„ივანიშვილს შესაძლოა გადაასწროს ვინმემ – კობახიძე უფრო მეტს შესთავაზებს რუსეთს“ | ინტერვიუ
ყოფილი დეპუტატის, შალვა შავგულიძის განცხადებით, მმართველი გუნდის მხრიდან ოპოზიციის აკრძალვა ქვეყანას ტოტალიტარულ სისტემაში დააბრუნებს. მისივე თქმით, კობახიძემ შესაძლოა ივანიშვილსაც გადაასწროს რუსეთის სამსახურში და მას ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებაც კი შესთავაზოს.

„არ ვიცი, ივანიშვილი ხედავს თუ არა, მაგრამ ალბათ უფრო ხედავს – საკმაოდ ფხიზელი ადამიანია. მისი ამ ნეგატიური სელექციის შედეგად ფაქტობრივად ხელისუფლებაში არიან ადამიანები, რომლებიც მზად არიან, გაყვნენ ივანიშვილს ამ სცენარში, რომ რუსეთს ჩაბარდეს ქვეყანა, ოღონდ თვითონ პირადი კეთილდღეობა ჰქონდეთ. ამავდროულად, შეიძლება რუსეთის სამსახურში გადაასწროს ვინმემ ივანიშვილს და მაშინ უკვე ივანიშვილი აღარ იქნება ის ერთადერთი პიროვნება, რომელიც რუსეთის დავალებას შეასრულებს.
აი, ასეთ პოტენციალს მე ვუყურებ კობახიძეში. კობახიძე ისეთი შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ ის სიამოვნებით კიდევ უფრო მეტს შესთავაზებს რუსეთს,“ – მიიჩნევს იურისტი, პარლამენტის ორი მოწვევის დეპუტატი შალვა შავგულიძე, მას ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ ვესაუბრეთ: რა ეტაპზე გადადის „ოცნება“ და რა ქვეყანას მივიღებთ ოპოზიციის გარეშე?
„ლელოს“ ინფორმაციით, პარტიების აკრძალვის პროცესები უკვე ჩაინიშნა საკონსტიტუციო სასამართლოში – 21 ოქტომბერს, 22 ოქტომბერს და 23 ოქტომბერს.
„უკვე საკმაოდ შეერყა ავტორიტეტი „ქართულ ოცნებას“ – ტყუილები აღარ ჭრის. ამიტომაც, ჩემი აზრით, გადაწყვიტეს, რომ მოდი, საერთოდ ოპოზიცია ავკრძალოთ, თორემ ვინმემ მართლა არ გაიმარჯვოსო…
ჩემი აზრით, „ოცნებაში“ მაინცდამაინც ბევრსაც არ ფიქრობენ, რა და როგორ გააკეთონ – რუსეთიდან რა ინსტრუქციაც მოდის, ის უნდა გააკეთონ.
ტოტალიტარული მმართველობის ერთ-ერთი უმთავრესი მაჩვენებელია ერთპარტიული მმართველობის სისტემა… ვიქნებით რაღაც კოლბაში, ჩაკეტილ ქილაში, შეიძლება საარსებოდ ჰაერი შემოვიდეს ქილის თავზე დატოვებული ნახვრეტიდან, რომ სუნთქვა შევძლოთ, ცივილიზებული სამყარო იქნება ჩვენს მიღმა,“ – გვესაუბრება შალვა შავგულიძე.
„ბათუმელებმა“ შალვა შავგულიძესთან ინტერვიუ ჩაწერა. იგი საქართველოს პარლამენტის ორი მოწვევის დეპუტატია, იურისტი და უფლებადამცველი, „გირგვლიანის საქმის“ ადვოკატი:
ბატონო შალვა, თქვენი აზრით, რა ეტაპზე გადადის ქვეყანა, სადაც ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები იკრძალება?
