SpaceX-ის, Tesla-სა და Starlink-ის აღმასრულებელი დირექტორი ილონ მასკიKevin Lamarque/Pool Photo via AP11 ივნისს ილონ მასკის კომპანია SpaceX-მა პირველადი საჯარო შეთავაზებით (IPO) კომპანიის აქციები საფონდო ბირჟაზე წარმატებით განათავსა, რის შედეგადაც SpaceX მსოფლიოში რაკეტებისა და კოსმოსური ხომალდების მწარმოებელ ყველაზე ღირებულ კომპანიად იქცა, ხოლო თავად მასკი მსოფლიოს პირველი ტრილიონერი გახდა.
IPO-ს მეშვეობით, რომლის ფარგლებშიც კომპანიამ ერთი აქციის ფასი ბირჟაზე $135-ად გამოიტანა, SpaceX-მა 555.56 მილიონი აქციის გაყიდვით რეკორდული $75 მილიარდი მოიზიდა. შედეგად, მასკის კოსმოსური, სატელიტური და AI კომპანიის ღირებულებამ $1.77 ტრილიონს მიაღწია, რაც პირველადი საჯარო შეთავაზებისთვის რეკორდული მაჩვენებელია. ეს ნიშნავს, რომ კომპანიის ღირებულება უკვე აღემატება ისეთ კომპანიებს, როგორებიც არიან Meta Platforms, JPMorgan Chase, Berkshire Hathaway და მასკის მეორე კომპანია Tesla-ც კი. IPO-მდე Reuters წერდა, რომ SpaceX-ის სამიზნე საბაზრო ღირებულება $1.75 ტრილიონი იყო.
აქამდე პირველადი შეთავაზების რეკორდი საუდის არაბეთის სახელმწიფო ნავთობკომპანია Saudi Aramco-ს ეკავა, რომელმაც 2019 წლის დეკემბერში რიადის საფონდო ბირჟაზე $25.6 მილიარდი მოიზიდა, რის შედეგადაც კომპანიის ღირებულებამ $1.71 ტრილიონი შეადგინა. ინფლაციის გათვალისწინებით ეს ნიშნავს, რომ Aramco-ს რეკორდი $33.2 მილიარდის მოზიდვა იყო.
თუმცა, გამოცემა Bloomberg-ის ინფორმაციით, ჩრდილოვანი ბაზრები SpaceX-ისთვის კიდევ უფრო შთამბეჭდავ დებიუტს პროგნოზირებენ და მიანიშნებენ, რომ დღეს, ბირჟის გახსნის დროს, კომპანიის აქციების ფასი, სულ მცირე, 35%-ით მოიმატებს.
გამოცემის მიხედვით, სინგაპურის დროით პარასკევის დილის საათებში ონლაინ საბროკერო პლატფორმა IG International-ის მიერ შეთავაზებული დერივატივები მიანიშნებდა, რომ მასკის კომპანიის საბაზრო ღირებულება $2.4 ტრილიონს აღწევს, რაც 35%-ზე მეტ ზრდას გულისხმობს. ხოლო კრიპტოპლატფორმა HyperLiquid-ზე SpaceX-თან მიბმული უვადო ფიუჩერსებით $174-ზე ვაჭრობდნენ, რაც $2.2 ტრილიონზე მეტ საბაზრო ღირებულებაზე მიანიშნებს.
ამას გარდა, გამოცემა Reuters წერს, რომ SpaceX-ის საბაზრო ღირებულება შესაძლოა, კიდევ მეტად გაიზარდოს, თუკი ანდერაიტერები დამატებითი აქციების გაყიდვის უფლებითაც ისარგებლებენ, რა გადაწყვეტილების მიღებაც, წესისამებრ, პირველადი საჯარო შეთავაზებიდან 30 დღის შემდეგ ხდება. ამის მიუხედავად, IPO-ს შემდეგ ილონ მასკი SpaceX-ში ხმის უფლებების 82%-ს გააკონტროლებს.
ცნობისთვის, მასკმა კომპანია 2002 წელს დააარსა. SpaceX-ის მიხედვით, კომპანიის მიზანია, ისეთი “სისტემებისა და ტექნოლოგიების შექმნა, რომლებიც საჭიროა, რათა სიცოცხლე მრავალპლანეტური გახდეს, გავიგოთ სამყაროს ნამდვილი ბუნება და ცნობიერების სინათლემ ვარსკვლავებამდეც მიაღწიოს”.