილევნა იყო ქალაქში ცნობილი ექიმი, მაღალი კულტურის მქონე ადამიანი უძველესი ებრაული აშკენაზური ფესვებით. დავიდის მამის სახელიც – „მარკი“ ბევრის მთქმელია ამ თვალსაზრისით. ოჯახში ოდენ მწვადებზე როდი იყო საუბარი, არამედ მსოფლიო ფილოსოფიაზე და განათლებაზე, დავიდ კიპიანი იყო საქართველოს ებრაულ-აშკენაზური წარმომავლობის ტიპიური წარმომადგენელი, იმ ხალხისა, რომელიც წარმოადგენდა თბილისის სამეცნიერო და კულტურული ინტელიგენციის ნაღებს!
აქ იბადება კითხვა, რატომ იყო, რომ დავიდ მარკოვიჩი და მისი გარემოცვა მთელი ცხოვრება მხარს უჭერდა მის ძველ ქართულ კეთილშობილურ გვაროვნულ წარმომავლობას?
ეს იყო ვირტუოზული თავდაცვა – 70-იან წლებში ქართული გენეტიკური წარმომავლობა საბჭოთა კავშირში არათუ უბრალოდ მომგებიანი იყო, ეს გახლდათ ჯავშანჟილეტი, რადგან საბჭოთა ჩინოვნიკები ჩამოდიოდნენ საქართველოში, ტკბებოდნენ ქართული სტუმართმოყვარეობით, სუფრებით და „ჩვენი ამაყი თვითნაბადი კავკასიელით“. წარმოიდგინეთ, რა მოხდებოდა, მე-5 გრაფა რომ ამოსულიყო ზედაპირზე – კავკასიელობა კი მას აძლევდა საზღვარგარეთულ ტურნეებში თამამად მონაწილეობის საშუალებას.
კიპიანი შესანიშნავად ერგებოდა საკუთარ ამპლუას – გარეშეთათვის ის თამაშობდა ქართველის როლს, მაგრამ ვიწრო წრეში იცოდნენ, რომ საქმეების წარმართვის მისეული მანერა, „დინამოს“ ხელმძღვანელობასთან ფილიგრანული ურთიერთობის ნიჭი, ქუჩური ურთიერთობებისგან დიპლომატიური დისტანცირების უნარი – ყოველივე ეს მრავალსაუკუნოვანი სიბრძნის მქონე სულ სხვა ეროვნების გენეტიკას ამჟღავნებდა.
თვითმხილველნი ირწმუნებიან, რომ საზღვარგარეთული ტურნეების დროს დავიდ მარკოვიჩი ყოველთვის პოულობდა დროს პროტოკოლით გაუთვალისწინებელი შეხვედრებისთვის: პარიზში, ვენაში თუ ლონდონში მასთან მცირე დროით მოდიოდნენ ძალიან ინტელიგენტური ადამიანები, ისინი რამდენიმე ფრაზას უცვლიდნენ ერთმანეთს და დავიდ მარკოვიჩი სასტუმროში ბრუნდებოდა ჯოკონდას იმ ამოუცნობი ღიმილით, რომელიც ასერიგად არ უყვარდათ პარტიულ დამსმენებს, რომლებიც გუნდს ახლდნენ ხოლმე.
ამ გაორებამ მასზე ტრაგიკულად იმოქმედა, როდესაც 1982 წელს ლობანოვსკიმ უარი თქვა დამოუკიდებელი აზროვნების ფეხბურთელზე, ისეთი ბიოგრაფიით, როგორშიც სათანადო საბჭოთა ორგანოები ყოველთვის ხედავდნენ წყალქვეშა რიფებს.
კიპიანმა დაამტკიცა, რომ შეიძლება სამყაროსთვის იყო ერთი ეროვნების ხატი და სინამდვილეში წარმოადგენდე სულ სხვა – უძველეს ბრძენ ეროვნებას და ამით საოცარ ხელოვნებას ძერწავდე – მან თავისი საოჯახო საიდუმლო შეინახა ულვაშებში, თავადურ მიმოხვრაში და თბილისური ფეხბურთის ფანტასტიკურ მაგიაში ისე ღრმად, რომ დღესაც კი, მისი ბიოგრაფიის თხრობისას შეგვიძლია მხოლოდ აპლოდისმენტებით დავაჯილდოვოთ კონსპირაციის ეს დიადი მაესტრო!“
აი, ასეთი გახლავთ „იუტუბზე“ ახალი ინფორმაცია დავით ყიფიანის შესახებ. თუ ყოველივე ზემოთქმული მართალია, მაშინ სირცხვილი ჩვენი, რომ ებრაელებთან მრავალსაუკუნოვან ერთობას წიხლი ვკარით და ყიფიანის ებრაელობა დავუმალეთ ქართველ საზოგადოებას.
მაგრამ თუ სინამდვილეში დეზინფორმაციასთან გვაქვს საქმე, მაშინ ახლა ჩვენს ფეხბურთის სპეციალისტებზეა დამოკიდებული: 1. უნდა გაეცეს თუ არა პასუხი ჯერ „იუთუბს“ და მერე პოსტის ავტორებს ყალბისმქნელობისათვის; 2. უნდა განვუმარტოთ თუ არა საქართველოს მიღმა ფართო სპორტულ საზოგადოებრიობას, რეალურად ჰქონდა თუ არა ებრაულ-აშკენაზური ფესვები დავით ყიფიანს და რა ერქვა მამას – დავითი თუ მარკი, ხოლო დედა – ციალა შურღაია იყო თუ ტატიანა ვასილევნა; 3. უნდა აეკრძალოთ თუ არა რუს კომენტატორებს ვიდეობლოგები და კორესპონდენციები ქართულ სპორტსა და ქართველ სპორტსმენებზე!