ორიგინალურს ვერაფერს ვიტყვი, რადგან ჩვენ ეს გამოცდილება გავლილი გვაქვს – ეს არის საბჭოთა, ტოტალიტარული მმართველობა. მმართველობა, როდესაც არსებობდა მხოლოდ ერთი პარტია, როდესაც მოქალაქეები იწოდებოდნენ მოქალაქეებად, მაგრამ ეს იყო უბრალოდ მოსახლეობა, სტატისტიკა, რომელსაც არავითარი არჩევანის უფლება არ გააჩნდა და იძულებული იყო, მიეღო მოცემულობა: აი, ეს იქნება შენი ხელისუფლება და სხვა გზა არ გაქვს! ეს არის ტოტალიტარული მმართველობა.
საბჭოურისგან განსხვავებით, დღევანდელ რუსეთში კიდევ უფრო ცინიკურ სახეს იღებს ეს მოდელი, როცა ფორმალურად ერთი-ორ სატელიტ პარტიას ქმნის მმართველი პოლიტიკური ძალა და მოჩვენებითი სურათია – თითქოს არსებობს დემოკრატია, თითქოს არჩევანის საშუალება აქვს მოსახლეობას. ამით ხარკს უხდიან დემოკრატიის რაღაც ფორმებს.
ჩვენთანაც ალბათ ერთ-ორ სატელიტურ პარტიას შემოიყვანს ივანიშვილი საარჩევნო სივრცეში და, რა თქმა უნდა, თვითონ ექნება უმრავლესობა – აბსოლუტური კონტროლი ყველა ინსტიტუციაზე. ეს უკვე აღარ არის სამართლებრივი, დემოკრატიული სახელმწიფო. ეს არის ტოტალიტარიზმი. ავტოკრატიას, ავტოკრატიულ დიქტატურას უკვე გასცდა „ქართული ოცნება“. ამ სისტემებში თუ განსხვავებული პოზიციის საჯაროდ გამოხატვის შესაძლებლობა ეზღუდება მოქალაქეს, ტოტალიტარიზმის შემთხვევაში განსხვავებული პოზიცია უბრალოდ არ არსებობს.
შალვა შავგულიძე
ტოტალიტარული მმართველობის ერთ-ერთი უმთავრესი მაჩვენებელია ერთპარტიული მმართველობის სისტემა. რა მნიშვნელობა აქვს ამას: პარტია ერქმევა, მონარქი, დესპოტი – არჩევანი არ აქვს მოქალაქეს. აი, აქ მიჰყავთ ქვეყანა.
სხვანაირად ვერც მართავენ ამ ქვეყანას. რა გადაწყვეტილებაც აქვს სამწუხაროდ ივანიშვილს მიღებული – რუსულ გეოპოლიტიკურ სივრცეს დაუბრუნოს საქართველო – ამის შესრულებას სჭირდება ტოტალიტარიზმი.
ივანიშვილს აქვს ვალდებულებები რუსეთის წინაშე და იძულებულია, მოემსახუროს ამ ვალდებულებებს. ამ ამოცანას ვერ შეასრულებს დემოკრატიული მმართველობის წესით მოწყობილი ქვეყანა, თუ მოქალაქეებს ექნებათ არჩევანი, მაგალითად, გადაირჩიონ მთავრობა.
რუსულ ორბიტაზე სრულად დასაბრუნებლად კიდევ რა დარჩა გასაუქმებელი ივანიშვილს? მაგალითად, კრიტიკული მედია, რომელიც ჯერ კიდევ არსებობს?
დიახ, კრიტიკული მედია ინერციით არსებობს და ჩემი აზრით, არსებობს მანამდე, ვიდრე ივანიშვილს ასე ურჩევნია პოლიტიკურად, ყალბი სურათის შესაქმნელად, მაგრამ ეს ჯერჯერობით. შემდეგ კრიტიკული მედიაც, რა თქმა უნდა, აიკრძალება.
