ამ წუთებში უმრავლესობის წევრები პარლამენტში ჩიტაძის ქუჩიდან შეჰყავთ - ისმის შეძახილები, "მონა" და "რუსო": გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები
საპარლამენტო უმრავლესობის წევრები და აპარატის თანამშრომლები პარლამენტში ჩიტაძის ქუჩიდან შეჰყავთ. "ქართული ოცნების" და "ხალხის ძალის" დეპუტატებს საკანონმდებლო ორგანოში შესვლა აქციის მონაწილეების შეძახილების ფონზე უწევთ, რომლებიც "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მხარდამჭერ დეპუტატებს "მონებს" და "რუსებს" ეძახიან.
ჩიტაძის ქუჩა საპოლიციო ძალებმა მომიტინგეებისგან დაახლოებით 1 საათის წინ გაათავისუფლეს.
ამჟამად აქციის მონაწილეები ჭიჭინაძის ქუჩაზე არიან შეკრებილები, თუმცა უმრავლესობის წევრები საკანონმდებლო ორგანოში ავტომობილებით ჩიტაძის ქუჩიდან შედიან, სადაც გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები.
შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქცია „გაუთენე საქართველოს“ 12 მაისის 22:00 საათიდან მიმდინარეობს.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის მოწინააღმდეგეებმა რუსთაველის გამზირზე გაათენეს ღამე. მათი მიზანი იყო, დილას პარლამენტში არ შეეშვათ უმრავლესობის წევრი დეპუტატები.
"ქართულ ოცნებას" „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტის მესამე საკომიტეტო მოსმენა დღეს, 09:00 საათზე აქვს დაგეგმილი.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.