დაკავება ნარკოდანაშაულის საქმეზე - როგორ გავიდნენ სამართალდამცველები დანაშაულებრივი ჯგუფის კვალზე
სამართალდამცველებმა ბათუმში ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის ოთხი მოქალაქე დააკავეს, რომელთაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოუღეს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ.

62 შეკვრა მეთადონი პოლიციამ თურქეთის მოქალაქის ხელჩანთიდან ამოიღო. ასევე გასაყიდად გამზადებული მეთადონი პოლიციამ აზერბაიჯანის მოქალაქეს ქურთუკის ჯიბეში უპოვა.
ნარკოდანაშაულისთვის ორივეს ხელბორკილები ერთდროულად დაადეს და პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. ირკვევა, რომ თურქეთის და აზერბაიჯანის მოქალაქეები ორგანიზებული ჯგუფის წევრები იყვნენ და ნარკოტიკების გასავრცელებლად შეთანხმებული გეგმით მოქმედებდნენ.
როგორ გავიდნენ სამართალდამცველები დანაშაულებრივი ჯგუფის კვალზე, "კურიერისთვის"ცნობილია. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს ინფორმაცია ჰქონდათ, რომ კონკრეტული პირები ნარკოტიკების გავრცელებას გეგმავდნენ, ჩატარდა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები და საპოლიციო ღონისძიებაც დაიგეგმა. თურქეთის და აზერბაიჯანის მოქალაქეები სამართალდამცველებმა იმ დროს აიყვანეს, როდესაც ნაქირავები ბინიდან გარეთ გავიდნენ.
ნარკოდანაშაულისთვის პოლიციამ ბათუმში უცხო ქვეყნის კიდევ ორი მოქალაქე აიყვანა.
დაკავებულია ტაჯიკეთის მოქალაქე, მას პირადი ჩხრეკისას 174 შეკვრა მეთადონი ამოუღეს. ნარკოტიკი ჰქონდა ნაქირავებ ბინაშიც. ეს კადრებიც სწორედ მის სახლშია გადაღებული, პოლიციამ მცირე ზომის ჩანთიდან 62 შეკვრა მეთადონი და ნარკოტიკების დასაფასოებლად საჭირო მოწყობილობები ამოიღო.
ხელბორკილდადებული მამაკაცი, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, კურიერის ინფორმაციით, რუსეთის მოქალაქეა. 32 წლის მამაკაცი, რომელიც პოლიციამ ქუჩაში გადაამოწმა და ჩანთიდან 50 გრამამდე ტეტრაჰიდროკანაბინოლი ამოუღო.
ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ საპოლიციო ღონისძიება ბათუმში ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ჩაატარეს. აღკვეთილია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების გაყიდვის ფაქტები.
თურქეთის, აზერბაიჯანის, რუსეთის და ტაჯიკეთის მოქალაქეებს ბრალი ოფიციალურად უკვე წარედგინათ. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.