ამიტომაც ვამბობ, რომ თუ ინსტიტუციებზე კონტროლი სრული არ იქნება, ივანიშვილი ამ განაცხადს – რუსულ გეოპოლიტიკურ სივრცეში დაბრუნება – ვერ შეასრულებს. ყველა ინსტიტუტი ემორჩილება მმართველი პოლიტიკური პარტიის ნებას და ეს პარტია ემორჩილება მის ნებას.
დაკისრებულ ამოცანას ივანიშვილი თუ ვერ შეასრულებს, მას პასუხს მოსთხოვენ: შენ დაგვპირდი ამას და ვერ გაამართლე. ივანიშვილმა იცის, რომ პასუხი რუსეთის მხრიდან იქნება ძალიან მკაცრი, თუ ვალდებულება არ შესრულდა.
ამ რეალობის წინაშე ვდგავართ, როცა ივანიშვილის ინტერესები და საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის ინტერესები განსხვავებულია. მოსახლეობის ინტერესია დასავლურ ცივილიზაციაში ინტეგრაცია, სადაც მენტალურად არის ჩვენი ადგილი, ეს არის სწორედ რომ ქრისტიანული ცივილიზაცია.
უკვე საკმაოდ შეერყა ავტორიტეტი „ქართულ ოცნებას“ – ტყუილები აღარ ჭრის. ამიტომაც, ჩემი აზრით, უკვე გადაწყვიტეს, რომ მოდი, საერთოდ ოპოზიცია ავკრძალოთ, თორემ ვინმემ მართლა არ გაიმარჯვოს.
არსებობს მოსაზრება, რომ პარტიების აკრძალვის საქმე რეალურად ივანიშვილს სჭირდება ევროპასთან სავაჭროდ, რადგან მან არ იცის, როგორ დასრულდება რუსეთ-უკრაინის ომი და შესაძლოა ევროპასთან მიბრუნება დასჭირდეს. ამ მოსაზრების ავტორებს მოჰყავთ არგუმენტი, რომ პუტინმაც კი ვერ შეძლო მარტივად ყველა ოპოზიციური ძალის გაქრობა. გამოსვლადია პრაქტიკულად პარტიების აკრძალვა?
სწორედ იმიტომ, რომ თვალსაჩინოდ ერთპარტიული არ ყოფილიყო სისტემა და ეთამაშა დემოკრატიულობა, ამიტომაც შექმნა პუტინმა სატელიტი პარტიები. აქაც გვეტყვიან, რომ პარტიები კი არ ავკრძალეთ, არამედ თითქოს აი, საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ რამდენიმე პოლიტიკური პარტიის საქმიანობა არაკონსტიტუციურია. ისევ გვეტყვიან, რომ მრავალპარტიული არჩევნები გვაქვს. მოჩვენებითად შექმნიან ფასადს, რასაც აკეთებს პუტინი.
ჩემი აზრით, „ოცნებაში“ მაინცდამაინც ბევრსაც არ ფიქრობენ, რა და როგორ გააკეთონ – რუსეთიდან რა ინსტრუქციაც მოდის, ის უნდა გააკეთონ.
მოდის ინსტრუქცია, რომ აი, ჩვენ ეს ასე გავაკეთეთ და ამან გაამართლა, მაგალითად, NGO-ების აკრძალვამ საზოგადოებაზე კონტროლი გაადვილა, ამიტომაც, ჩვენთან რუსულ კანონს გამჭვირვალობა დაარქვეს სახელად – ასე ხდება სხვა დავალებების შესრულება, ანუ ქართულად თარგმნიან ინსტრუქციას და შეაქვთ პარლამენტში…
წლების წინ უნდოდა ამას დანახვა და უფრო ადრე იყო საჭირო წინააღმდეგობის გაწევა – ნათელი იყო, რომ ივანიშვილს ეს მიზნები ჰქონდა. მე პირადად 2014 წელს დავტოვე „ქართული ოცნება“ და წავედი ოპოზიციაში. ორი წელი პარლამენტში ყოფნა სრულიად საკმარისი იყო, რომ ეს გამხდარიყო თვალსაჩინო. სასამართლო რეფორმა იყო, პროკურატურის რეფორმა, ფარული საგამოძიებო მოქმედებების რეგულაციები, რაც „მოსმენების კანონის“ სახელით არის ცნობილი საზოგადოებისთვის, ჩანდა, რომ მაშინაც იბრძოდა „ოცნება“, რომ უნდა მიგვეღო რუსული ტიპის და არა დასავლური, სამართლებრივი სახელმწიფოს სტანდარტის მქონე კანონმდებლობა.
