კავკასიოლოგი ალექსანდრე კვახაძე:
ტრაგიკული ამბავი მოხდა თბილისში: ბინაში გარდაცვლილი იპოვეს ცნობილი პროქართველი აფხაზი ბლოგერი, დაურ ბუავა. თანავუგრძნობ მისი ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.
დაურთან პირადი შეხება არ მქონია, თუმცა თვალს ვადევნებდი მის აქტივიზმს. ის ოკუპირებულ ტყვარჩელში გაიზარდა და უკვე ზრდასრულ ასაკში გადაიაზრა თავისი პოლიტიკური პოზიცია.
ჩვენ აქამდეც გვახსოვს საქართველოს მხარეს გადმოსული ოსებისა და აფხაზების მაგალითები, მაგრამ დაურის მასშტაბი სულ სხვა იყო. მას ენგურის ორივე მხარეს ათასობით ახალგაზრდა გამომწერი ჰყავდა და თავის სათქმელს ფართო აუდიტორიას აწვდიდა.
თამამად ვიტყვი, რომ ერთი სმარტფონით დაურმა უფრო მეტი გააკეთა ქართულ-აფხაზური ურთიერთობებისთვის, ვიდრე შერიგების სამინისტრომ და „ნდობის აღდგენაზე“ მომუშავე ორგანიზაციებმა ერთად აღებულმა.
იყო ეს უბედური შემთხვევა თუ შეკვეთილი მკვლელობა? ამის გამოძიებას არ შევუდგები. ჩეჩენ ბლოგერებზე — ტუმსო აბდურაჰმანოვსა და ჰასან ხალიტოვზე — განხორციელებული შეკვეთილი მკვლელობის მცდელობები ადასტურებს, რომ რუსები განსაკუთრებით მძიმედ რეაგირებენ, როდესაც მათ წინააღმდეგ კავკასიური წარმომავლობის ბლოგერები გამოდიან.
აი, რაც დადასტურებულად შემიძლია ვთქვა: მიუხედავად იმისა, თუ რა იყო გარდაცვალების მიზეზი, დაურის გარდაცვალება ქართული სპეცსამსახურებისთვის უმძიმესი რეპუტაციული დარტყმა იქნება. წარმოიდგინეთ, „ჰამასის“ წევრი პოპულარული ბლოგერი ისრაელის მხარეს გადავიდეს და შემდეგ თელ-ავივის ბინაში გარდაცვლილი იპოვონ — რამხელა კრიტიკა დაატყდება თავს მოსადს?
ამ ინციდენტის შემდეგ, როდესაც შემდგომი ხელისუფლება აფხაზი და ოსი სეპარატისტების გადმობირებას შეეცდება, მათ კონტრარგუმენტი ექნებათ: „თქვენ ასეთი პოპულარული დაურ ბუავა ვერ დაიცავით და მე როგორღა დამიცავთ?“




