აშშ-მ ლიტვაში ახალი როტაციული სამხედრო კონტინგენტის გაგზავნა დაადასტურა, რითაც დასრულდა რამდენიმეთვიანი გაურკვევლობა იმის შესახებ, ჩაანაცვლებდა თუ არა ვაშინგტონი ზაფხულში ქვეყნიდან გაყვანილ ამერიკელ სამხედროებს.
“ახლახან მივიღე დასტური, რომ ამერიკელი სამხედროების ახალი როტაცია უკვე ლიტვისკენ მიემართება.” – დაწერა ქვეყნის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ.
ნაუსედას თქმით, აშშ-ს სამხედრო წარმომადგენლობა მნიშვნელოვანია ლიტვისა და მთლიანად რეგიონის უსაფრთხოებისთვის და ქვეყნის შეკავებისა და კოლექტიური თავდაცვის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს.
ახალი კონტინგენტის რაოდენობა არ დასახელებულა. 2019 წლიდან აშშ ლიტვაში, როგორც წესი, დაახლოებით 1 000 სამხედროსგან შემდგარ ჯავშანსატანკო ბატალიონს როტაციულ საფუძველზე გზავნიდა.
ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა კესტუტის ბუდრისმა განაცხადა, რომ ამერიკული სამხედრო წარმომადგენლობა კვლავ “დიდ რაოდენობას” უბრუნდება, თუმცა, დეტალები არც მას არ დაუკონკრეტებია.
პარალელურად, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცაჰკნამ განაცხადა, რომ აშშ მის ქვეყანაშიც შეინარჩუნებს სამხედრო წარმომადგენლობას. მისი თქმით, ეს NATO-ს ერთიანობის ძლიერი სიგნალი და ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგზე შეკავებისა და თავდაცვის მნიშვნელოვანი ელემენტია.