მაშინ იყო საჭირო დაპირისპირება, როცა კიდევ არსებობდა ძლიერი, დასავლურ ცივილიზაციაზე ორიენტირებული ოპოზიცია პარლამენტში, მაგრამ ხდებოდა ასე, რომ აი, ეს შეეხო ჯერ სხვას და ჩვენ ზოგს მინისტრად გვნიშნავს, ზოგს – კიდევ რაღაც. გზადაგზა ვინც წუწუნს დაიწყებდა, ნელ-ნელა თვითონ გაყარა.
რა რესურსი დარჩა, თქვენი დაკვირვებით, სახელმწიფოს გადასარჩენად?
ახლა ეს ბრძოლა უფრო რთული ხდება. გაცილებით მეტი კონტროლი აქვს ინსტიტუციებზე, ვიდრე ჰქონდა ვთქვათ 2014-2015 წლებში.
ერთიცაა, ძალიან თუ მოუჭერს, შესაძლოა, ამას ამოხეთქოს და აბსოლუტური უმრავლესობა არჩევნებზე წავიდეს. ასე გადაირჩინოს თავი.
ჩვენ გვაქვს მოცემულობა, როცა არჩევნებზე არ დადის ამომრჩევლის ნახევარიც კი. ვინც „ოცნებას“ აძლევს ხმას, ის 100% -ით მიდის არჩევნებზე, რადგან უნდა დაანახოს ხელისუფლებას თავისი ერთგულება. ვინმეს თუ ეს დაეზარება, მიაკითხავენ და მიიყვანენ. ამიტომაც, მნიშვნელოვანია კრიტიკულად განწყობილი ამომრჩევლების საკმაოდ დიდი ნაწილი, ვინც არჩევნებზე არ მიდის. მოქალაქეების ნაწილისგან გვესმის: არც ისაა ჩემი, არც – ეს, ამიტომაც, არ წავალ არჩევნებზე და მივხედავ ჩემს თავს, მაგრამ ვერ მიხედავ, პირიქით, ის მოგხედავს, ვინც დაგაჯდება თავზე ძალადობით.
შესაძლებელია, დიდმა რეპრესიებმა უკურეაქცია გამოიწვიოს და ამომრჩევლის ეს ნაწილი გამოფხიზლდეს. ძალიან დიდი ფასი აქვს გადახდილი საქართველოს დასავლური ცივილიზაციის სრულფასოვან წევრად გახდომისთვის და ეს ყველაფერი ახლა წყალში იყრება. ამხელა მსხვერპლია გაღებული: ადამიანური მსხვერპლი, რეალურად ჯერჯერობით დაკარგული ტერიტორიები, ეს ყველაფერი იკარგება და ასეთ ვითარებაში მოქალაქეთა ნახევრის სახლში დარჩენა მიუთითებს იმაზე, რომ ბოლომდე არ გვაქვს გაცნობიერებული პასუხისმგებლობა.
თქვენი აზრით, არჩევნების გაყალბების მიუხედავად, მაინც აქვს არჩევნებში მონაწილეობას აზრი?
მე, უბრალოდ, ვერ ვხედავ სხვა შესაძლებლობას. გაიბუტნენ პოლიტიკური პარტიები და რას იზამს ახლა პუტინი? იტყვის, რომ მე ვერ ავიტან ამას და დავთმობ ჩემს ინტერესებს? უნდა დამანახო ძალა, რომ დაგითმო. ეს დაახლოებით ომის სიტუაციას ჰგავს: მაგალითად, მოწინააღმდეგეს ტანკი ჰყავს და შენ მხოლოდ ავტომატი გაქვს. შენ ამ დროს ამბობ, რომ ეს არ არის სამართლიანი ომი: ის ტანკით მეომება, მე კიდევ ავტომატით ვარ. მოდი, საერთოდ აღარ ვიომებ. ამით რას მოიგებ?
