ალექსეი ნავალნის თანაშემწის თქმით, კრემლის კრიტიკოსის ზუსტი ადგილსამყოფელი ჯერაც უცნობია

პატიმრობაში მყოფი რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ს თანაშემწის თქმით, კრემლის კრიტიკოსის ზუსტი ადგილსამყოფელი ჯერაც უცნობია. უკვე მერვე დღეა, რაც ხელისუფლებას ის იზოლირებული ჰყავს გარე სამყაროსგან.
ნავალნის წარმომადგენელმა კირა იარმიშმა 13 დეკემბერს სოცქსელ X-ში (ყოფილი ტვიტერი) დაწერა, რომ მატულობს შეშფოთება იმის თაობაზე, რომ ნავალნი შესაძლოა სახიფათო ვითარებაში იმყოფებოდეს.
„ამ მომენტისთვის არ ვიცით, სად იმყოფება ის. ის პირისპირაა ადამიანებთან, რომლებმაც ერთხელ მისი მოკვლა სცადეს. საჭიროა, რაც შეიძლება სწრაფად ვიპოვოთ ის,“ დაწერა იარმიშმა და მოუწოდა ყველას, ვინც იცის მისი ადგილსამყოფელი, მის თანამებრძოლებს შეატყობინოს ეს.
გუშინ მთავრობასთან დაკავშირებული ტელეგრამის არხი „ბაზა“ იტყობინებოდა, რომ ნავალნი, რომელიც ვლადიმირის ოლქში მდებარე კოლონიაში იხდიდა სასჯელს, მოსკოვში გაგზავნეს ეტაპით. გამოცემის თანახმად, ეს განხორციელდა გამოძიების ფარგლებში, რომელიც ნავალნის წინააღმდეგ მიმდინარეობს ვანდალიზმის ბრალდებით. ამ ინფორმაციის ოფიციალური დადასტურება არ არის ცნობილი.
11 დეკემბერს ნავალნის ადვოკატს შეატყობინეს, რომ მისი კლიენტი შრომა-გასწორების კოლონიიდან უცნობ დაწესებულებაში გადაიყვანეს. ნავალნის თანამებრძოლები შიშობენ, რომ შესაძლოა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია.
ნავალნი ვლადიმირის ოლქში მდებარე კოლონიაში იხდიდა პატიმრობას თაღლითობის ბრალდებით. 2023 წლის სექტემბერში ის, როგორც „გამოუსწორებელი“ პატიმარი, ერთი წლით გადაიყვანეს საკნური ტიპის ერთიან სადგომში – „კოლონიებში სასჯელის ყველაზე მკაცრ შესაძლო სახეობაში“, როგორც თავად წერდა.
პოლიტიკოსი 20-ზე მეტჯერ მოათავსეს სადამსჯელო იზოლატორში. მიზეზი, მაგალითად, იყო გახსნილი ღილები და ღობის რეცხვაზე უარი.
ნავალნი არ აღიარებს ბრალს, ბევრმა უფლებადამცველმა ორგანიზაციამ ის პოლიტპატიმრად აღიარა.

ასევე დაგაინტერესებთ