“ტორპედოს” ჰქონდა შანსი, დიდი ხნის პაუზის შემდეგ ლიდერობა დაუბრუნებინა, თუნდაც ერთი დღით, მაგრამ ხანგრძლივ წაუგებელ სერიას ისევ მოჰყვა ჩავარდნა და საშინაო მარცხი “გაგრასთან”, რომელმაც წინა სეზონის მეორე (“დილა”) და მესამეადგილოსნები (“ტორპედო”) მიყოლებით დაამარცხა.
სტუმრები მე-2 წუთზე მოულოდნელი საჩუქრით დაწინაურდნენ – ნადარაიას შეცდომის შემდეგ ბურთი მოიგდო სკრიპნიკმა და მეკარესთან პირისპირ გასულმა ახლო კუთხეში გაიტანა.
“ტორპედომ” მომენტალურად გამოფხიზლდა და რამდენიმე მწვავე შეტევის შემდეგ ანდრიჩმა, შერიფის ფლანგური პასის შემდეგ თავური დარტყმით აიღო სტუმრების კარი.
მალე სტუმრები მეორედაც დაწინაურდნენ. გოლი კურიოზული გამოვიდა – მუჯირი ფლანგიდან აკეთებდა პასს, მაგრამ ბურთი კარისკენ წავიდა, ჯერ ძელს მოხვდა, მერე კლიაიჩმაც ვეღარ შეიმაგრა ხელებში და ბადეში აღმოჩნდა.
გვეგონა, “ტორპედო” მორიგ შტურმზე გადავიდოდა, მაგრამ… არაფერი მსგავსი – გაგრელებმა საიმედოდ გადაკეტეს სივრცეები და მასპინძლებს ფეხის განძრევის საშუალება არ მისცეს.
სხვათა შორის, ასე იყო მეორე ტაიმშიც. “ტორპედომ” ვერაფერი დაუპირისპირა ორგანიზებულად მოთამაშე “გაგრას” და დამარცხდა. თუმცა კი ჰქონდა ერთი რეალური მომენტი, როცა დეისაძის თავური ხარიხას მოხვდა.
სულ ეს იყო. ლიუბენოვიჩის გუნდმა დამსახურებულად გაიმარჯვა და თუ ასე გააგრძელა, მალე თავს დააღწევს გასავარდნ ზონას. შუსტერის შეგირდებს, კი როგორც არ უნდა ვაქოთ გაგრელები, აშკარად ჩაუვარდათ თამაში.
შემდეგ ტურში, რომელიც სანაკრებო პაუზის შემდეგ გაიმართება, “ტორპედო” სტუმრად “სამგურალს” შეხვდება (13 ივნისი), მეორე დღეს კი “გაგრა” თბილისის “დინამოს” უმასპინძლებს.
ტორპედო-გაგრა 1:2
0:1 სკრიპნიკი (2), 1:1 ანდრიჩი (15, შერიფის პასით), 1:2 მუჯირი (20, ვანდერსონ სილვას პასით)
ტორპედო: კლიაიჩი, შერიფი (კუპრავა 80), მანე (ბუკია 60), შიმიჩი, ნადარაია (ვარლეი 60), არაბიძე, ითრაქი (ზიტა 80), მამუჩაშვილი, პირესი, ანდრიჩი, დეისაძე
გაგრა: ვორობეი, კლაუდინეი, ჭავჭანიძე, პორფირიო (ჩოჩია 77), არსიჩი, ცინცაძე, სკრიპნიკი (ფეიქრიშვილი 87), ვანდერსონ სილვა, ბორჟისი (სადღობელაშვილი 65), ზოიძე, მუჯირი (ანდრეიჩუკი 65)
არბიტრი: აკაკი ფარჯიკია