ბოიკოტი, ჩემი აზრით, არ იყო სწორი. პარლამენტში როცა ვიყავი და შემოვიდოდა ცუდი კანონი, მესმოდა ოპოზიციის განცხადებები, რომ ეს საშინელი კანონია და ბოიკოტს უცხადებდნენ. შენ იმიტომ აგირჩიეს პარლამენტში და გიხდიან ფულს ბიუჯეტიდან, რომ იქ უნდა ილაპარაკო. თუ არ მოგწონს კონკრეტული კანონპროექტი, უნდა გამოიყენო შენი დრო და აუხსნა საზოგადოებას, რატომაა ეს კანონი ცუდი.
ამომრჩევლების დიდი ნაწილი, მაგალითად, 80-90 % თუ მივა არჩევნებზე – ვთქვათ, გააყალბეს 10-20 % – ამომრჩევლის დიდი ნაწილი მაინც წალეკავს. ამას უკვე ვეღარ გააყალბებ. ამიტომაც, თითოეულმა მოქალაქემ, პირველ რიგში, უნდა გაიაზროს პასუხისმგებლობა, რაც აკისრია ცივილიზებული სახელმწიფოს მოქალაქეს, თუ არ ვიბრძოლებთ ამისთვის, ვიქნებით რაღაც კოლბაში, ჩაკეტილ ქილაში, შეიძლება საარსებოდ ჰაერი შემოვიდეს ქილის თავზე დატოვებული ნახვრეტიდან, რომ სუნთქვა შევძლოთ, ცივილიზებული სამყარო იქნება ჩვენს მიღმა, სადაც იქნება კარგი განათლება, ჯანდაცვა, უზრუნველყოფილი ხანდაზმულები…
და ისევ ილუზიას შეგვიქმნიან, რომ ამ კოლბაში ყოფნა ყველაზე კარგია?
დიახ, ცოტა ჰაერს შემოუშვებენ, რომ ბიოლოგიურად არსებობა შევძლოთ, წახვალ სამსახურში, მიიღებ იმდენს, რომ არსებობა შეძლო. არც ისე შორია საბჭოთა წარსული, რაც გამოვიარეთ. შეიძლება, ვიღაცას არ ახსოვს, ან ახალი თაობაა, მაგრამ ნათელია, რაც იყო. ამ რეალობაში დავბრუნდებით.
რაც მთავარია: ტოტალიტარიზმის დროს ადამიანს ესპობა თვითრეალიზაციის შესაძლებლობა. შენ შენი მიდრეკილებები გაქვს, შენი პოტენცია, ეს ყველაფერი ტოტალიტარიზმის დროს კვდება, რადგან არავინ გაძლევს განვითარების საშუალებას.
ტოტალიტარიზმში არავის არ სჭირდება შენი დამოუკიდებელი აზრი, რომელიც სტანდარტს გაცდენილია. შენ უნდა იყო სტატისტიკური ერთი მოსახლე – სიტყვა მოქალაქესაც ვერ გამოვიყენებ. ადამიანის მთავარი მახასიათებელია თავისუფალი ნება, ღმერთმა ეს უბოძა ადამიანს და ამით განვსხვავდებით სხვა ბიოლოგიური არსებებისგან. როცა არ გაქვს თავისუფალი ნება და ვერ ირჩევ, რა გირჩევნია, ადამიანად ვეღარ რჩები, რაღაც ბიოლოგიური არსება ხარ, არსებობ, მაგრამ ხარ გალიაში შემწყვდეული.
