საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ბულგარეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრებს შეხვდა

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, ბულგარეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეებთან ეკატერინა ზახარიევასთან და დანიელ ლორერთან სამუშაო შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
ბულგარეთის პარლამენტის წევრებმა საქართველოს ევროპული მისწრაფების მიმართ მხარდაჭერა დაადასტურეს. მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე, ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებაზე, საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის და კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე.
აღინიშნა, რომ შავი ზღვის რეგიონში წარმატებული თანამშრომლობა მნიშვნელოვან როლს ითამაშებს საერთო ევროპული უსაფრთხოებისა და ეკონომიკური განვითარების კუთხით. აღნიშნულ კონტექსტში, ხაზი გაესვა საქართველოსა და ბულგარეთს შორის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობას.
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ბულგარეთში ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მაკა ბოჭორიშვილის, კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ლევან ქარუმიძის და კომიტეტის წევრის, სალომე ქურასბედიანის შემადგენლობით იმყოფებოდა.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – რა თქმა უნდა, ჩვენ რომ მზად ვიყოთ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, უკვე წევრი ვიქნებოდით – აქ გადამწყვეტია, არა როდის დაიწყება რაღაც პროცესი, არამედ როდის დასრულდება