ბადრი ჯაფარიძე: ცხადია, რაც თქვა ქალბატონმა კაკაბაძემ, ეს წამოწყებულია “ქართული ოცნების” მიერ, რომ ძირითადი პოლიტიკური პარტიები გაიყვანოს პოლიტიკური ველიდან

ბადრი ჯაფარიძე:
ცხადია, რაც თქვა ქალბატონმა კაკაბაძემ, ეს წამოწყებულია “ქართული ოცნების” მიერ, რომ ძირითადი პოლიტიკური პარტიები, რომლებმაც 2024 წელს მიიღეს მნიშვნელოვანი მხარდაჭერა, ეს პარტიები გაიყვანოს პოლიტიკური ველიდან, პოლიტიკოსები დააკავოს, მოხდეს პოლიტიკოსების და პოლიტიკური პარტიების კრიმინალიზაცია. ეს იყო იმ “ინიციატივის” უკან, რომელიც ჩვენ ვნახეთ 2025 წლის ნოემბერში, როდესაც დაიწყო ეს წარმოუდგენელი, სრულიად აბსურდული, უსაფუძვლო, უპრეცედენტო დევნა და სასამართლო პროცესი.
რაც შეეხება პოლიტიკურ პარტიებს, რა თქმა უნდა, “ქართული ოცნების” მიზანია, რომ მისი ძირითადი კონკურენტები მოიშოროს და გაისუფთავოს პოლიტიკური ველი. ეს არის ძალიან მცდარი და მათივე დასასრულისკენ გადადგმული ნაბიჯი იმიტომ, რომ ასეთი გზით მოპოვებული ხელისუფლება მსოფლიოში არავის შერჩენია.
როდესაც შენ ანადგურებ პოლიტიკურ ოპონენტებს და ამით ინარჩუნებ ხელისუფლებას, ასეთი ხელისუფლება არავის შერჩენია და ძალიან დიდ ფასს იხდის ყველა საბოლოო ჯამში.
ცხადია, შეიძლება გამოიყენო პროკურატურა, სასამართლო იმისათვის, რომ პოლიტიკური ოპონენტების კრიმინალიზაცია მოახდინო, ციხეებში გამოამწყვდიო, გაანადგურო პოლიტიკური პარტიები, მაგრამ ეს ყველაფერი დროებითია. ისტორიაში ასეთი ძალისმიერი მეთოდებით ხელისუფლების შენარჩუნება არასდროს არავის მოუხერხებია და ვერც ახლა მოახერხებს “ქართული ოცნება”.
ის, რასაც ქალბატონი საუბრობდა საერთოდ კომენტარს არ იმსახურებს. მაშინაც, 90-იანი წლების დასაწყისში, 1991-1992 წლებში “მრგვალი მაგიდა-თავისუფალმა საქართველომ” შეძლო დამოუკიდებლობის აქტის მიღება. ზვიად გამსახურდიამ შეძლო, რომ მისი ლიდერობით მომხდარიყო ქვეყნის გათავისუფლება, ამას დაუპირისპირდნენ, რა თქმა უნდა, რუსეთის მიერ მართული ძალები და მოხდა სახელმწიფო გადატრიალება. ვინც ამ პროცესში მონაწილეობდა, მათ სინანულის გრძნობა უნდა ჰქონდეთ და უნდა მოინანიონ ის საქციელი. ჩვენ ვხედავთ, რომ პირიქით, ისინი აგრძელებენ ქვეყნის წინააღმდეგ ბრძოლას.
ის, რასაც ახლა “ქართული ოცნება” ცდილობს, მსოფლიო ისტორიაში არაერთხელ უცდიათ სხვებს და ყოველთვის დასრულდა კრახით, ამიტომ, ეს მცდელობა არის სრულიად ფუჭი, ქართველი ხალხის ნებას ვერავინ აღუდგება წინ!