აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევში შეხვედრაზე განიხილეს თავდაცვითი თანამშრომლობა, მათ შორის დრონების, ენერგეტიკის, ნავთობისა და გაზის სფეროში

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი კიევს ეწვია და ვოლოდიმირ ზელენსკისთან თავდაცვითი თანამშრომლობის საკითხი განიხილა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

კერძოდ აღინიშნება, რომ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიჰუნ ბაირამოვმა კიევში შეხვედრა გამართეს, რომლის დროსაც თავდაცვითი თანამშრომლობა განიხილეს, კერძოდ კი დრონებზე შეთანხმება და ენერგეტიკის, ნავთობისა და გაზის სფეროში, და სოფლის მეურნეობის საკითხებში თანამშრომლობა.

აღინიშნება, რომ რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან ეს ბაირამოვის პირველი ვიზიტია უკრაინაში.

“ძალიან მადლობელი ვართ, რომ ჩვენი ქვეყნისთვის ასეთ რთულ დღეებში ჩვენი ხალხისთვის ჩამოსვლის საშუალება და ჩვენი მხარდაჭერის შესაძლებლობა გამონახეთ,” – განაცხადა ზელენსკიმ.

შეხვედრის დროს, ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა აზერბაიჯანსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის, და ასევე ენერგეტიკული და ჰუმანიტარული დახმარებისთვის.

თავის მხრივ, ბაირამოვმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი შემდგომშიც გააგრძელებს უკრაინის პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ მხარდაჭერას.

“შეგიძლიათ სრულიად გქონდეთ ჩვენი იმედი, ჩვენი პოლიტიკური მხარდაჭერის იმედი. და, როგორც ძალიან კარგად იცით, ბატონო პრეზიდენტო, ჩვენ საკმაოდ ხმამაღალი და სწორხაზოვანი ვართ იმაზე, რაც ეხება უკრაინის სრულ სოლიდარობას, ტერიტორიულ მთლიანობას და უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ხელშეუხებლობას,” – განაცხადა ბაირამოვმა.