„გეხვეწებით, გააკეთეთ ყველაფერი“, – თბილისში მოკლული 20 წლის გოგოს და დახმარებას ითხოვს

თბილისში, ნაქირავებ ბინაში ნაპოვნი 20 წლის ფატიმა კერიმოვა, აზერბაიჯანის პატარა ქალაქის სასაფლაოზე, უმცროსმა დამ 30 ივნისს დაკრძალა. მისი ცხედარი, ვარკეთილში, საცხოვრებელ კორპუსში, პოლიციამ 26 ივნისს, საღამოს აღმოაჩინა. გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

დამატებით განმარტებებს არ აკეთებს.

ზულეიხა კერიმოვა ამბობს, რომ მისი და ბიძაშვილმა, 26 წლის კაცმა მოკლა და ვარაუდობს, რომ მან საქართველოდან თურქეთში გაქცევა მოახერხა.

როგორ აღმოჩნდა 20 წლის ფატიმა თბილისში?

აზერბაიჯანის მოქალაქე, ფატიმა უმცროს დასთან, ზულეიხასთან ერთად, ბაქოში ცხოვრობდა. დედა 2020 წელს, სიმსივნით გარდაეცვალათ. 2 წელში მძიმე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა მამაც.

საქართველოში წამოსვლამდე ფატიმა ვეტკლინიკაში, ვეტექიმის თანაშემწედ მუშაობდა. დაახლოებით ორი თვის წინ კი შეყვარებულთან ერთად, საცხოვრებლად თბილისში გადმოსვლა გადაწყვიტა.

„დაქორწინებას აპირებდნენ. ბიჭმა უთხრა, რომ თბილისში სამსახურს იშოვიდა, ფულს დააგროვებდა და შემდეგ იქორწინებდნენ“, – გვიყვება ფატიმას და, ზულეიხა და ამბობს, რომ მალე, შეყვარებულმა მის დაზე ძალადობა დაიწყო:

„სცემდა, სიგარეტს აწვავდა ტანზე, დაუხია დოკუმენტები, მისი ტელეფონი ჩააბარა ლომბარდში და საბოლოოდ გაუჩინარდა. ფატიმა უფულოდ, დოკუმენტების, ტელეფონის გარეშე დარჩა ქუჩაში“.

ზულეიხას თქმით, ქუჩაში დარჩენილ დას ნაცნობი გოგო დაეხმარა, მათ შორის ახლობლებთან დაკავშირებაშიც.

„ჩემმა დამ მოახერხა მამის მხრიდან, ბიძაშვილთან დაკავშირება. სთხოვა, რომ ჩამოსულიყო თბილისში და აზერბაიჯანში დაბრუნებაში დახმარებოდა. თითქოს ჩვენი ბიძაშვილი მართლაც აპირებდა, რომ მისი დოკუმენტები მოეწესრიგებინა და უკან, ბაქოში ჩამოეყვანა, თუმცა, როგორც გაირკვა, ის მის მოსაკლავად ჩამოვიდა“.

გარდაცვლილი 20 წლის გოგოს და გვეუბნება, რომ მათი 26 წლის ბიძაშვილი თბილისში 3 ივნისს ჩამოვიდა:

ზულეიხა და ფატიმა
ზულეიხა და ფატიმა

„ვიდეოზარით ველაპარაკებოდი ხოლმე. თავდაპირველად თითქოს ყველაფერი წესრიგში იყო. მაგრამ ერთ-ერთი საუბრისას ფატიმამ მითხრა, რომ ჩვენი ბიძაშვილი დანით ემუქრებოდა და უნდოდა მისი მოკვლა. გამომიგზავნა ფოტოებიც, სადაც ჩანდა ძალადობის კვალი. თან მაფრთხილებდა, ამის შესახებ არავისთვის მეთქვა. მიუხედავად მუდარისა, არც სახლის მისამართს მაძლევდა, რომ პოლიცია გამომეძახებინა, რადგან იყო შეშინებული და ამბობდა, რომ თუკი ვინმე გაიგებდა, რომ მასზე ძალადობდა ეს ადამიანი, აუცილებლად მოკლავდა, მეუბნებოდა, სიცოცხლე მინდაო“.

