ბაია კვიციანი შვედეთში საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ბაია კვიციანი, შვედეთის სამეფოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, შვედეთის პარლამენტის საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს გუდრუნ ბრუნეგარდს და ჯგუფის წევრებს: სუზან ნორდსტრომსა და ჰანა გუნარსონს შეხვდა. შეხვედრის მიზანი ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო ურთიერთობების მნიშვნელობის ხაზგასმა და სამომავლო ურთიერთობების განსაზღვრა იყო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
ბაია კვიციანმა შვედურ მხარეს საერთაშორისო დონეზე საქართველოს მიმართ გამოხატული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს.
საქართველოს მხარემ იმედი გამოთქვა, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნები ევროკომისიის რეკომენდაციას გაიზიარებენ და მიმდინარე წლის დეკემბერში, ევროპული საბჭო საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილებას მიიღებს.
მხარეებმა, ასევე განიხილეს მომავალ წელს შვედეთის პარლამენტის მეგობრობის ჯგუფის საქართველოში ვიზიტის საკითხი.
შეხვედრას შვედეთის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ირაკლი ხუცურაული და საელჩოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