ანა ნაცვლიშვილი – „ქართული ოცნება“ კარგად ხვდება, რომ ყავლი გაუვიდა, იმასაც ხვდება, რომ „ლელოს“ და ალტერნატიულ პოლიტიკურ ძალებს შესაძლებლობა აქვთ, მოქალაქეებს, რომლებსაც რეალური სიახლე სურთ, არჩევანის საშუალება მისცენ

როდესაც მენტალობით ხარ საბჭოთა რუსული და ეს ქვეყანა გინდა რუსულ ორბიტაზე დააბრუნო, კი უნდა იცოდე, რომ შენი ადგილი იქ არის, – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, რითაც „ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებაზე, რომ „41 კვირაში „ქართული ოცნება“ იქნება რუსეთში“, ხელისუფლების მიერ გაკეთებული კომენტარები შეაფასა.
როგორც ნაცვლიშვილმა “პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, მან კარგად იცის თუ რატომ „შეშფოთდა“ ხელისუფლება.
„ძალიან კარგად მესმის თუ რატომ შეშფოთდნენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ამ განცხადებით, დარწმუნებით ვიცი, რომ მათ საქართველოდან მოპარული ფულით არ უნდათ რუსეთში ცხოვრება, უნდათ, რომ ამერიკაში და ევროპაში იცხოვრონ, სადაც ბევრ მათგანს სახლი აქვს, სადაც შვილებს ასწავლიან და კარგად იციან, რომ ევროპაში ჯობია. უბრალოდ, ეს ქვეყანა უნდათ რომ რუსულ ორბიტაზე დააბრუნონ. ძალიან შეშფოთდნენ ამ განცხადებით, თუმცა მესმის მათი. როდესაც მენტალობით ხარ საბჭოთა რუსული და ეს ქვეყანა გინდა რუსულ ორბიტაზე დააბრუნო, კი უნდა იცოდე, რომ შენი ადგილი იქ არის“,- განაცხადა ნაცვლიშვილმა.
მისივე მოსაზრებით, „ლელოს“ და ალტერნატიულ პოლიტიკურ ძალებს შესაძლებლობა აქვთ, მოქალაქეებს, რომლებსაც არც „ქართული ოცნება“ და არც წარსულის დაბრუნება უნდათ და რეალური სიახლე სურთ, რეალური არჩევანის საშუალება მისცენ.
„ქართული ოცნება“ თავს კარგად და ძლიერად რომ გრძნობდეს, ბოლო კოზირს ივანიშვილის სახით, არ აიძულებდა სამალავიდან გამოსულიყო. რაც შეეხება განცხადებებს, რომლებიც ამ დღეებში ვხედავთ მწარე, გაშმაგებულ თავდასხმებს „ლელოზე“ , ამას თავისი საფუძვლები აქვს. „ქართული ოცნება“ კარგად ხვდება, რომ მას ყავლი გაუვიდა და იმასაც კარგად ხვდება, რომ სწორედ, „ლელოს“ და ალტერნატიულ პოლიტიკურ ძალებს შესაძლებლობა აქვთ, მოქალაქეებს, რომლებსაც არც „ქართული ოცნება“ და არც წარსულის დაბრუნება უნდათ და რეალური სიახლე სურთ, რეალური არჩევანის საშუალება მისცენ“,- აღნიშნა მან.
ამასთან, ნაცვლიშვილმა პრემიერ-მინისტრის, ს „დავოსის“ ეკონომიკის ფორუმზე ვიზიტზე და იქიდან ოპოზიციაზე პრემიერს მიერ გაკეთებულ განცხადებებზეც ისაუბრა.
„საზოგადოებისთვის, ალბათ, საინტერესოა თუ რა კონტექსტში კეთდება ეს განცხადებები: საქართველოს პრემიერად დანიშნული ღარიბაშვილი იმყოფება მსოფლიო მნიშვნელობის ფორუმზე – „დავოსის“ ფორუმზე, სადაც გავლენიანი სახელმწიფოს ლიდერები იკრიბებიან და საქართველოს პრემიერს შესაძლებლობა აქვს, თითოეულ მათგანს პირადად შეხვდეს და მათგან წამოიღოს საქართველოსთვის რაც შეიძლება მეტი პროექტი, ინვესტიცია და უსაფრთხოების გარანტიები. როგორც ჩანს, ხელმოცარულია მისი ვიზიტი, არაფერი აქვს სათქმელი საქართველოს მოქალაქეებისთვის თუ რაში დაიხარჯა ბიუჯეტის ფული, რა შეძლო, ვის შეხვდა? ამაზე არაფერი აქვს სათქმელი, ამიტომ ერთვება ტელევიზიებს და ლანძღავს ოპოზიციას. ქვეყნისთვის ტრაგედიაა, რომ ასეთ საკვანძო თანამდებობაზე, ასეთ კრიტიკულ მომენტში ეს კაცია და საერთოდ აცდენილია დროს და სივრცეს. რუსული ხელისუფლების პრემიერია და არ ველით, რომ ქვეყნისთვის სასიკეთოდ გამოიყენებს ამ ფორუმზე ყოფნას“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