ნინო დოლიძე – არ მოგვისმენია „ოცნების“ დეპუტატების ბილწსიტყვაობა?! ახლა არ იყო პარლამენტში ძალადობის ფაქტი?!

„ქართული ოცნების“ მიზანია დაშინება და თვითცენზურა – ჩვენ არ გვინახავს „ქართული ოცნების“ დეპუტატების ბილწსიტყვაობა?! ახლა არ იყო პარლამენტში ძალადობის ფაქტი?! ისინი ამას არ ებრძვიან. ერთადერთი, ქვეყანაში არ უნდა ისმოდეს „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ კრიტიკა. სხვა ყველაფერი მათი მხრიდან დასაშვებია, – ასე აფასებს „სამართლიანი არჩევნების“ ყოფილი ხელმძღვანელი, ნინო დოლიძე „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ ჟურნალისტ ვახო სანაიასთვის 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდებას.

როგორც ნინო დოლიძემ აღნიშნა, სიძულვილის ენას აბსოლუტურად სხვა განმარტება აქვს, რაც „ქართულმა ოცნებამ“ გადმოთარგმნა და ყველა შეურაცხყოფას თუ კრიტიკას სიძულვილის ენას ეძახის.

„ვახო სანაია იბრძვის გამოხატვის თავისუფლების დასაცავად. ვერანაირი გამართლება ვერ მოეძებნება სასამართლოს გადაწყვეტილებას. ეს ეწინააღმდეგება როგორც სასამართლოს კონსტიტუციას და გამოხატვის თავისუფლებას, ასევე ყველანაირ დემოკრატიულ საერთაშორისო სტანდარტს.

რამდენიმე მიზეზი შეიძლება ჰქონდეს სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას:

პირველი: „ქართული ოცნება“ ცდილობს რეპრესიული კანონმდებლობის მიღებას, რომელიც მიმართულია იქით, რომ ქვეყანაში აღარ იყოს პროტესტი, არ ისმოდეს განსხვავებული აზრი.

მეორე: მათი მიზანია დაშინება და თვითცენზურა. რა თქმა უნდა, ვხედავთ, რომ მათი ასეთი ნაბიჯი წარუმატებელია… აჯარიმებენ, აკავებენ ადამიანებს, თუმცა ვეღარ აგრძელებენ ამ ყველაფერს. ეს არის ავტორიტარული ქმედება, ამას საერთო არ აქვს სამართალთან. თავიდანვე აბსურდი იყო ეს ჯარიმებიც. ზოგადად, წარმოუდგენელია „ფეისბუქ“ პოსტების, გამოხატვის თავისუფლების და კრიტიკის დევნა.

სიძულვილის ენას აბსოლუტურად სხვა განმარტება აქვს და „ქართულმა ოცნებამ“ ეს გადმოთარგმნა, ყველა შეურაცხყოფას თუ კრიტიკას ისინი უკვე სიძულვილის ენას ეძახიან. თითქოს, ამას ებრძვიან. აბსურდი იყო სანაიას ჯარიმის ნაწილი და საერთოდ პატიმრობა. სამწუხაროდ, ბილწსიტყვაობა საქართველოში არავის გაუკვირდება. ბევრგან მოგვისმენია ეს ყველაფერი. „ქართული ოცნება“ რომ სიძულვილს და ძალადობას არ ებრძვის, ეს ძალიან თვალსაჩინოა. რასაც თავად აკეთებენ ბოლო წლებია, პირიქით სიძულვილის ენის და ძალადობის წახალისებაა. ეს შერჩევითია კრიტიკოსთა დასჯისთვის. ჩვენ არ გვინახავს „ქართული ოცნების“ დეპუტატების ბილწსიტყვაობა?! ახლა არ იყო პარლამენტში ძალადობის ფაქტი?! ისინი ამას არ ებრძვიან. ერთადერთი ამ ქვეყანაში არ უნდა ისმოდეს „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ კრიტიკა. სხვა ყველაფერი მათი მხრიდან დასაშვებია“, – აღნიშნა დოლიძემ.

გარდა ამისა, ნინო დოლიძე იუმორისტ ონისე ოქრიაშვილზე თავდასხმასაც გამოეხმაურა. როგორც ნინო დოლიძემ განმარტა, ის იზიარებს ონისე ოქრიაშვილის განცხადებას, რომ „ქართული ოცნების“ მხრიდან იყო წახალისებული ის, რაც მასთან დაკავშირებით მოხდა და ქართული საზოგადოება არ არის ასეთი „მოძალადე და ერთმანეთის მოძულე“.

