ზელენსკი; რუსეთმა დიზელის ექსპორტზე სანქციების მოხსნისთვის მადლიერება დაბომბვით გამოხატა
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთმა ზაპოროჟიეში საცხოვრებელი სახლები დაბომბა, რასაც 12 ადამიანის სიცოცხლე შეწირა. ზელენსკი ამას აშშ-ის მიერ დიზელის ექსპორტზე სანქციების მოხსნის საპასუხო მადლობად აფასებს. თავის მხრივ, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ პუტინთან შეთანხმებით რუსეთი მსოფლიო ბაზარს მილიონობით ტონა დიზელს მიაწვდის, რაც საწვავის გაიაფებას ემსახურება.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი წერს, რომ რუსეთი აშშ-ს მიერ დიზელის ექსპორტზე სანქციების მოხსნისთვის მადლიერებას ზაპოროჟიეში საცხოვრებელი სახლების დაბომბვით გამოხატავს, რის შედეგადაც 12 ადამიანი, მათ შორის 3 ბავშვი დაიღუპა.
ზელენსკის თქმით, გასულმა ღამემ აჩვენა, რომ რუსეთში ზეწოლის შემსუბუქებას "ქალაქებზე ბომბების ჩამოყრის გაგრძელების" საშუალებად აღიქვამენ. მანვე ხაზი გაუსვა, რომ "სხვანაირი გზავნილები არის საჭირო" და რუსეთმა დანაკარგი უნდა იგრძნოს.
უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ამას შორი მანძილის სამხედრო შესაძლებლობებით უზრუნველყოფენ.
"დღეს რუსეთმა დიზელის ექსპორტზე სანქციების მოხსნისთვის მადლობა ზაპოროჟიეში საცხოვრებელ შენობებზე ხუთი მცორავი ბომბის ჩამოგდებით გადაიხადა. სამწუხაროდ, ამ დროისთვის დადასტურებულია, რომ თორმეტი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის სამი ბავშვი. ვუსამძიმრებ მათ ოჯახებსა და ახლობლებს. [...]
გასულმა ღამემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ რუსეთში ზეწოლის შემსუბუქებას აღიქვამენ ისე, რომ ბრძოლისა და ქალაქებზე ბომბების ჩამოყრის გაგრძელება შეუძლიათ. სხვანაირი გზავნილები არის საჭირო. რუსეთმა უნდა გაიგოს, რომ ომი უნდა შეწყვიტოს და ამისთვის რუსეთმა თავისი დანაკარგები უნდა იგრძნობს. ახლა ამას ჩვენი შორი მანძილის სამხედრო შესაძლებლობები უზრუნველყოფს და რუსულ იერიშებს ვუპასუხებთ. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც გვეხმარება". - წერს ზელენსკი.
გარდა ამისა, ზელენსკის თქმით, დამატებით 14 ადამიანი დაშავდა, რომელთაგან 2 კრიტიკულ მდგომარეობაშია, ხოლო 12 სხვა ადამიანის მდგომარეობა ჯერჯერობით უცნობია.
"დამატებით თოთხმეტი ადამიანი დაშავდა, რომელთაგან ორი კრიტიკულ მდგომარეობაშია - ექიმები მათი სიცოცხლეების გადასარჩენად იბრძვიან. სხვა თორმეტი ადამიანის სტატუსი, რომლებიც შესაძლოა იქ ყოფილიყვნენ, კვლავ მოწმდება. ადგილზე ყველა საგანგებო სამსახური არის მობილიზებული და სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. ამ ღამით ცამეტი ჩვენი რეგიონი გახდა თავდასხმის სამიზნე. საცხოვრებელი სახლები, ინფრასტრუქტურა და რკინიგზის ობიექტები დაზიანდა". - წერს ზელენსკი.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შეუთანხმდა, რომ რუსეთი ამერიკულ და მსოფლიო ბაზრებს მილიონობით ტონა დიზელის საწვავს მიაწვდის.
ტრამპი: პუტინთან შევთანხმდი, რომ რუსეთი მილიონობით ტონა დიზელს მოგვაწვდის
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, საწვავის გაიაფება, განსაკუთრებით ამერიკელი ფერმერებისთვის, მესაქონლეებისა და სატვირთო ავტომობილების მძღოლებისთვის, მისი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.
ტრამპის ეს განცხადება პოლიტიკურ კალენდარშია განსახილველი - აშშ-ში 3 ნოემბერს შუალედური არჩევნებია დაგეგმილი. არჩევნებზე წარმომადგენელთა პალატის ყველა, 435 მანდატი და სენატის ადგილების დაახლოებით მესამედი აირჩევა. არჩევნების შედეგები განსაზღვრავს, შეინარჩუნებენ თუ არა რესპუბლიკელები კონგრესზე კონტროლს.
ენერგორესურსების გაძვირება არჩევნების წინ ტრამპისა და რესპუბლიკური პარტიისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური გამოწვევაა. ირანთან ომის ფონზე აშშ-ში დიზელის ფასი მკვეთრად გაიზარდა, რამაც განსაკუთრებით მძიმე გავლენა იქონია ფერმერებსა და სატრანსპორტო სექტორზე.
ამ ფონზე ტრამპი საწვავის ფასების შემცირებას ცდილობს, მათ შორის რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ენერგეტიკული სანქციების დროებითი შემსუბუქების გზით.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
ციტატები სტატიიდან
„დამატებით თოთხმეტი ადამიანი დაშავდა, რომელთაგან ორი კრიტიკულ მდგომარეობაშია - ექიმები მათი სიცოცხლეების გადასარჩენად იბრძვიან. სხვა თორმეტი ადამიანის სტატუსი, რომლებიც შესაძლოა იქ ყოფილიყვნენ, კვლავ მოწმდება. ადგილზე ყველა საგანგებო სამსახური არის მობილიზებული და სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. ამ ღამით ცამეტი ჩვენი რეგიონი გახდა თავდასხმის სამიზნე. საცხოვრებელი სახლები, ინფრასტრუქტურა და რკინიგზის ობიექტები დაზიანდა“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…