“ციხეში ვინც არიან, 5 წლის შემდეგ, მათი სახელები არავის ემახსოვრება, და დღეს რომ გამოვიდნენ გარეთ – მოსიარულე რეკლამები არიან” – გოგი ჩახუნაშვილი
ექიმი გოგი ჩახუნაშვილი, რომელმაც საპროცესო შეთანხმებით დატოვა ციხე, მიიჩნევს, რომ 4 ოქტომბრის აქციაზე დაკავებული პირები გარეთ უფრო საჭირონი არიან. მსგავსი მოწოდებით ადრე პაატა ბურჭულაძემაც გაავრცელა წერილი, რომლითაც დაკავებულებს საპროცესო გარიგების გაფორმებას სთხოვს.

ექიმი გოგი ჩახუნაშვილი, რომელმაც ციხე საპროცესო შეთანხმების საფუძველზე დატოვა, მიიჩნევს, რომ პატიმრები, რომლებიც 4 ოქტომბრის აქციაზე უკანონოდ დააკავეს, გარეთ უფრო საჭირონი არიან, ვიდრე ციხეში და ამისთვის საჭიროა, სწორი გადაწყვეტილება მიიღონ.
მე იქ ბიჭებსაც როცა ველაპარაკე ჩემი აზრი ვუთხარი, გამოსვლის წინ, აქ ჯდომას 3 და 5 წელი აზრი არ აქვს, ჩვენ ყველა უნდა გავიდეთ და გავაკეთოთ ჩვენი საქმეები. მიმაჩნია, რომ 3 და 5 წლის შემდეგ, ვინც იქ არის, მათი სახელები და გვარები არავის აღარ ემახსოვრება, და დღეს რომ გამოვიდნენ გარეთ, დღეს უკვე მოსიარულე რეკლამები არიან თავისუფლების. მე არც წამიკითხავს ის საპროცესო, მთავარი იყო გამოვსულიყავი გარეთ, სიღრმეში რომ შეხვიდეთ, შეიძლება ინფარქტი მოგივიდეთ, იქ ისეთი რამეები წერია. მთავარია, ჩვენ ვიყოთ გარეთ, ჩვენ უნდა გავხდეთ ევროატლანტიკური დიდი სივრცის დემოკრატიული ოჯახის წევრები და გავხდებით კიდევაც, – განაცხადა ჩახუნაშვილმა.
გუშინ პაატა ბურჭულაძემ წერილი გაავრცელა. 4 ოქტომბრის აქციის ორგანიზატორი, ამ საქმეზე დაკავებულებს საპროცესო გარიგების გაფომებას სთხოვს.
ის ფიქრობს, რომ ციხიდან შეთანხმებით გამოსვლა, ეს არ არის არც სინანული და არც რამის აღიარება, თუნდაც, ფორმალობა ამას მოითხოვდეს. ბურჭულაძის აზრით, ახლა ტაქტიკური მოქმედებაა საჭირო, რომ ყველა გარეთ იყოს და გააგრძელონ ისევ ეფექტური ბრძოლა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.