The New York Times – ფედერალურმა მოსამართლემ „ამერიკის ხმის“ დახურვის შესახებ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მცდელობები დროებით დაბლოკა

ფედერალურმა მოსამართლემ „ამერიკის ხმის“ დახურვის შესახებ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მცდელობები დროებით დაბლოკა, – ამის შესახებ ინფორმაციას The New York Times-ი ავრცელებს.
The New York Times-ის ცნობით, მანჰეტენის საოლქო სასამართლოს მოსამართლემ, ჯეი პოლ ეტკენმა გადაწყვეტილება „ამერიკის ხმის“ ჟურნალისტებისა და მათი პროფკავშირების სარჩელის მოსმენის შემდეგ მიიღო.
„ამერიკის ხმის“ ჟურნალისტების სარჩელში ნათქვამია, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ქმედებები ქვეყნის კონსტიტუციის პირველი შესწორებით გარანტირებულ სიტყვის თავისუფლებას არღვევს.
შეგახსენებთ, 15 მარტს, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის აღმასრულებელი ბრძანების საფუძველზე აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტომ (USAGM) „რადიო თავისუფლებას“ გრანტები შეუწყვიტა და „ამერიკის ხმის“ 1300-ზე მეტი თანამშრომელი ანაზღაურებად ადმინისტრაციულ შვებულებაში გაუშვა. „ამერიკის ხმის“ ჟურნალისტებმა და მათმა პროფკავშირებმა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ სარჩელი ნიუ-იორკის ფედერალურ საოლქო სასამართლოში 22 მარტს შეიტანეს.
მანამდე, 19 მარტს „რადიო თავისუფლებამ“ USAGM-ს, მის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს ვიქტორ მორალესსა და სპეციალურ მრჩეველს კერი ლეიკს სასამართლოში უჩივლა. 26 მარტს ფედერალურმა მოსამართლემ „რადიო თავისუფლების“ დაფინანსების შეწყვეტის შესახებ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება დროებით დაბლოკა.

ასევე დაგაინტერესებთ

ონისე ოქრიაშვილის მიმართ ძალადობაში ბრალდებული: იმ ყველაფრის პატივისცემა, რასაც ჩვენ ჩვენი მშობლები გვასწავლიდნენ, რასაც პირადად მე დედაჩემი მასწავლიდა, რომელიც ათწლეულებია სკოლაში მუშაობს და მომავალი თაობა მისთვის პირველი საზრუნავია