"ქსელს 2 ქართველი ქალი ხელმძღვანელობს" - იტალიის პოლიციამ სპეცოპერაცია 94 მისამართზე ჩაატარა
იტალიის ფინანსურმა პოლიციამ მასშტაბური სპეცოპერაცია ჩაატარა ქართველი მომვლელების სავარაუდო შრომითი ექსპლუატაციის, უკანონო დასაქმებისა და საბუთების გაყალბების ფაქტზე. დაკავებულია 29 ქართველი ქალი, ხოლო გამოძიების ინფორმაციით, ქსელს ორი ქართველი ქალი ხელმძღვანელობდა.

7 ოქტომბერს იტალიის ფინანსურმა პოლიციამ მასშტაბური სპეცოპერაცია ჩაატარა ქართველი მომვლელების სავარაუდო შრომითი ექსპლუატაციის, უკანონო დასაქმებისა და საბუთების გაყალბების ფაქტზე. იტალიური მედიის ინფორმაციით, ჩხრეკა 220-მა ოფიცერმა 95 მისამართზე ჩაატარა - ბოლცანოში, ტრენტოში, უდინეში, კროტონეში, რეჯო ემილიაში, რეჯო კალაბრიაში, გორიციაში, პორდენონეში, პიზასა და ბოლონიაში.
ჩხრეკებისას 29 ქართველი ქალი დააკავეს. მას შემდეგ, რაც აღიარეს, რომ ყალბი საბუთებით მუშაობდნენ, ისინი დროებით გაათავისუფლეს. საქმე ეხება ჯამში 100-ზე მეტ ყალბ საიდენტიფიკაციო დოკუმენტს. იტალიის ფინანსურმა პოლიციამ 101 ადამიანის წინააღმდეგ შეიტანა საჩივარი პროკურატურაში.
გამოძიების ინფორმაციით, უკანონო იმიგრაციისა და საბუთების გაყალბების ქსელს ორი ქართველი ქალი ხელმძღვანელობს, რომელთაც, სავარაუდოდ, იტალიის მოქალაქეებიც ეხმარებიან. საუბარია არაერთ ბრალდებაზე - ყალბი საიდენტიფიკაციო დოკუმენტების ფლობა და დამზადება, არალეგალური იმიგრაციის ხელშეწყობა, იტალიაში არალეგალურად ცხოვრება, დასაქმების სააგენტოს საქმიანობა ნებართვის გარეშე და შრომითი ექსპლუატაცია. კერძოდ, ორ ქართველ ქალს, სავარაუდოდ, თანამემამულეები იტალიაში სამუშაოდ არალეგალურად მიჰყავდა, თავდაპირველად ისინი ცხოვრობდნენ ბინაში, რომელსაც იტალიის მოქალაქე უზრუნველყოფდა. შემდეგ უმზადებდნენ ყალბ იტალიური დოკუმენტებს. შედეგად, 101-მა ქართველმა ქალმა საგადასახადო საიდენტიფიკაციო ნომრები მიიღო. მათ სააგენტო ასაქმებდა როგორც ევროკავშირის მოქალაქეებს, თუმცა, ფინანსური პოლიციის ცნობით, ქალები კვლავ სავარაუდო დანაშაულებრივი ორგანიზაციის კონტროლის ქვეშ რჩებოდნენ - მათი თანხმობის გარეშე ანაწილებდნენ დამსაქმებლებთან და ხელფასის ნაწილის გაცემასაც აიძულებდნენ.
"ზოგიერთ მათგანს, სავარაუდოდ, ჩამოართვეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები და ქსელის საჭიროებების შესაბამისად, კონსულტაციის გარეშე გადაიყვანეს ერთი ოჯახიდან მეორეში. გარდა ამისა, სავარაუდოდ, ქალები არასტაბილურ პირობებში ცხოვრობდნენ და იძულებულნი იყვნენ, ხელფასის ნაწილი ე.წ. "ბანდის უფროსებისთვის“ გადაეცათ" - წერს იტალიური მედია გამოძიებაზე დაყრდნობით.
არსებული ინფორმაციით, ქსელის მმართველი ორი ქართველი ქალი სამხრეთ ტიროლის რეგიონოს ქალაქ მერანოდან საქმიანობდა, თუმცა, მათ ფილიალები ჰქონდათ სხვა პროვინციებშიც (ტრენტო, უდინე, კროტონე, რეჯო-ემილია, რეჯო-კალაბრია, გორიცია, პორდენონე, პიზა და ბოლონია). საქმეში ასევე ფიგურირებენ მერანოში მოქმედი დასაქმების სააგენტოს ადგილობრივი მფლობელები. იტალიელი ოჯახები სწორედ მათ მიმართავდნენ, როდესაც ახლობლებისთვის მომვლელებს ეძებდნენ. ფინანსური პოლიციის ცნობით, სააგენტოს მფლობელებმა იცოდნენ, რომ დასაქმებული პირები სინამდვილეში არ იყვნენ ევროკავშირის მოქალაქეები.
ჯერჯერობით, უცნობია, დააკავეს თუ არა სავარაუდო დანაშაულებრივი ორგანიზაციის რომელიმე მთავარი ფიგურა.
ამასთან, გამოძიება არ მიმდინარეობს იტალიური ოჯახების წინააღმდეგ, სადაც ქართველი ქალები მუშაობდნენ. ფინანსური პოლიციის ცნობით, მათ არ ჰქონდათ ინფორმაცია, რომ არალეგალებს ასაქმებდნენ.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…