ეს იყო მიმდინარე ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი. უკვე პირველ ტაიმში გუნდებმა 4 გოლი გაიტანეს. თუმცა მარტო გოლებშიც არ იყო საქმე – თამაშიც ტემპიანი და თვალსასეირო გამოდგა.
მეორე ტაიმში კი ცოტა სიფრთხილემ იმატა ორივე მხრიდან და მხოლოდ ერთი გოლი გავიდა, შესაბამისად, ეს გოლი გამარჯვებისა გამოდგა – მათე ვაწაძემ, რომელსაც თემურ ქეცბაიას ხელში ახალი სუნთქვა გაეხსნა, წამებში შეაფასა სიტუაცია და “მაკრატელა” ამოჰკრა ბურთს.
საინტერესოა, რომ რაც ქეცბაია მოვიდა, ვაწაძე სულ ძირითად შემადგენლობაშია და 4 მატჩში უკვე 4 გოლის ავტორია. აქედან ნათელია, თუ რას ნიშნავს ფეხბურთელისთვის ნდობა…
საინტერესოა, რომ მატჩში ერთადერთი ყვითელი ბარათი იყო და ისიც ბოლო, მეხუთე დამატებულ წუთზე. ასე ხდება მაშინ, რომ ფეხბურთელებს მოედანზე, თამაშის გარდა, დროს არაფრისთვის რჩებათ…
“დინამომ” დამსახურებულად გაიმარჯვა, თუმცა ეს ის შემთხვევაა, როცა ნეიტრალურმა ქომაგმაც მადლობა უნდა უთხრას “რუსთავს” ღირსეული თამაშისთვის. წაგების მიუხედავად, გია ცეცაძის გუნდი ინარჩუნებს მეორე ადგილს, “დინამო” მეოთხე ადგილზე აღზევდა.
მომდევნო ტურში “დინამოს” გაცილებით სერიოზული გამოცდა აქვს – დედაქალაქურ დერბიში ლიდერ “იბერიას” უნდა უმასპინძლოლს (16 მაისი), ხოლო “რუსთავი”, იმავე დღეს, სტუმრის სტატუსით “გაგრას” შეხვდება.
რუსთავი-დინამო (თბ) 2:3
0:1 იორო (1, ნინუას პასით), 1:1 ნაკანო (24, კაპანაძის პასით), 1:2 მონტეირუ (38, ნინუას პასით), 2:2 კენიო (40), 2:3 ვაწაძე (55)
რუსთავი: ბერუაშვილი (ჯობავა 46), კაპანაძე, იაკობიძე, ფაცაცია, ჩიქოვანი, ნაკანო, გუჯაბიძე (ა. ქუთათელაძე 80), უბილავა (სეიხასი 60), კესი (პ. ოსეი 46), დე ალმეიდა (ნ. ქუთათელაძე 72), კენიო
დინამო: ლორია, კალანდაძე, კურდიჩი, უგრეხელიძე, ს. ხარებაშვილი, ნინუა (ბ. ოსეი 46), იორო, მონტეირუ (გ. ხარებაშვილი 62), რამუში (სირაძე 70), დონკორი (ქვარცხავა 52), ვაწაძე (ონომა 70)
არბიტრი: ც. სამსონაშვილი