"თავდასხმა სრულიად უაზრო იქნება" - ნატოს მთავარსარდალი გრინკევიჩი რუსეთს აფრთხილებს
ნატოს სარდალმა ალექსუს გრინკევიჩმა განაცხადა, რომ ალიანსის წევრზე თავდასხმის შემთხვევაში ნატოს ძალები გაანადგურებენ ყველაფერს, რაც აგრესიაში იქნება გამოყენებული, და თავდასხმა სრულიად უაზრო გახდება.

ნატოს მთავარსარდალმა ალექსუს გრინკევიჩმა რუსეთი მკაცრად გააფრთხილა. მისი განცხადებით, თუ მოსკოვი იმდენად უგუნურად მოიქცევა, რომ ალიანსის რომელიმე წევრ ქვეყანას თავს დაესხმება, მისი ძალები გაანადგურებენ აბსოლუტურად ყველაფერს, რაც თავდასხმაში იქნება გამოყენებული.
ვარშავაში გამართულ უსაფრთხოების კონფერენციაზე, სადაც მან გამარჯვების მიღწევის საკუთარ ხედვაზე ისაუბრა, აშშ-ის საჰაერო ძალების გენერალმა, ალექსუს გრინკევიჩმა განაცხადა, რომ ნატო თავდაცვითი ალიანსია, თუმცა ალიანსი თავისი ნებისმიერი წევრი ქვეყნის წინააღმდეგ მიმართულ თავდასხმას შეაჩერებს, შეასუსტებს და საბოლოოდ გაანადგურებს, რათა თავდასხმა სრულიად უშედეგო აღმოჩნდეს.
მედიის ინფორმაციით, ევროპაში ნატოს მოკავშირეთა ძალების უმაღლესმა მთავარსარდალმა გრინკევიჩმა, ეს განცხადება ევროპის ქვეყნებსა და რუსეთს შორის მზარდი დაძაბულობის ფონზე გააკეთა.
ევროპის მთავრობებმა მოსკოვი დივერსიული კამპანიის, დრონების შეჭრისა და კიბერშეტევების გააქტიურებაში დაადანაშაულეს, ხოლო რუსეთმა გასულ თვეში განაცხადა, რომ ბირთვულ იარაღს გამოიყენებდა, თუ ნატო რუსეთისგან კალინინგრადის ანკლავის მოწყვეტას შეეცდებოდა.
როგორც Reuters-ი წერს, ვარშავის უსაფრთხოების ფორუმზე გამოსვლისას, გრინკევიჩს რუსეთი პირდაპირ არ დაუსახელებია, თუმცა მისი სიტყვები აშკარად მოსკოვისკენ იყო მიმართული. აღსანიშნავია, რომ ნატოს 2022 წლის სტრატეგიული კონცეფცია, რუსეთს ალიანსის უსაფრთხოების მთავარ საფრთხედ განსაზღვრავს.
"თუ ვინმე იმდენად უგუნური იქნება, რომ თავს დაგვესხას, ჩვენ ვიბრძოლებთ. ჩვენ შევაჩერებთ თავდასხმას და ხელს შევუშლით მტერს თავისი მიზნების მიღწევაში, რა მიზნებიც არ უნდა იყოს ეს. მოკლედ, ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ ნებისმიერ მოკავშირეზე ნებისმიერი თავდასხმა სრულიად უაზრო იყოს“, - განაცხადა გრინკევიჩმა.
ციტატები სტატიიდან
„თუ ვინმე იმდენად უგუნური იქნება, რომ თავს დაგვესხას, ჩვენ ვიბრძოლებთ. ჩვენ შევაჩერებთ თავდასხმას და ხელს შევუშლით მტერს თავისი მიზნების მიღწევაში, რა მიზნებიც არ უნდა იყოს ეს. მოკლედ, ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ ნებისმიერ მოკავშირეზე ნებისმიერი თავდასხმა სრულიად უაზრო იყოს“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.