ასე ცხვრის ფარაც არსებობს, მაგრამ როცა დრო მოვა, ვიღაცას გაპარსავენ, რადგან მატყლი დასჭირდებათ. რაღაც პერიოდის შემდეგ რომელიმე ცხვარს დაკლავენ, რადგან ვიღაცას მწვადი მოუნდება. მაინც ძოვს ბალახს ცხვრის ფარა, მეეს გაიძახის და მიიწევს წინ. ასე იქცევიან ადამიანები ცხვრის ფარად, ოღონდ ძოვონ ეს ბალახი, მერე რა, რომ ვიღაცას გაპარსავენ, ვიღაცას დაკლავენ, მაგრამ ასეთია ცხოვრება.
არცერთ ნორმალურ ადამიანს აქ დაბრუნება არ უნდა. რატომ იყო, რომ როცა არსებობდა „რკინის ფარდა“, რამდენი ადამიანი მოკლეს იმის გამო, რომ ბერლინის კედელს ახტებოდა დასავლეთ გერმანიაში მოსახვედრად? დასავლეთიდან აღმოსავლეთში არავინ გარბოდა. ასეთი არავის უნახავს. იმიტომ გარბოდნენ აღმოსავლეთიდან დასავლეთში, რომ იქ ხედავდნენ თავისუფლებას. სწორედ თავისუფლებაა ადამიანის უმთავრესი მოთხოვნა. ეს არ არის აბსტრაქცია. თავისუფლება არის, უპირველეს ყოვლისა, თავისუფალი ნება: რა მსურს, რა მინდა? რა პოტენციალი მაქვს? რის განვითარება მინდა?
გამოსდის ივანიშვილს, თქვენი აზრით, თავისუფლების მოსპობა ამ ქვეყანაში?
არ ვიცი, ივანიშვილი ხედავს თუ არა, მაგრამ ალბათ უფრო ხედავს – საკმაოდ ფხიზელი ადამიანია. მისი ამ ნეგატიური სელექციის შედეგად, ფაქტობრივად, ხელისუფლებაში არიან ადამიანები, რომლებიც მზად არიან, გაყვნენ ივანიშვილს ამ სცენარში, რომ რუსეთს ჩაბარდეს ქვეყანა, ოღონდ თვითონ პირადი კეთილდღეობა ჰქონდეთ.
შეიძლება რუსეთის სამსახურში გადაასწროს ვინმემ ივანიშვილს და მაშინ უკვე ივანიშვილი აღარ იქნება ის ერთადერთი პიროვნება, რომელიც რუსეთის დავალებას შეასრულებს. აი, ასეთ პოტენციალს მე ვუყურებ კობახიძეში. კობახიძე ისეთი შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ ის კიდევ უფრო მეტს შესთავაზებს სიამოვნებით რუსეთს, მაგალითად, ეს შეიძლება იყოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარება, როცა დრო მოვა და ეს საჭირო გახდება.
ასეთი ნაბიჯების გადადგმა ივანიშვილს უფრო გაუჭირდება, ჩემი აზრით, ვიდრე კობახიძეს და იმ ადამიანებს, ვისაც ის იკრებს ირგვლივ. ვფიქრობ, კონკურენცია გაჩნდება რუსეთის კარზე, ვინ ვის გადაასწრებს, ასე ვთქვათ, ვინ უფრო მეტს შეუსრულებს. შეიძლება, დადგეს მომენტი, რომ აი, ივანიშვილი და მისი „ქართული ოცნება“ ვერ ბედავენ გადადგან პირდაპირი ნაბიჯები რუსეთისკენ და აღიარონ ოკუპირებული ტერიტორიები, ან რაღაც ახალი ხელშეკრულებით მიებან რუსეთს. ამ დროს რუსეთი ეტყვის ივანიშვილს მადლობას იმისთვის, რაც გააკეთა, მაგრამ უნდა ჩაიწიოს, რადგან ახალგაზრდები უფრო საჭიროა, ესენი უფრო გვჭირდება ახლაო.