ზულეიხას თქმით, ეს ფოტო მისმა დამ, გარდაცვალებამდე რამდენიმე ხნით ადრე გამოუგზავნა და უთხრა, რომ დაზიანებები ბიძაშვილმა მიაყენა
ზულეიხას თქმით, ეს ფოტო მისმა დამ, გარდაცვალებამდე რამდენიმე ხნით ადრე გამოუგზავნა და უთხრა, რომ დაზიანებები ბიძაშვილმა მიაყენა

ზულეიხა კერიმოვა რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ დას 26 ივნისის დილას უკვე ვეღარ დაუკავშირდა:

„მასთან ყოველდღიური კომუნიკაცია მქონდა. იმ დილასაც, როგორც სხვა დღეებში, დავურეკე, მაგრამ ჩემს ზარებს არ უპასუხა, არც გზავნილებს. გული ცუდს მიგრძნობდა და ბიძაშვილთან დავრეკე. მიპასუხა, სახლში არ ვარ, მაგრამ სახლიდან რომ გამოვდიოდი, ეძინაო. ვთხოვე, დაბრუნებულიყო სახლში და გაეღვიძებინა. თუმცა აღარ გამოჩნდა. მთელი დღე ვეძებე იმ სახლის მისამართი, სადაც ჩემი და ცხოვრობდა. უკვე საღამოსკენ მოვძებნე ჩემი დის ნაცნობები, თბილისში და მათ მომცეს მისამართი, დავრეკეთ პოლიციაში. პოლიციამ ჩემი და სახლში, გარდაცვლილი იპოვა. პირველადი ინფორმაციით, ის გაგუდეს“.

რას ითხოვს ზულეიხა?

„ძალიან გთხოვთ, გააკეთეთ ყველაფერი, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ, დამეხმარეთ… მედია წერს 21 წლის იყოო. ჩემს დას 21 წელი დეკემბრის ბოლოს შეუსრულდებოდა“, – გვეუბნება ის.

19 წლის ზულეიხა წუხს, რომ მისი დის მკვლელობის საქმის გამოძიების დეტალების შესახებ ინფორმაციას დისტანციურად ვერ იღებს, რადგან საგამოძიებო უწყება მას თბილისში ჩამოსვლას სთხოვს:

„გამომძიებელთან მაქვს კომუნიკაცია, მეუბნებიან, რომ ეს ადამიანი თურქეთში გაიქცა. მეუბნებიან, რომ ტელეფონით ბევრის თქმა არ შეუძლიათ და უნდა ჩამოვიდე თბილისში. მე ვერ ჩამოვალ თბილისში, არც თანხა მაქვს, არც დასარჩენი“.

ზულეიხამ მიმართა აზერბაიჯანის სამართალდამცავ უწყებებსაც და მათ საქმის გამოძიებაში ჩართვა მოსთხოვა, თუმცა უშედეგოდ:

„უკვე ხუთი განცხადება დავწერე, მაგრამ მხოლოდ იმას მეუბნებიან, რომ რაკი შემთხვევა თბილისში მოხდა, მათ არაფრის გაკეთება არ შეუძლიათ. ვითხოვ, რომ საქართველოსთან ერთად, ერთობლივად ჩაერთონ ჩემი დის მკვლელობის საქმის გამოძიების პროცესში“.

