აშშ-ის მხარდაჭერით, რაჭაში მამისონის სასაზღვრო სექტორის ახალი შენობა გაიხსნა
რაჭაში, აშშ-ის მხარდაჭერით, მამისონის სასაზღვრო სექტორის ახალი შენობა გაიხსნა, რომლის ღონისძიებაშიც შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა და აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა კორტნი ოსტრიანმა მიიღეს მონაწილეობა.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, სულხან თამაზაშვილმა სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ჯავა-ონის სამმართველოს სასაზღვრო სექტორის – „მამისონის“ ახალი შენობა გახსნა.
შსს-ს ცნობით, ღონისძიებას ასევე ესწრებოდა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი კორტნი ოსტრიანი.
სასაზღვრო სექტორის ახალი შენობის მშენებლობის პროექტი ამერიკის შეერთებული შტატების ევროპის სარდლობის (EUCOM), საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის ადმინისტრაციისა (DEA) და რეგიონული უსაფრთხოების ოფისის (RSO) მხარდაჭერით განხორციელდა.
სასაზღვრო სექტორი, რომელიც ზღვის დონიდან 1800 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს, აღიჭურვა თანამედროვე ინვენტარითა და უახლესი ტექნიკით. შენობის ინფრასტრუქტურა ადგილობრივი რთული კლიმატური პირობების გათვალისწინებით არის მოწყობილი, რაც მესაზღვრეებს სამსახურებრივი მოვალეობის ეფექტიანად შესრულებისა და ყოველდღიური საქმიანობისთვის სათანადო პირობებს უქმნის.
შინაგან საქმეთა მინისტრმა მესაზღვრეებს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და პროფესიულ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. სულხან თამაზაშვილმა ასევე მადლობა გადაუხადა ამერიკულ მხარეს პროექტის მხარდაჭერისთვის.
ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე გაგა კირკიტაძე, სასაზღვრო პოლიციის უფროსი დავით თამაზაშვილი და შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა ხელმძღვანელი პირები.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.