თითქმის ორი წელია გრძელდება საქართველოში პროევროპული საპროტესტო აქციები. ამ ტიპის საზოგადოებაში ივანიშვილი, ან რუსეთი ხედავს დიქტატურის დამყარების პირობას?
იმედი მაქვს, რომ ეს გეგმა არ უნდა გამოვიდეს, მაგრამ არც ის მიმაჩნია სწორედ, რაც ხშირად მესმის: არა, კაცო, საქართველო ბელორუსი არ არის, აქ ეს არ გამოვა. ქართველები არ ვიყავით იგივე საბჭოთა კავშირში? ნაკლებად მოვერგეთ საბჭოურ რეპრესიებს, ნაკლებად ვწერდით ანონიმებს ერთმანეთზე, თუ ერთმანეთი ნაკლებად დაახვრეტინეს ქართველებმა? რით არ მოვერგეთ კარგად ტოტალიტარიზმში ცხოვრებას?
ამის იმედად ყოფნა, რომ თურმე რაღაც საქართველოში არ გამოვა, არასწორი იქნება. არანაკლები როლი გვაქვს შესრულებული ტოტალიტარული მმართველობის ჩამოყალიბებაში. მართალია, ეს მაშინ რუსული ფენომენი იყო, მაგრამ მას სჭირდება მორჩილი მოსახლეობა. ჩვენც მოვერგეთ მშვენივრად, ძალიან დიდი როლი შევასრულეთ და დიდი ფასიც გადავიხადეთ – წესიერი ადამიანი არ დავტოვეთ, რომ არ დაგვეხვრიტა.
გამოფხიზლება იქნება არჩევნებზე მისვლა, რადგან ამხელა სიკეთე შეიძლება დაიკარგოს, რაც ბოლო 30 წლის მანძილზე გვაქვს გადახდილი იმის გამო, რომ რუსულ, ამ არაპროგრესულ სივრცეს მოვწყდეთ და დასავლური ცივილიზაციის ნაწილი გავხდეთ.
როგორ შეიძლება მოიქცეს ამომრჩეველი, თუ მას უკვე 2028 წლის არჩევნებზე რეალური ოპოზიციური პარტია ბიულეტენზეც აღარ დახვდება? აქამდე კრიტიკულად განწყობილი ამომრჩეველი ამბობდა, რომ ოპოზიცია სუსტია, ვერ დაანახეს ალტერნატივა.
სწორი შეკითხვაა, მაგრამ ძალიან რთულია პასუხის გაცემა. თუ შეიქმნა ისეთი სიტუაცია, რომ მხოლოდ მმართველი პარტია და სატელიტი ერთი-ორი პარტიაა არჩევნებში, მართლაც ძალიან ძნელია მოქმედება, თუმცა სიტუაცია ყოველთვის გვაჩვენებს რაღაც გამოსავალს. აქამდე არ უნდა მიგვეყვანა საქმე. ჩემი აზრით, მაინც არის შესაძლებლობები, რომ შეიქმნას ახალი პოლიტიკური მოთამაშეები, ვთქვათ, ერთი ან ორი, რომელიც არ არის აკრძალული, ან ვერ აიკრძალება.
არ ვიცი, რამდენად შეძლებს „ოცნება“ ამ რეპრესიების ბოლომდე მიყვანას. ვხედავთ, რომ იგივე პარტიების საბოლოოდ აკრძალვაზე თავს იკავებენ. ჩემი აზრით, გააჩნია რა სიტუაცია იქნება: თუ შეხედავს ივანიშვილი, რომ ამ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების რეიტინგი ძალიან დაბალია, იტყვის, რომ აი, ბატონო, არ ავკრძალე და მაინც გავიმარჯვეო. თუ საფრთხეს დაინახავს ამ პარტიებში, მაშინ გვეტყვიან, რომ სასამართლომ არაკონსტიტუციურად მიიჩნია პარტიები და აკრძალა, რამდენიმე სატელიტს შემოგვაჩეჩებენ და თითქოს ეს არჩევნებია.
