რომში, საერთაშორისო ღონისძიებაზე - "ქართული ხორბალი: ტრადიცია მომავლისთვის", ნინო წილოსანი სიტყვით გამოვიდა
რომში, FAO-ს სათავო ოფისში ქართული ხორბლის შესახებ ღონისძიება გაიმართა, სადაც მონაწილეებს სიტყვით პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანმა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა მიმართეს.

რომში, გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) სათავო ოფისში, სურსათის მსოფლიო ფორუმის (World Food Forum 2026) ფარგლებში, ქართული ხორბლის შესახებ ღონისძიება - „ქართული ხორბალი: ტრადიცია მომავლისთვის“ გაიმართა, სადაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი სიტყვით გამოვიდა.
ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით ასევე მიმართა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, დავით სონღულაშვილმა. ღონისძიებას ესწრებოდა პარლამენტის სოფლის მეურნეობის კომიტეტის თავმჯდომარე გელა სამხარაული.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართა პრეზენტაციები ქართული ხორბლის კულტურის, ტრადიციებისა და რიტუალების შესახებ.
აღინიშნა, რომ საქართველო ხორბლის წარმოშობისა და გენეტიკური მრავალფეროვნების ერთ-ერთი უძველესი კერაა მსოფლიოში. ქვეყანაში ხორბლის 14 სახეობაა გავრცელებული, მათგან 5 ენდემურია.
ქართული ხორბლის კულტურასთან დაკავშირებული ტრადიციები და რიტუალები 2025 წელს იუნესკოს (UNESCO) კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში შევიდა.
ღონისძიების მიზანი საერთაშორისო აუდიტორიისთვის ქართული ხორბლის ისტორიის, უნიკალური გენეტიკური მრავალფეროვნებისა და მასთან დაკავშირებული ტრადიციების გაცნობა იყო.
ქართული ხორბლის შესახებ საერთაშორისო ღონისძიება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.