ბალტიისპირეთის ქვეყნებმა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს აუკრძალეს თავიანთი საჰაერო სივრცის გამოყენება 9 მაისს რუსეთში გასამგზავრებლად.სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ თავად განაცხადა, რომ ლატვიამ და ლიეტუვამ მას მომავალ თვეში მოსკოვში დაგეგმილი ვიზიტისთვის საჰაერო სივრცის გამოყენებაზე უარი უთხრეს. ესტონეთოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცაჰკნამ დაადასტურა, რომ ესტონეთიც ანალოგიურად მოიქცევა.„ფიცო კვლავ ვერ მიიღებს ნებართვას ესტონეთის საჰაერო სივრცის გამოსაყენებლად მოსკოვში 9 მაისის აღლუმზე გასამგზავრებლად — ღონისძიებაზე, რომელიც აგრესორის განდიდებას ემსახურება. ჩვენ გასულ წელსაც ვთქვით უარი და იგივე პრინციპი მოქმედებს ახლაც“, — განაცხადა მარგუს ცაჰკნამ.საპასუხოდ ფიცომ განაცხადა, რომ აუცილებლად იპოვის სხვა მარშრუტს, ისევე როგორც გასულ წელს, როდესაც ესტონეთმა გზა გადაუკეტა.ესტონეთი, ევროკავშირისა და ნატოს სხვა ქვეყნები ოფიციალური ვიზიტებისას დაშვებისა და ფრენის ნებართვებისთვის ერთიან პროცედურას მიჰყვებიან. თუმცა, საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტებით, ეს წესი არ ვრცელდება იმ შემთხვევებზე, როდესაც ესტონეთის საჰაერო სივრცეს რუსეთში გამგზავრებისთვის იყენებენ.რუსეთი მეორე მსოფლიო ომის დასრულებას 9 მაისს ყოველწლიური სამხედრო აღლუმით აღნიშნავს. წელს მოსკოვში 81-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ცერემონიას უცხოელი ლიდერებიც დაესწრებიან.2022 წელს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ევროპისა და ნატოს ლიდერების უმრავლესობა ამ ღონისძიებას ბოიკოტს უცხადებს, თუმცა სლოვაკეთი არაერთხელ გამოვიდა კიევის მხარდაჭერისკენ მიმართული ევროკავშირის მცდელობების წინააღმდეგ.



