VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 1-2 დინამო (თბ). ქეცბაიას 3-ქულიანი დებიუტი – “დინამომ” 7-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა

თემურ ქეცბაიას დებიუტი წარმატებული გამოდგა – თბილისის “დინამომ” დაასრულა 7-მატჩიანი მოუგებელი სერია და წყალტუბოდან დიდი ბრძოლით მოპოვებული 3 ქულა გააყოლა ხელს.
დუბლი შეასრულა მათე ვაწაძემ, რომელიც ძირითად შემადგენლობაში მოხვდა. ეს იყო გამოძახილი ქეცბაიას სიტყვებისა, რომელიც პრესკონფერენციაზე ითქვა – გამოცდილი ფეხბურთელების დახმარება აუცილებლად დაგვჭირდებაო…
“დინამო” ორბურთიანი სხვაობით იგებდა, მაგრამ გაუჭირდა თამაშის ბოლო მონაკვეთში, როცა 10 კაცით დარჩა და “სამგურალმა” თამაშის გადარჩენა სცადა. უნდა ითქვას, რომ მასპინძლები შორს ნამდვილად არ იყვნენ ანგარიშის გათანაბრებასთან, თუმცა მაგრად ითამაშა დინამოელთა მეკარე მაქაცარიამ.
ასეა თუ ისე, ქეცბაია-მწვრთნელის დებიუტი საქართველოს ჩემპიონატში გამარჯვებით დასრულდა. თუმცა მწვრთნელის შეცვლით გუნდში ყველა პრობლემა ერთი ხელის მოსმით ვერ გაქრებოდა და არც გამქრალა.
ეგ არის, რომ ქეცბაია კარგი მოტივატორი გამოდგა და მან შეძლო გუნდის საბრძოლველად დარაზმვა. ვნახოთ, რა და როგორ იქნება მომავალში. “სამგურალზე” კი ვიტყოდით, ამ გუნდს შეუძლია მეტოქის წნეხში მოქცევა, თუმცა ამას მხოლოდ 0:2-ზე არ უნდა აკეთებდეს…
სამგურალი-დინამო (თბ) 1:2
გოლები: 0:1 ვაწაძე (33, პენალტით), 0:2 ვაწაძე (62, რამოსის პასით), 1:2 რიანი (82, შერგელაშვილის პასით)
სამგურალი: კუტალაძე, გეგეჭკორი, შათირიშვილი, რიანი, შერგელაშვილი, ცეცხლაძე (ჯეფერსონი 46), ბერელიძე (აფციაური 66), ვინისიუსი, ჟან კარლოსი (პაპავა 66), ხორხელი (სებოლინია, 52), ველისოლი (გოგოლაშვილი 77)
დინამო: მაქაცარია, გვასალია, კალანდაძე, უგრეხელიძე, სანტოსი, ნინუა, ოსეი, მონტეირუ (გ. ხარებაშვილი 58), რამოსი (ლომიძე 90+3), დონკორი (ზარია 58), ვაწაძე (66. სირაძე)
გაძევება: სირაძე (70)
არბიტრი: გ. კიკაჩეიშვილი