„ქართული ოცნება“ წლების განმავლობაში ცდილობს სიძულვილის ენის გამოყენებას, ხიდჩატეხილობას და პოლარიზაციას. საინფორმაციო ოპერაციების გამოყენებით მუდმივად ცდილობენ ზიზღის ენის დათესვას. „ქართული ოცნება“ ამ სიძულვილით ცდილობს საზოგადოების დახლეჩას, რომ შემდეგ მართვა გაუმარტივდეთ. ცდილობენ დაგვაპირისპირონ, შემოიტანონ თემები, რომელიც გამყოფია, შექმნან „მტრის ხატი“ და ამის ირგვლივ გვაჩხუბონ, რათა ეს ყველაფერი სათავისოდ გამოიყენონ. მგონია, რომ ეს ყველაფერი ხელოვნურად გაზრდილია და არ ვფიქრობ, რომ რეალურად ქართული საზოგადოება ასეთი მოძალადე იყოს ან ერთმანეთის მოძულე. სწორედ ამიტომ, მეც ისე ვფიქრობ, როგორც ონისეს ჰგონია, რომ წახალისებულია „ქართული ოცნების“ მხრიდან, რაც მასთან დაკავშირებით მოხდა. არ მგონია რიგითი მოქალაქე, რომელიც შეწუხდა: „ვაიმე, ონისემ რა თქვა“ და ამის გამო მას ფიზიკურად გაუსწორდა “,- განაცხადა ნინო დოლიძემ.

გარდა აღნიშნული თემებისა, ნინო დოლიძემ ის ფაქტიც შეაფასა, რომ ე.წ საბოტაჟის საქმის განხილვა გარკვეული პერიოდით შეჩერდა და შემოდგომიდან განახლდება. ნინო დოლიძე იზიარებს იმ მოსაზრებას, რომ ე.წ საბოტაჟის საქმის განხილვის განახლება შესაძლოა საერთაშორისო წნეხის შედეგიც იყოს.

„არ მგონია, რომ ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ გაკეთილშობილდა. ჩემი აზრით, კარგად გრძნობენ იზოლაციას, წარმოუდგენელია ასეთი ტიპის ავტორიტარულმა რეჟიმმა დიდხანს გაძლოს, თუ რაიმე კავშირი არ ექნებათ. მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნება“ იძახის, რომ რეზოლუციებს ჩალის ფასი აქვს და არ აინტერესებს, კარგად იციან, რომ მნიშვნელოვანია. შემდეგი არჩევნები როდესაც არ უნდა იყოს, თუ ის ჩატარდება იგივე პირობებით და გაყალბებით, მას არ ექნება აღიარება“,- აღნიშნა დოლიძემ.

ამასთან, ნინო დოლიძე რიგი პოლიტიკოსის მოსაზრებასაც გამოეხმაურა იმის თაობაზე, რომ არსებული პრობლემების მიუხედავად, პარტიებმა „ქართულ ოცნებასთან“ დიალოგი უნდა გახსნას იმის თაობაზე, თუ რა წესებით ჩატარდეს მომავალი არჩევნები.

„ხელისუფლების შეცვლის ორი გზა არსებობს: არჩევნები და რევოლუციური გზები. მე, როგორც საარჩევნო სპეციალისტი, არჩევნებზე ვისაუბრებ. დღეს, საქართველოში არ არის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებისთვის გარემო. ვხედავთ პოლიტიკური პარტიების დევნას, პოლიტიკოსები ციხეში არიან, სხვები კი დაპატიმრებას ელოდებიან, სამოქალაქო საზოგადოება ვეღარ ოპერირებს, მედია უმძიმეს მდგომარეობაშია. დღეს არ არსებობს ქვეყანაში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების გარემო. ცხადია, უნდა მოვითხოვოთ ამ პირობების გაუმჯობესება. უნდა მოვითხოვოთ ეს დიალოგის გზით თუ არსებული დოკუმენტის გათვალისწინებით. ეს ყველაფერი პოლიტიკური საკითხია. როგორც საარჩევნო სპეციალისტი, მივიჩნევ, რომ უნდა მოვითხოვოთ. შეიძლება ეს იყოს ხალხის ზეწოლის შედეგად, მაგალითად, როდესაც ქუჩაში ხალხი ითხოვს საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას. ჩემი აზრით, ძალიან ნორმალურია, პოლიტიკოსებს ასეთი მოთხოვნა ჰქონდეთ. შეიცვლება თუ არ შეიცვლება, ეს მეორეა საკითხია, არ ვიცი ეს როგორ იქნება, მაგრამ უნდა მოვითხოვოთ. თუ სიტუაცია მაინც ძალიან მძიმე იქნება, შემდეგ პოლიტიკური გადაწყვეტილებაა არადემოკრატიულ, ავტორიტარულ სახელმწიფოში მაინც იბრძვი, თუ არ იბრძვი. ჩემთვის, მნიშვნელოვანი იქნება შეჯერება მოხდეს ყველა აქტორს შორის, პოლიტიკური პარტიები კი არ გაიყონ, არამედ ერთად იყვნენ. ასევე მნიშვნელოვანია საზოგადოებას მოუსმინონ ამ გადაწყვეტილების მიღების დროს. საბოლოოდ, ამომრჩევლის სურვილს უნდა დავყვეთ“,- აღნიშნა ნინო დოლიძემ.