„გვაქვს წინსვლა კურსკის ოლქში“ – ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები განაგრძობენ წინსვლას კურსკის ოლქში და მიმდინარეობს სტრატეგიული მიზნის მიღწევა. კონკრეტულად რა მიზანი აქვს კიევს, ამ ეტაპზე უცნობია.
„დღეს კარგიდან გვაქვს წინსვლა კურსკის ოლქში, ვაღწევთ ჩვენს სტრატეგიულ მიზანს. საკმაოდ შევავსეთ ჩვენი სახელმწიფოსთვის [ტყვეთა] გაცვლის ფონდი.
ჩავატარე თათბირი მთავრობის წევრებთან, კურსკის ოლქის ტერიტორიაზე ჩვენი სამხედროების მხარდაჭერის საკითხზე. მნიშვნელოვანია, რომ უკრაინა წესების მიხედვით ომობს და იმ ტერიტორიაზე არსებული ჰუმანიტარული მოთხოვნილებები უნდა დაკმაყოფილდეს“, – ციტირებს მას „უკრაინსკა პრავდა“. დეტალებზე ზელენსკის არ უსაუბრია.
ზელენსკიმ დღევანდელ მიმართვაში აგრეთვე მადლობა გადაუხადა უკრაინელ სამხედროებს.
კიევი უკვე ერთ კვირაზე მეტია აწარმოებს ოპერაციას კურსკის ოლქში და აცხადებს, რომ ტყვედ აიყვანა ასობით რუსი სამხედრო და დაიკავა 1000 კვადრატული კილომეტრის ტერიტორია.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.