რა მოხდა 12 წლის წინ მლეთაში – გაუჩინარებული ბიჭის დედა ერთადერთი შვილის ნეშტის პოვნას ითხოვს (ვიდეო)

ქალი, რომელმაც ერთადერთი შვილი გაურკვეველ ვითარებაში დაკარგა, გამოძიებას დახმარებას სთხოვს. სოფიო ბიბილაშვილი ითხოვს, სამართალდამცველებმა 12 წლის შემდეგ მაინც შეძლონ მისი შვილის ცხედრის პოვნა, რათა დედამ შვილის საფლავზე დატირება შეძლოს.

შვილდაკარგული დედა უკვე 12 წელია პასუხს ეძებს კითხვაზე – რა დაემართა მის ერთადერთ, 17 წლის ვაჟს, რომელიც ლომისობის დღესასწაულზე მეგობრებთან ერთად იყო წასული. ქალი დახმარებას სწორედ იმ გამომძიებელს სთხოვს, რომელიც საქმეს უკვე 12 წელია იძიებს. მისი თქმით, ოჯახს დღემდე არ აცნობენ არც გამოძიების მიმდინარეობას და არც იმ ვერსიებს, რომლებზეც სამართალდამცველები მუშაობენ.

დუშეთის პოლიციის სამმართველოში მისულ სასოწარკვეთილ დედას, მისი თქმით, პოლიციის თანამშრომლებმა შენობაში შესვლის საშუალება არ მისცეს, ხოლო საქმის გამომძიებელმა სატელეფონო ზარებს აღარ უპასუხა.

გურამ დადიანიძის დედა შვილის კვალს უკვე 12 წელია ყველგან ეძებს. ყოველ წელს, ლომისობის დღესასწაულზე, იგი ტაძრისკენ მიმავალ გზას გადის და შვილის სახელს ხმამაღლა უხმობს. დღესაც სოფიო ბიბილაშვილი იმ ბილიკს მიუყვება, სადაც 12 წლის წინ 17 წლის გურამ დადიანიძის კვალი დაიკარგა.

გურამ დადიანიძე ლომისის ტაძარში ექვს მეგობართან და ერთ-ერთი მათგანის მამასთან ერთად იყო ასული. გამოძიების მასალების მიხედვით, ღამის დაახლოებით 3 საათზე, უკან დაბრუნებისას, მისი მეგობრები აცხადებდნენ, რომ გურამი გზად ქვაზე ჩამოჯდა, თავად კი სვლა განაგრძეს. ქვემო მლეთაში ჩასვლის შემდეგ კი აღმოაჩინეს, რომ 17 წლის ბიჭი მათთან აღარ იყო და მისი კვალი მას შემდეგ აღარ გამოჩენილა.

<p data-end=”1616″ data-is-last-node=”” data-is-only-node=”” data-start=”1244″>