ბრიტანეთში ორი ლატვიელი დააკავეს სამხედრო ბაზაზე უკანონოდ შეღწევის გამო
დიდი ბრიტანეთის კონტრტერორისტულმა პოლიციამ მოლსუორთის სამხედრო ბაზაზე უკანონოდ შეღწევის ბრალდებით ორი ლატვიელი დააკავა. მომხდარს ტერორიზმთან მებრძოლი ქვედანაყოფი იძიებს, თუმცა პოლიციის განცხადებით, ამჟამად არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ ინციდენტს კავშირი აქვს ფერფორდის ბაზაზე მომხდარ სხვა საქმესთან.

დიდი ბრიტანეთის კონტრტერორისტულმა პოლიციამ სამხედრო ბაზაზე უკანონოდ შეღწევისა და ორი ეჭვმიტანილის დაკავების ფაქტი ოფიციალურად დაადასტურა 8 ოქტომბერს, დღის ბოლოს.
რა მოხდა მოლსუორთის ბაზაზე?
ბრიტანეთის კონტრტერორისტული პოლიციის ინფორმაციით, 7 ოქტომბერს ადგილობრივი დროით 22:00 საათისთვის პატრულმა სამხედრო ბაზასთან აღმოაჩინა ავტომობილი, რომელშიც არავინ იმყოფებოდა, რამდენიმე ხნის შემდეგ კი - ბაზის ღობის დაზიანებული ნაწილი.
8 ოქტომბრის 02:00 საათისთვის სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე დააკავეს 32 და 36 წლის მამაკაცები, ლატვიის მოქალაქეები, რომლებიც ბრიტანეთში ცხოვრობენ.
ისინი დახურულ ტერიტორიაზე უკანონოდ შეღწევის გარდა ეჭვმიტანილი არიან შეზღუდული წვდომის ობიექტზე შეღწევაში ბრიტანეთის სახელმწიფოსთვის ზიანის მიყენების მიზნით. გამოძიებას ტერორიზმთან მებრძოლი ქვედანაყოფის თანამშრომლები აწარმოებენ.
კონტრტერორისტული პოლიციის თანახმად, ჯერჯერობით არ არსებობს საფუძველი ივარაუდონ, რომ ამ შემთხვევას კავშირი აქვს კიდევ ერთ, ფერფორდის სამხედრო ბაზასთან მომხდარ ინციდენტთან. 27 სექტემბერს ამ ბაზასთან ხუთი ბრიტანელი დააკავეს.
BBC-ს ცნობით, მოლსუორთი დიდი ბრიტანეთის სამხედრო-საჰაერო ძალების ბაზაა, აეროდრომის გარეშე.
ლონდონიდან ჩრდილოეთით 100 კილომეტრში და კემბრიჯიდან ჩრდილო-დასავლეთით 40 კილომეტრში მდებარე ამ სამხედრო ბაზაზე განთავსებულია ნატოს სადაზვერვო მონაცემების ინტეგრაციის ცენტრიც, სადაც თავს უყრიან და აანალიზებენ სხვადასხვა წყაროთი მიღებულ სადაზვერვო მონაცემებს.
2024 წელს პენტაგონის დაზვერვის სამსახურმა გამოაცხადა, რომ მოლსუორთში იწყებს ევროპასა და აზიაში ამერიკული სამხედრო დაზვერვის ჰაბის მშენებლობას.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…