“დეკადანსი, სახელმწიფოს მოსპობა, ივანიშვილის ხელწერა!” – ლევან ლორთქიფანიძე
პოლიტოლოგი ლევან ლორთქიფანიძე ეროვნულ ბანკს მწვავედ აკრიტიკებს და ამტკიცებს, რომ უწყება კონკრეტული პირის სანქციებისგან დასახსნელად მთელ სისტემას თავდაყირა აყენებს, ხოლო მოქალაქეების ფინანსური კეთილდღეობის ბედი საერთოდ არ ანაღვლებს.

პოლიტოლოგი, ლევან ლორთქიფანიძე:
საქართველოს პირველი რესპუბლიკის დროს ეროვნულ ბანკს ოპოზიციონერი, იასონ ლორთქიფანიძე ხელმძღვანელობდა.
ეროვნულ-დემოკრატს ყველა პარტიაში სცემდნენ პატივს მისი უბადლო განათლების, კვალიფიკაციის, დიდ ეროვნულ საქმეებში მონაწილეობის გამო. ნიკოლოზ ბარათაშვილის ნეშტის მოძიება და გადმოსვენება მის სახელთანაც არის დაკავშირებული, სათავეში ედგა და ზრუნდავდა წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ერთ-ერთ სკოლაზე საქართველოს საზღვრებს მიღმა, ივანე ჯავახიშვილი და ქართული უნივერსიტეტის დამფუძნებელი საზოგადოება მას ანდობდნენ სასწავლებლისთვის შეგროვებულ მთელ ავლა-დიდებას…
სადამდე დავეცით ამ სტანდარტიდან?
ეროვნულ ბანკს ხელმძღვანელობს “ღრმა სახელმწიფოს” ნამდვილი სახე, პოლიტიკური ქამელეონი, ყველა ხელისუფლების დროს მთავრობაში ნამუშევარი პირი… ადამიანი, რომელმაც თავისი ცხოვრების დიდი ნაწილი უღარიბესი, გაუბედურებული სახელმწიფოს ხელისუფლებაში მაღალ თანამდებობებზე გაატარა და მაინც უმდიდრესი პირია. ნაცების მსხვილი შემწირველი და ქოცების ერთგული მსახური – ყველაფერი გამოსდის… ერთმა მითხრა : “რა გინდა, მაგარი ქალია. ჩხარტიშვილი, ბენდუ, ივანიშვილი… ქიციც იცის და ქიცმაცურიც, რაის ტატოს გადმომსვენებელი!”
ეროვნული ბანკი არის დაწესებულება, რომელიც მკვლელის, ყაჩაღის, რუსეთის ქვეშევრდომის, ამ ქვეყნის მტრის გადასარჩენად, მისი ფულისა და კაპიტალის დასაცავად სპეციალურ რეგულაციებს აწესებს… ერთი კონკრეტული ბანდიტის სანქციებისგან დასახსნელად სუვერენიტეტის სახელით (!!!!!) თავდაყირა აყენებს მთელ სისტემას.
ეროვნული ბანკი არის ინსტიტუტი, რომელსაც ზედამხედველობს პაპუაშვილის ხმით არჩეული ნანა ყეინიშვილი… ყველა ნიშნით, ყველა მახასიათებლით, განათლებით, კულტურით, მჭევრმეტყველებით, პატიოსნებით… არ ვიტყვი როგორი ადამიანი! “51% თქვენა, 49% ჩვენა” სუბიექტი, რომელმაც წითელზე და მწვანეზე სიარული იცის.
იმაზე აღარაფერს ვამბობ, რომ ამხელა უწყებას, ცენტრალურ ბანკს მხოლოდ ინფლაცია აქვს თავის კომპეტენციად შემოხაზული და არ ენაღვლება ყველაზე ღარიბი მოქალაქეების ფინანსური კეთილდღეობის ბედი. ვალზე, ფასებსა და ათას სხვა განსაცდელზე პილატესავით აქვთ ხელები დაბანილი, “სეიფგარდის” 99%-იანი ანტიბაქტერიული საპნით…
დეკადანსი, სახელმწიფოს მოსპობა, ივანიშვილის ხელწერა!
ციტატები სტატიიდან
„რა გინდა, მაგარი ქალია. ჩხარტიშვილი, ბენდუ, ივანიშვილი… ქიციც იცის და ქიცმაცურიც, რაის ტატოს გადმომსვენებელი!“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.