ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

თბილისში დააკავეს ირანელი ოპოზიციონერი აქტივისტი - შსს ამბობს, რომ მას უფლება აქვს, „ნებაყოფლობით დატოვოს“...

შინაგან საქმეთა სამინისტროთბილისის საქალაქო სასამართლო

თბილისში ირანელი ოპოზიციონერი აქტივისტი მოჰამად მაჰდი რაჰიმიანი დააკავეს. უფლებადამცველები ამტკიცებენ, რომ ირანში გაძევების შემთხვევაში მის სიცოცხლეს საფრთხე შეექმნება, შსს კი აცხადებს, რომ მას ქვეყანაში ყოფნის კანონიერი საფუძველი აღარ აქვს და შეუძლია საქართველო ნებაყოფლობით დატოვოს.

თბილისში დააკავეს ირანელი ოპოზიციონერი აქტივისტი - შსს ამბობს, რომ მას უფლება აქვს, „ნებაყოფლობით დატოვოს“...
თბილისში დააკავეს ირანელი ოპოზიციონერი აქტივისტი - შსს ამბობს, რომ მას უფლება აქვს, „ნებაყოფლობით დატოვოს“...რადიო თავისუფლება

მისი ინტერესების დამცველი ორგანიზაცია აცხადებს, რომ ირანში გაძევების შემთხვევაში რაჰიმიანის სიცოცხლეს შეექმნება „რეალური და მყისიერი საფრთხე“.

შინაგან საქმეთა სამინისტროში კი ამბობენ, რომ რაჰიმიანი უკანონოდაა საქართველოში, - რაც გახდა მისი დაკავების საფუძველი, - თუმცა უფლება აქვს, „ნებაყოფლობით დატოვოს საქართველო“ - როგორც ირანის, ისე მესამე ქვეყნის მიმართულებით.

ვინ არის მოჰამად მაჰდი რაჰიმიანი

ოჯახმა და ახლობლებმა 12 ოქტომბერს თქვეს, რომ მოჰამად მაჰდი რაჰიმიანი თბილისში დააკავეს.

ის ირანელი აქტივისტია, რომელიც დაპირისპირებულია ირანის ისლამური რესპუბლიკის მმართველობასთან.

რაჰიმიანი არის ირანის უკანასკნელი შაჰის ვაჟის, აშშ-ში მყოფი რეზა ფეჰლევის მხარდამჭერი.

რეზა ფეჰლევი ისლამური რესპუბლიკის „დაცემის“ შემთხვევაში საკუთარ თავს ალტერნატიულ მმართველად განიხილავს.

რაჰიმიანი ოჯახთან ერთად 2021 წლიდან ცხოვრობს საქართველოში და აქაურ საპროტესტო აქციებშიც იღებს მონაწილეობს.

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი, რომლებიც ქართულ სკოლაში დადიან.

„მყისიერი საფრთხე გაძევების შემთხვევაში“

უფლებადამცველმა ორგანიზაციამ, „უფლებები საქართველო“, 13 ოქტომბერს დაწერა, მისი იურისტები მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში შეხვდნენ რაჰიმიანს და „დაცვის პოზიცია შეუთანხმეს“.

ამ ცნობიდან ირკვევა, რომ 13 ოქტომბერს მიგრაციის დეპარტამენტმა გასაუბრებაზე დაიბარა რაჰიმიანის მეუღლეც, თუმცა ეს გასაუბრება ხუთშაბათისთვის, 15 ოქტომბრისთვის გადაიდო.

„რაჰიმიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ირანში გაძევების შემთხვევაში შეექმნება რეალური და მყისიერი საფრთხე“, - აცხადებს ორგანიზაცია.

ირანი სასტიკად სჯის ისლამური რევოლუციის იდეოლოგიის მოწინააღმდეგეებს, - მათ შორის სიკვდილით დასჯით.

ორგანიზაციამ მოუწოდა სახელმწიფო ორგანოებს, „იმოქმედონ არგაძევების პრინციპიდან გამომდინარე, საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად“.

შსს-ს პრესცენტრში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ 12 ოქტომბერს მიგრაციის დეპარტამენტში დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება „საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქის, მოჰამმად მაჰდი რაჰიმიანის მიმართ“.

რატომ დააკავეს რაჰიმიანი?

შსს-ში ამბობენ, რომ:

რაჰიმიანი საქართველოში 2022 წლის 22 აპრილს შემოვიდა;

იმავე წლის 26 დეკემბერს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს საერთაშორისო დაცვის მოთხოვნით მიმართა.

მიგრაციის დეპარტამენტმა 2024 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილებით მას საერთაშორისო დაცვის მინიჭებაზე უარი უთხრა - „სამართლებრივი საფუძველი“ არ არსებობსო.

რაჰიმიანმა მიგრაციის დეპარტამენტის ეს გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებმა გადაწყვეტილება ძალაში დატოვეს.

„შესაბამისად, 2026 წლის 26 ივნისიდან ირანის ისლამური რესპუბლიკის აღნიშნულ მოქალაქეს შეუწყდა თავშესაფრის მაძიებლის სტატუსი და მას საქართველოში ყოფნის სხვა სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია“, - ამბობენ შსს-ში.

„უფლება აქვს, ნებაყოფლობით დატოვოს საქართველო“ - შსს

შსს ადასტურებს, რომ რაჰიმიანი მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრშია.

„მის მიმართ მიმდინარეობს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი პროცედურები“, - ამბობენ სამინისტროს პრესცენტრში.

შსს მიუთითებს, რომ მას „უფლება აქვს, ნებაყოფლობით დატოვოს საქართველო როგორც წარმოშობის ქვეყნის, ისე მესამე ქვეყნის მიმართულებით“.

უცხოელებს ქვეყნიდან აძევებენ

შსს-ს მონაცემებით, 2026 წლის 9 თვეში საქართველოდან გააძევეს 2036 ადამიანი.

2026 წლის 7 აგვისტოს საქართველო დაატოვებინეს უნგრელ ჟურნალისტსა და აქტივისტს, 26 წლის ლასლო რობერტ მეზეშს.

მასაც „ნებაყოფლობით“ დაატოვებინეს ქვეყანა დაკავების შემდეგ. ის უნგრეთში დაბრუნდა.

საქართველოდან გაძევება ემუქრება ფრანგ ფოტოგრაფს, ფრანსის პრიმერსკისაც.

2026 წლის 12 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ მისი საჩივარი არ დააკმაყოფილა - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გამოცემული აქტი, რითაც მას ბინადრობაზე უარი უთხრეს, ძალაში დატოვა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„რაჰიმიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ირანში გაძევების შემთხვევაში შეექმნება რეალური და მყისიერი საფრთხე“
„იმოქმედონ არგაძევების პრინციპიდან გამომდინარე, საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად“
„შესაბამისად, 2026 წლის 26 ივნისიდან ირანის ისლამური რესპუბლიკის აღნიშნულ მოქალაქეს შეუწყდა თავშესაფრის მაძიებლის სტატუსი და მას საქართველოში ყოფნის სხვა სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია“
„მის მიმართ მიმდინარეობს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი პროცედურები“
„უფლება აქვს, ნებაყოფლობით დატოვოს საქართველო როგორც წარმოშობის ქვეყნის, ისე მესამე ქვეყნის მიმართულებით“
მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?