ყველანი დაისჯებით, თქვენს არაადამიანურ და სისტემურ დანაშაულს მსოფლიოს ვაჩვენებ! - გიორგი დავითაძის დედა
პატიმარ გიორგი დავითაძის დედა ირმა დავითაძე ხელისუფლებას რუსთავის მე-6 ციხეში მომხდარი ძალადობის საქმის ორ დღეში დახურვასა და მოძალადეების გამართლებაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ამ სისტემურ დანაშაულს მსოფლიოს აჩვენებს.

მას შემდეგ, რაც „შაბათის ეთერმა“ რუსთავის მე-6 ციხეში მომხდარი უმძიმესი ძალადობის მთავარი ფიგურანტი - თეთრხელთათმანიანი ბადრაგი გაშიფრა, პატიმარ გიორგი დავითაძის დედა პირველ კომენტარს აკეთებს. ირმა დავითაძე ხელისუფლების უმოქმედობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ 9 თვის განმავლობაში გაჭიანურებული საქმის ორ დღეში დახურვა მოძალადეების გამართლების მცდელობაა, რასაც ბოლომდე შეებრძოლება.
იქნებ შეჩერებულიყო და იქნებ განელებულიყო ეს თემა ხალხში. ეს იყო ამათი მიზეზი, რის გამოც 2 დღეში დაასრულეს. თურმე შესაძლებელი ყოფილა გამოძიების დასრულება სწრაფად, მაგრამ არა ორ დღეში. როგორ, 9 თვე თუ ვერ გამოიძიეს, 2 დღეში როგორ დაასრულეს? გპირდებით მე თქვენ, მე, რაც ერთი მოქალაქის ძალას შეუძლია, ბოლომდე მივიყვან ამ საქმეს და თქვენს არაადამიანურ და სისტემურ დანაშაულს მსოფლიოს ვაჩვენებ. აი, მაშინ ვნახოთ ვინ დაისჯება და ვინ არა. ყველა დაისჯებით, გაძლევთ პირობას. ყველანი დაისჯებით - ის ბადრაგები, ტრაპაიძე, პატარიძე და ეს "გამპრავებლები" კიდევ მათ შორის. მართალია, ამ უსამართლო ქვეყანაში, სადაც თქვენ გამართლებული ხართ, უბედური და საზიზღარი ადამიანები, მოძალადეები, არაკაცები და პატარა კაცები, გაგამართლეს დღეს, მაგრამ აი, სულ ცოტა დაგველოდეთ და თქვენს ადგილს აუცილებლად იპოვით ზუსტად აი, ამ მდგომარეობაში, როგორ მდგომარეობაშიც თქვენ გიორგი და ყველა პატიმარი ამყოფეთ მთელი ამ წლების მანძილზე, აი, იგივეს განიცდით, გაძლევთ პირობას.
დავალების შემსრულებელი ერთი ჭანჭიკია, უნამუსო და უსინდისო ჭანჭიკია, ის არაფერს წარმოადგენს, ის დავალებას ასრულებდა ტრაპაიძის და შალვა ფერაძის. იმის მაგივრად, რომ დაგესაჯათ ეს მოძალადეები და ერთი სამაგალითო დასჯა მიანც ჩაგეტარებინათ ამ ქვეყანაში ვინმეს მიმართ, თუ პოლიციელის თუ ბადრაგების თუ ტრაპაიძე, რომელიც ასე გიყვართ და ვერ იშორებთ, აი, ის ტრაპაიძე მოგიღებთ თქვენ ბოლოს, - ამბობს ირმა დავითაძე.
ირმა დავითაძის თქმით, სისტემა რეალურ მტკიცებულებებს შეგნებულად მალავს, რადგან სათვალთვალო კამერების ხმოვანი ჩანაწერების გასაჯაროება საზოგადოების კიდევ უფრო დიდ პროტესტს გამოიწვევდა.
ხმოვან კადრებს, რომელსაც მე ვითხოვდი, ეს რომ გაესაჯაროებინათ, მაშინ ნახავდნენ ესენი ადამიანების რისხვას, ხალხის რისხვა როგორ დაატყდებოდა მათ თავს, როგორ ესაუბრებიან ისინი პატიმრებს, როგორ მოიხსენიებენ მათ პატარა შვილებს, ეს არაკაცები, აი, მაშინ უფრო მეტ რისხვას მიიღებდნენ, თუმცაღა ახლაც დიდი რისხვა დაატყდათ თავს. ისეთ დღეში არიან, რომ ტროლ-ბოტებმაც კი ვერ გადაფარეს ხალხის რისხვა. რა დავინახე? სრული უმოქმედობა ხელისუფლების მხრიდან, თავხედი ხელისუფლების, თავიანთი პრემიერ-მინისტრიდან დაწყებული მინისტრებით დამთავრებული, უპასუხისმგებლო, შეშინებული ხელისუფლება ვნახე მე გუშინ. ყველამ დაინახა, როგორი ვირთხები ხართ თქვენ, ბატონებო, - ამბობს ირმა დავითაძე.
TV პირველის „შაბათის ეთერის“ ჟურნალისტებმა გაარკვიეს, რომ რუსთავის №6 მკაცრი რეჟიმის ციხის ზედამხედველი, რომელსაც პატიმარი გიორგი დავითაძე გაუპატიურებაში ადანაშაულებს („ბადრაგი თეთრი ხელთათმანებით“), სინამდვილეში 22 წლის გიორგი ვარაბიოვია და არა გიორგი კვარაცხელია, რა სახელითაც ის პატიმრებს ეცნობოდა.
ვარაბიოვის ბებიამ, მზია ყრუაშვილმა, „შაბათის ეთერთან“ დაადასტურა შვილიშვილის ვინაობა და აღნიშნა, რომ პენიტენციურ სისტემაში მათი ოჯახის სხვა წევრებიც მუშაობენ - ვარაბიოვის დედა, ეკატერინე ყრუაშვილი (ქალთა ციხეში) და დეიდა, შორენა ყრუაშვილი.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.