ჩააგე მახვილი
ერთმა ახალგაზრდამ შექმნა რაღაც სახალხო მოძრაობა „სიწმინდეების დასაცავად“ და განაცხადა, რომ მზად არის ჩვენი სარწმუნოების გამო ციხეში წავიდეს და, საჭიროების შემთხვევაში, მოკვდეს კიდეც.
აქ რამდენიმე მნიშვნელოვანი კითხვა ჩნდება: რომელია მისთვის ეს ჩვენი სარწმუნოება? საქართველოს მოქალაქეები არიან მართლმადიდებლები, კათოლიკეები, მუსლიმები, იუდეველები და სხვა რელიგიური მრწამსის ადამიანები. საინტერესოა, რომელ მათგანს იცავს და რატომ ხდება საზოგადოების რელიგიური ნიშნით დაყოფა?
მით უმეტეს, ზემოთ ჩამოთვლილ რელიგიებს ერთმანეთისგან განსხვავებული და ზოგ შემთხვევაში ურთიერთგამომრიცხავი წარმოდგენები აქვთ სიწმინდესა და ზნეობრივ ნორმებზე. ის, რაც ერთი რელიგიის მიმდევრისთვის წმინდაა, მეორისთვის შესაძლოა მიუღებელი იყოს. მაგალითად, ქორწინებასთან დაკავშირებული შეხედულებებიც კი განსხვავებულია.
ამიტომ ჩნდება მთავარი კითხვა: რომელი სიწმინდეებია მისთვის მისაღები? რომელს იცავს და, მეორე მხრივ, რომლის წინააღმდეგ ბრძოლას ან დევნას აპირებს?
თუ ეს ადამიანი საკუთარ სარწმუნოებად მართლმადიდებლობას მიიჩნევს, მაშინ ისიც უნდა იცოდეს, რომ ქრისტემ უარი თქვა ფიზიკურ დაცვაზე როცა პეტრემ ქრისტეს დასაცავად მახვილი აღმართა. ქრისტემ მას უთხრა: „ჩააგე მახვილი მის ადგილას“ და იქვე მიუთითა, რომ შეეძლო მამისთვის ეთხოვა და მას ანგელოზთა თორმეტზე მეტი ლეგიონი გამოეგზავნა.
მაშასადამე, მართლმადიდებლობის დაცვა პირველ რიგში ხდება სიტყვით, ქრისტეს სწავლებით, ცოდნით, ზნეობრივი ცხოვრებითა და მაგალითით — და არა კუნთებითა და ძალადობით. ამისთვის კი, სულ მცირე, გარკვეული თეოლოგიური განათლებაა საჭირო. ამიტომ საინტერესო იქნებოდა, თავად ამ ახალგაზრდას განეცხადებინა: რა თეოლოგიური განათლება აქვს და რამდენად იცნობს იმ სარწმუნოებას, რომლის დაცვასაც ასე ხმამაღლა გვპირდება?
და ბოლოს: სარწმუნოების გამო ციხეში ან სიკვდილზე წასვლა მაშინ ხდება, როდესაც რელიგია ფიზიკურად იდევნება. ასეთი მდგომარეობა, ჯერჯერობით, საქართველოში არ გვაქვს —თუმცა არქიმანდრიტების დევნა ფიქსირდება, როგორც ეკლესიის ასევ მთავრობის მხრიდან და ნეტა მათ დაცვას ხომ არ აპირებს?
ამ ყველაფრიდან კი ერთი დასკვნა გამომაქვს: ამ ახალგაზრდამ თითქოს რელიგიური ომი დაგვიანონსა. ოღონდ ერთი რამ ვერ გავიგე — ჯიჰადი გამოაცხადა თუ ჯვაროსნული ომი?”