ესეც ტოტალიტარიზმის თვალსაჩინო ინდიკატორია, რომ ცნებებს შეუცვალო მნიშვნელობა: პატრიოტიზმი ერქმევა სამშობლოს ღალატს, თავისუფლება – მონობას და ასე შემდეგ.
თავისთავად პარტიების აკრძალვა ისეთი საშინელებაა, ამას აუცილებლად უნდა მოჰყვეს და მოჰყვება კიდეც პროტესტი. ერთმანეთს უნდა ვუთხრათ და მთელს მსოფლიოს გავაგებინოთ, რომ არ ვიღებთ ტოტალიტარიზმს, არ შევეგუებით, მაგრამ ეს პროტესტი რომ გადაიზარდოს ხელისუფლების შეცვლაში, კონკრეტულ, პოლიტიკურ მექანიზმს უნდა მოფიქრება. მე სხვა მექანიზმს ვერ ვხედავ, თუ არა არჩევნები.
ივანიშვილს თამაშის შესაძლებლობები უნდა შევუზღუდოთ. ამისთვის კი, ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ სწორად. საზოგადოებამ არჩევნები ამ შემთხვევაში უნდა გამოიყენოს, როგორც თვითგადარჩენის მექანიზმი. მთავარი ძალაა მოქალაქეთა აქტიურობა, რაც თავისით ვერ გაჩნდება, ამას სჭირდება სწორი შეთავაზება, იმ პოლიტიკური ძალების გამოკვეთა, რომლის იმედი მიეცემა მოქალაქეთა 50 %-ს, რომელიც არჩევნებზე არ მიდის, მაგრამ ეს ხალხი, ცხადია, არაა „ოცნების“ ამომრჩეველი, ის პოტენციურად ოპოზიციის ამომრჩეველია.
ციტატები სტატიიდან
„არ ვიცი, ივანიშვილი ხედავს თუ არა, მაგრამ ალბათ უფრო ხედავს – საკმაოდ ფხიზელი ადამიანია. მისი ამ ნეგატიური სელექციის შედეგად ფაქტობრივად ხელისუფლებაში არიან ადამიანები, რომლებიც მზად არიან, გაყვნენ ივანიშვილს ამ სცენარში, რომ რუსეთს ჩაბარდეს ქვეყანა, ოღონდ თვითონ პირადი კეთილდღეობა ჰქონდეთ. ამავდროულად, შეიძლება რუსეთის სამსახურში გადაასწროს ვინმემ ივანიშვილს და მაშინ უკვე ივანიშვილი აღარ იქნება ის ერთადერთი პიროვნება, რომელიც რუსეთის დავალებას შეასრულებს. აი, ასეთ პოტენციალს მე ვუყურებ კობახიძეში. კობახიძე ისეთი შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ ის სიამოვნებით კიდევ უფრო მეტს შესთავაზებს რუსეთს,“
„უკვე საკმაოდ შეერყა ავტორიტეტი „ქართულ ოცნებას“ – ტყუილები აღარ ჭრის. ამიტომაც, ჩემი აზრით, გადაწყვიტეს, რომ მოდი, საერთოდ ოპოზიცია ავკრძალოთ, თორემ ვინმემ მართლა არ გაიმარჯვოსო… ჩემი აზრით, „ოცნებაში“ მაინცდამაინც ბევრსაც არ ფიქრობენ, რა და როგორ გააკეთონ – რუსეთიდან რა ინსტრუქციაც მოდის, ის უნდა გააკეთონ. ტოტალიტარული მმართველობის ერთ-ერთი უმთავრესი მაჩვენებელია ერთპარტიული მმართველობის სისტემა… ვიქნებით რაღაც კოლბაში, ჩაკეტილ ქილაში, შეიძლება საარსებოდ ჰაერი შემოვიდეს ქილის თავზე დატოვებული ნახვრეტიდან, რომ სუნთქვა შევძლოთ, ცივილიზებული სამყარო იქნება ჩვენს მიღმა,“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.