ნოდარ რუხაძე: ქალაქი ისიც არის, რასაც მშენებლობის სახელით ანადგურებ
რამდენადაც არ უნდა ეცადო, საქართველოში პოლიტიკას თავი აარიდო, ბოლოს მაინც შენს კართან მოვა და მოგიკაკუნებს. ახლახან გავიგე, რომ წერეთელზე, Expo Georgia-ს ტერიტორიაზე, კომპანია Cityzen-ი 500-მილიონიანი პროექტის, „სითიზენ ექსპოს“, განხორციელებას აპირებს. პროექტი მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსებს, საოფისე ცენტრებს, სასტუმროებსა და სავაჭრო სივრცეებს მოიცავს.
ნოდარ რუხაძე:
რამდენადაც არ უნდა ეცადო, საქ��რთველოში პოლიტიკას თავი აარიდო, ბოლოს მაინც შენს კართან მოვა და მოგიკაკუნებს.
ახლახან გავიგე, რომ წერეთელზე, Expo Georgia-ს ტერიტორიაზე, კომპანია Cityzen-ი 500-მილიონიანი პროექტის, „სითიზენ ექსპოს“, განხორციელებას აპირებს. პროექტი მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსებს, საოფისე ცენტრებს, სასტუმროებსა და სავაჭრო სივრცეებს მოიცავს.
მეოთხე კლასიდან მოყოლებული, საგამოფენო კომპლექსთან ახლოს ვცხოვრობ. ეს ტერიტორია და მისი პარკი ჩემთვის და ყველასთვის, ვინც ამ უბანში დაიბადა და გაიზარდა, განსაკუთრებული და შეუცვლელი ადგილია. დიდუბე და წერეთლის გამზირი ისედაც ერთ-ერთი ყველაზე დაბინძურებული, ჰაერის ხარისხის მხრივ პრობლემური და ბეტონით გადატვირთული ნაწილია ამ ქალაქის. Expo Georgia-ს ტერიტორია კი ამ უბნის ერთ-ერთი უკანასკნელი მწვანე ოაზისია ადგილი, სადაც შეგიძლია სუფთა ჰაერი ჩაისუნთქო, განიტვირთო, სიმწვანეს უყურო, ირბინო ან უბრალოდ ჩამოჯდე და დაისვენო.
აქ დილიდან საღამომდე მოდიან ოჯახები ბავშვებთან ერთად, ხანდაზმულები, ადამიანები, რომლებსაც უბრალოდ სჭირდებათ სივრცე ქალაქის ხმაურისა და ქაოსისგან თავის დასაღწევად.
იმის ნაცვლად, რომ არსებული მწვანე სივრცეები დავიცვათ, გავაფართოოთ და ახალი პარკები შევქმნათ, ქალაქის განვითარება ისევ ბეტონისა და კომერციული ინტერესების სასარგებლოდ იგეგმება.
თურმე ამბობენ, რომ ექსპო ჯორჯიას პარკს არავინ ეხება და ამ ადგილს „ახალ სიცოცხლეს“ აჩუქებენ, მაგრამ უბრალოდ ჩახედეთ რენდერებს! ჩახედეთ ამ გიგანტურ ცათამბჯენებს და ნახეთ, როგორ ჩრდილავს ეს ბეტონის კედლები მთლიანად პარკსა და მზის სინათლეს. რომც არ მოჭრან უშუალოდ ხეები, წლობით მოსალოდნელი ნახევარმილიარდიანი მშენებლობის ბუღი, მტვერი, უწყვეტი ხმაური და მძიმე ტექნიკის გამონაბოლქვი პარკში ყოფნას შეუძლებელს გახდის.
არაფერი ვიცი ამ კომპანიის მფლობელების შესახებ, მაგრამ ასეთი მასშტაბის პროექტის განხორციელება ხელისუფლების მხარდაჭერისა თუ ხელშეწყობის გარეშე რთულად წარმოსადგენია. ამიტომაც სრულიად ლეგიტიმურია კითხვები, ვის ინტერესებს ემსახურება ქალაქის ასეთი განვითარება და ვინ იღებს გადაწყვეტილებებს იმ სივრცეებზე, რომლებიც ათასობით ადამიანის ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია.
ამასობაში, BMG-ისა თუ სხვა მედიასაშუალებების ეთერებიდან გვარწმუნებენ, რომ თურმე ჩვენ ვერ გავიგეთ, რას ნიშნავს თანამედროვე განვითარება და უბრალოდ ვერ ავყევით პროგრესს.
ეს უბრალოდ სირცხვილია.
საზოგადოების ასეთი თავხედური აბუჩად აგდება და ბეტონის გიგანტური კომპლექსების „პროგრესად“ გასაღება მაშინ, როცა ქალაქში მწვანე სივრცეები სულ უფრო მცირდება და ჰაერის ხარისხი სულ უფრო მეტ პრობლემას გვიქმნის, წარმოუდგენელია.
თანამედროვე ქალაქი მხოლოდ ცათამბჯენები, სავაჭრო ცენტრები და მილიონიანი პროექტები არ არის. თანამედროვე ქალაქი პირველ რიგში მისი მოქალაქეებისთვის უნდა შენდებოდეს. ქალაქი, სადაც ადამიანს აქვს პარკი, სუფთა ჰაერი, სიმშვიდე და სივრცე, სადაც შეუძლია უბრალოდ არსებობა ისე, რომ ამისთვის ფულის დახარჯვა არ სჭირდებოდეს. ეს პირველად ლონდონში აღმოვაჩინე.
როცა ადამიანს საკუთარ ქალაქში ელემენტარული ჯანსაღი გარემოსა და მშვიდი სივრცის უფლებასაც ართმევ, მერე აღარ უნდა გაგიკვირდეს, რატომ უნდა ამდენ ადამიანს აქედან წასვლა.
ქალაქი მხოლოდ ის შენობები არ არის, რომლებსაც აშენებ. ქალაქი ისიც არის, რასაც მშენებლობის სახელით ანადგურებ.
მასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.