ჩვენ არავისთან ვართ გაბუტული – მუდმივი მცდელობა იმისა, რომ საქართველო ჩართულიყო საომარ მოქმედებებში, რასაკვირველია, განაპირობებს იმ ძალიან რთულ ურთიერთობებს, რომელიც ჩვენ ჩამოგვიყალიბდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ერთმანეთთან საუბრისთვის არ უნდა მოიცალონ და ხელი არ უნდა ჩამოართვან, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძისა და უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრის კომენტირებისას განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინის ხელისუფლების არაობიექტური დამოკიდებულების მიუხედავად, საქართველოს უკრაინისთვის პოლიტიკური დახმარება არასდროს შეუწყვეტია.
ვოლსკი იმედს იტოვებს, რომ უკრაინასთან ურთიერთობები პოზიტიური იქნება.
„სუსტი შეკითხვაა: „თქვენ რაზე ელაპარაკებით? მაგასთან გაბუტული ხომ ხართ?” – ჩვენ არავისთან ვართ გაბუტული. უკრაინის მთავრობის, ხელისუფლების, პირადად, ზელენსკის აბსოლუტურად არაობიექტური, არაკორექტული შეფასების, დამოკიდებულების მიუხედავად, საქართველოს არასდროს შეუწყვეტია უკრაინისთვის დახმარება – პოლიტიკური დახმარება. სამხედრო დახმარების აღმოჩენა ნიშნავდა ომში ჩართვას, რასაც ისინი ითხოვდნენ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ არ ვილაპარაკოთ. ჩვენ უნდა ველაპარაკოთ ზელენსკისაც და კიდევ ერთხელ შევახსენოთ, რომ არ არსებობს რეზოლუცია, საერთაშორისო ფორმატი, სადაც საქართველო უკრაინის მხარდამჭერად არ გამოსულა. დაითვალეთ, დღემდე რამდენი ათასი უკრაინელი ბავშვი სწავლობს ქართულ სკოლებში თავის უკრაინულ განყოფილებებში, დაითვალეთ, რამდენი ასეული უკრაინელი სტუდენტი სწავლობს საქართველოში და ამის მიხედვით გავაკეთოთ დასკვნები. მე ვფიქრობ, თუკი ეს საკითხი შევახსენეთ ზელენსკის, არ იქნება ურიგო. ნაცვლად იმისა, რომ აქედან ელჩი გაეწვია და საქართველოსთან ამ კონფრონტაციაში შესულიყო, ძალიან ცუდი პროპაგანდა მიმდინარეობს მედიასაშუალებებში. რასაკვირველია, შეიძლებოდა მეტი პოზიტიური ურთიერთობა ყოფილიყო. საქართველო ნაწილობრივ ოკუპირებული ქვეყანაა. ესეც უნდა გაითვალისწინოს. მუდმივი მცდელობა იმისა, რომ საქართველო ჩართულიყო საომარ მოქმედებებში, რასაკვირველია, განაპირობებს იმ ძალიან რთულ ურთიერთობებს, რომელიც ჩვენ ჩამოგვიყალიბდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ერთმანეთთან საუბრისთვის არ უნდა მოიცალონ და ხელი არ უნდა ჩამოართვან. მსოფლიო პოლიტიკა მაგით ხასიათდება – დღევანდელი დღე იცვლება ხვალინდელით, რომელშიც შეიძლება აბსოლუტურად სხვა სტრატეგიული მიზნები და ხედვები ჩამოყალიბდეს. იმედი გვაქვს, რომ უკრაინასთან ურთიერთობები პოზიტიური იქნება,” – განაცხადა ვოლსკიმ.
ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტის ფარგლებში, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრა უკრაინული მხარის ინიციატივით გაიმართა და საუბარი ორი ქვეყნის ურთიერთობებს შეეხო. შეხვედრაში ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები – მაკა ბოჭორიშვილი და ანდრეი სიბიგა მონაწილეობდნენ.




