ამერიკელი სენატორები მოითხოვენ, ტრამპმა უარი თქვას რუსული დიზელის საწვავის იმპორტზე
ამერიკელი სენატორები აცხადებენ, რომ ტრამპის გადაწყვეტილება რუსეთიდან დიზელის საწვავის იმპორტის შესახებ კანონს პირდაპირ ეწინააღმდეგება და მოითხოვენ, ადმინისტრაციამ კურსი დაუყოვნებლივ შეცვალოს.

დემოკრატი და რესპუბლიკელი სენატორების ერთობლივი განცხადება, რომ პუტინისთვის ფინანსური დახმარების გაწევა დაუშვებელი და უკანონოა, 11 ოქტომბერს გამოქვეყნდა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის საიტზე.
რას მოითხოვენ სენატორები და რატომ?
დემოკრატი სენატორების, ჯინ შაჰინის, რიჩარდ ბლუმენტალის და რონ უაიდენის და რესპუბლიკელი სენატორების, სიუზან კოლინზის, ლიზა მურკოვსკის, ტომ ტილისის და ჯონ კერტისის განცხადებით, 2022 წელს კონგრესმა აკრძალა რუსეთიდან ენერგომატარებლების იმპორტი, რათა არ დაუშვას უკრაინის წინააღმდეგ პუტინის სასტიკი ომის დაფინანსება და მკაფიოდ მიუთითა, რომ შეერთებულმა შტატებმა რუსეთიდან ნავთობის იმპორტი არ უნდა განახორციელოს, სანამ ის არ შეწყვეტს აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ და მუქარას ნატოელი მოკავშირეების მიმართ.
სენატორთა თანახმად, პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილება რუსეთიდან დიზელის საწვავის იმპორტის შესახებ, პირდაპირ ეწინააღმდეგება კონგრესის მიერ მიღებულ კანონს. პრეზიდენტის ადმინისტრაციას კონგრესთან კონსულტაციები არ ჰქონია და არ განუმარტავს, რაც ეფუძნება გადაწყვეტილება, როგორც ამას კანონი მოითხოვს.
ამერიკელი სენატორების ჯგუფი აცხადებს, რომ აშშ პუტინს ფინანსურად არ უნდა დაეხმაროს, სანამ რუსეთი განაგრძობს უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის დახოცვას. სენატორები მოითხოვენ, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ კურსი დაუყოვნებლივ შეცვალოს.
9 ოქტომბერს, რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტმა ტრამპმა გამოაცხადა, რომ რუსეთი დაუყოვნებლივ დაიწყებს დიზელის საწვავის მიწოდებას აშშ-ისა და საერთაშორისო ბაზრებისთვის.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთისთვის მიცემული ნებართვა არის ომში ინვესტირება და საჩუქარი პუტინისთვის და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ნებისმიერ შესუსტება სისუსტეა
9 ოქტომბერს აშშ-ში დაგეგმილზე ერთი დღით ადრე დასრულდა უკრაინა-ამერიკის მოლაპარაკება. გამოცემა Financial Times-ის წყაროთა თანახმად, ვიზიტის ხანგრძლივობა შეამცირა კიევის დელეგაციამ, რომლისთვისაც მოულოდნელი იყო ტრამპის განცხადება რუსული დიზელის საწვავის იმპორტის განახლების შესახებ.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.