ზულეიხა კერიმოვა ითხოვს იმ ახალგაზრდა კაცის, შეყვარებულის დაპატიმრებასაც, რომელმაც მისი და საქართველოში ჩამოიყვანა:

„ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მკვლელთან ერთად დააკავონ ის ადამიანიც, ვინც ჩემი დის შეყვარებულად ასაღებდა თავს. სწორედ მან დაუხია ჩემს დას საბუთები. ეს საბუთები რომ ჰქონოდა, ჩემი და აზერბაიჯანში დაბრუნებას შეძლებდა. ძალადობდა ჩემს დაზე, სცემდა, სიგარეტს აწვავდა. ამ ამბავში პირველი დამნაშავე სწორედ ეს ბიჭია და შემდეგ უკვე მკვლელი, ბიძაშვილი“, – ამბობს ზულეიხა კერიმოვა.

მისცემს საქართველოს პროკურატურა ფატიმას დას დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსს?

ფატიმა კერიმოვას დისთვის დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსის მინიჭებას სთხოვს პროკურატურას არასამთავრობო ორგანიზაცია „საფარი“. ამ მოთხოვნით გენერალურ პროკურატურას მათ პირველ ივლისს მიმართეს.

ეკა მუზაშვილი, „საფარის“ დირექტორის მოადგილე, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ ორგანიზაციამ მიმართა სახალხო დამცველის ოფისსაც:

„ჩვენ პროკურატურას მივმართეთ, როგორც ზულეიხა კერომოვას წარმომადგენლებმა. უახლოეს დღეებში ველოდებით მათგან პასუხს. ასევე, კოორდინაციაში ვართ სახალხო დამცველთანაც, რომელიც იმუშავებს ამ საქმეზე.

მიუხედავად იმისა, დას ჩართავენ თუ არა ამ საქმეში, როგორც დაზარალებულის უფლებამონაცვლეს, სახალხო დამცველს ექნება შესაძლებლობა, რომ გარკვეული წვდომა ჰქონდეს გამოძიებაზე, მათ შორის, საქმის მასალებზეც და ამიტომ მათი ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია“.

როგორც ეკა მუზაშვილი გვეუბნება, მიზეზი, რის გამოც, შესაძლოა, გამოძიებამ უარი თქვას ზულეიხა კერიმოვასთვის დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსის მინიჭებაზე (რაც იმას ნიშნავს, რომ მას და მისი ინტერესების დამცველებს ვერ ექნებათ საქმის მასალებზე წვდომა), ეს არის ახალგაზრდა ქალის საქართველოს ფარგლებს გარეთ ყოფნა. თუმცა, „საფარის“ დირექტორის მოადგილე ამგვარ ალბათობას ხელოვნურად შექმნილ ბარიერს უწოდებს:

„ერთადერთი, რასაც შეიძლება პროკურატურა ჩაეჭიდოს, არის ის, რომ ეს გოგო არ იმყოფება საქართველოში, მაგრამ ჩვენ გვქონია გამოცდილება, როდესაც დისტანციურად ვაწარმოებდით კომუნიკაციას საგამოძიებო ორგანოსა და იმ დაზარალებულებს შორის, რომლებიც საზღვარგარეთ იმყოფებოდნენ და არანაირი პრობლემა არ შეგვქმნია. ვფიქრობთ, რომ ამასაც ანალოგიურად შევძლებთ, მთავარია, რომ პროკურატურამ არ შექმნას ხელოვნური ბარიერები“.

ე.წ. ღირსების აღდგენის სახელით ჩადენილი დანაშაული?

ამ კითხვაზე ზუსტი პასუხის გაცემა, სანამ საქმის მასალებს არ გაეცნობიან, უჭირს ეკა მუზაშვილს. მისი თქმით, პასუხი კითხვას, რომ ფატიმა კერიმოვას სიკვდილი, შესაძლოა, უკავშირდებოდეს სწორედ ე.წ. ღირსების აღდგენის სახელით ჩადენილ მკვლელობას, საქმის მასალებში უნდა იყოს.

თუკი საქმე ე.წ. ღირსების აღდგენის სახელით ჩადენილ დანაშაულს ეხება, ეს არ იქნება პირველი დანაშაული, რომელსაც საქართველოს პროკურატურა, სწორედ ამ საფუძვლით გამოიძიებს.

ვრცლად