MMA-ის მებრძოლის, გიორგი ქართველიშვილის მიერ ახალი მოძრაობის დაფუძნებას, რომელიც ტრადიციებისა და რელიგიის დაცვის სახელით იმოქმედებს, იურისტების კრიტიკა მოჰყვა. მათი შეფასებით, მსგავსი არაფორმალური გაერთიანების შექმნის საჯარო დაანონსება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხს აჩენს და სამართლებრივი შეფასების საგანი უნდა გახდეს.
იურისტი მიშა ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ განცხადებაში რამდენიმე შესაძლო დანაშაულის ნიშნები იკვეთება და საგამოძიებო უწყებებმა რეაგირება დაუყოვნებლივ უნდა დაიწყონ.
ახლა, უკვე ამ წუთას უნდა იკითხებოდეს ეს ადამიანი საგამოძიებო ორგანოებში და მეტი ალბათობით უნდა დარჩეს საგამოძიებო ორგანოებში დიდი ხნით, იმიტომ, რომ სისხლის სამართლის ორი მხული გამოიკვეთა: ერთი, რაც აშკარაა, ეს არის მუქარა, მეორე უკვე სერიოზული მუხლია, რომელიც 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს, ეს არის უკანონო ფორმირების შექმნა. რაც არ უნდა კეთილშობილური იყოს მიზანი, არ შეიძლება, კეთილშობილური მიზნებისთისაც კი რაღაც უკანონო ფორმირებების შექმნა და უნივერსიტეტებში, როცა იურიდიულ ფაკულტეტზე ამას ასწავლიან, მოჰყავთ ძალიან კარგი მაგალითი, ეს არის მხედრიონი, რომელიც თავის დროზე შეიქმნა კეთილშობილური მიზნებით და ბოლოს გვახსოვს როგორც დამთავრდა. მათ არავინ ეკითხებათ საერთოდ, რა არის სწორი და არასწორი. მათ არანაირი კვალიფიკაცია, გამოჩნდა კიდეს პრესკონფერენციის დროს და მის შემდეგ, რომ მაინც და მაინც არ არის ეს ის ხალხი, რომლებსაც ტრადიციების დაცვა შეუძლიათ, იმიტომ, რომ წარმოდგენა არ აქვთ, ზოგადად, ქართულ ტრადიციებზე, – ამბობს მიშა ზაქარეიშვილი.
იურისტი გურამ იმნაძე კი ამბობს, რომ მსგავსი მიზნებით არაფორმალური ჯგუფის ორგანიზება უკვე სამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველია და ეს ქვეყანაში კანონის უზენაესობის პრობლემაზე მიუთითებს.
მსგავსი მიზნით დაორგანიზება და მასში წევრობა უკვე განეკუთვნება სამართლებრივ დანაშაულს. ჩვენ დიდი ხანია, ვიმყოფებით ისეთ რეალობაში, როდესაც საზოგადოებრივი-პოლიტიკური პროცესები არ მიმდინარეობს ჩარჩოში კანონმდებლობის ლოგიკით და ეს მსგავსი ინიციატივაც რაკი ჩნდება და რაკი ეს ადამიანები აძლევენ საკუთარ თავს ამის უფლებას, მსგავსი მიზნებით გამოვიდნენ, ამის კიდევ ერტი დასტურია და მათ აქვთ აბსოლუტური მოლოდინი, რწმენა იმისა, რომ თუნდაც ღიად გააზრება იმისა, რომ ფარგლებიდან გადიან, ამის მიუხედავად მაინც აანონსებენ მსგავს ინიციატივას, – ამბობს გურამ იმნაძე.
ადვოკატ ომარ ფურჩელაძის თქმით კი იდეოლოგიური ნიშნით ადამიანების დევნის მიზნის მქონე ორგანიზაციის შექმნა ხელისუფლებასთან დაახლოებული პირის ან პირთა ჯგუფის მიერ არის არამხოლოდ მძიმე სამართლებრივი, არამედ, პოლიტიკური განაცხადიც.
MMA-ს მებრძოლმა გიორგი ქართველიშვილმა, რამდენიმე თანამოაზრესთან ერთად, [მათი ვინაობა არ დაუსახელებია] ახალი მოძრაობა დააფუძნა. ამის შესახებ მან საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მებრძოლი აანონსებს, რომ ტრადიციების, ღირებულებებისა და რელიგიის დაცვის საბაბით, ციხეში ჩაჯდომასაც არ მოერიდება.
ჟურნალისტთა ფედერაციის ოფისში გამართულ ბრიფინგის შემდეგ “პირველები” ასევე დაინტერესდა რა იცის მებრძოლმა საქართველოს ისტორიიდან, თუმცა MMA-ს მებრძოლმა ამბროსი ხელაიაზე, კრწანისის და შამქორის ბრძოლებზე დასმულ კითხვებს არ უპასუხა.




