ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

რუსეთის წილი ცალკეული აგროპროდუქციის ექსპორტში 80%-ს აჭარბებს

საქსტატი

სტატიაში განხილულია საქართველოს ეკონომიკური დამოკიდებულება რუსეთზე ექსპორტისა და იმპორტის მიმართულებით, განსაკუთრებული ყურადღებით სოფლის მეურნეობის პროდუქციასა და ღვინოზე. აღნიშნულია, რომ რუსეთის წილი ადგილობრივ და აგროექსპორტში მაღალია, რაც ეკონომიკურ და პოლიტიკურ რისკებს ქმნის. ასევე მოყვანილია ღვინის ეროვნული სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელის, ვასილ მანაგაძის შეფასებები 2006 წლის ემბარგოსა და მიმდინარე ტენდენციების შესახებ.

რუსეთის წილი ცალკეული აგროპროდუქციის ექსპორტში 80%-ს აჭარბებს
რუსეთის წილი ცალკეული აგროპროდუქციის ექსპორტში 80%-ს აჭარბებსნეტგაზეთი

რუსეთის წილმა მთლიან ექსპორტში 2025 წელს 10.3% შეადგინა, ადგილობრივ ექსპორტში (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე) ორჯერ მეტი – 20.8%, ხოლო სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტში – 36.8%.

ღვინის შემთხვევაში რუსეთის წილი 65%-ს აღემატება, ხილისა და ბოსტნეულის ცალკეულ კატეგორიაში კი 80 ან სულაც 90 პროცენტს აჭარბებს. 80% ან მეტია რუსეთის წილი ხორბლის, ზეთის, წიწიბურის და ცოცხალი ღორების იმპორტშიც.

ერთ ბაზარზე ასეთი მაღალი დამოკიდებულება ერთდროულად ქმნის როგორც ეკონომიკურ, ასევე პოლიტიკურ რისკებს.

საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის ან შინაარსობრივად მასთან გათანაბრებული ხელშეკრულება გააჩნია ევროკავშირთან, ბრიტანეთთან, ჩინეთთან, თურქეთთან, უკრაინასთან და დსთ-ის ქვეყნებთან. ნულოვანი ტარიფები ვაჭრობას ახალისებს, მაგრამ მასზე დამატებით გავლენას ახდენს ისეთი ფაქტორებიც, როგორიცაა: გეოგრაფიული მდებარეობა, ბაზრის ზომა, ცნობადობა და ხარისხთან დაკავშირებული რეგულაციები.

ადგილობრივი ექსპორტი

საქსტატი ადგილობრივი ექსპორტის შესახებ სტატისტიკას გამოყოფილად 2014 წლიდან აწარმოებს. 2014-2025 წლებში რუსეთის წილი ადგილობრივ ექსპორტში 16.7%-ს შეადგენდა, ცალკე აღებულ 2023-2025 წლებში- 20.7%-ს. 2026 წლის იანვარ-აგვისტოში, ჩინეთის ზრდის ხარჯზე, რუსეთის წილი 14.2%-მდე შემცირდა.

ადგილობრივი ექსპორტი უშუალოდ იმ პროდუქციას ეხება, რაც საქართველოში იწარმოება და არა, მაგალითად, ავტომობილების რეექსპორტს, როდესაც სხვა ქვეყანაში ნაყიდ მანქანას მეორე უცხო ქვეყანაში ვყიდით.

ადგილობრივი ექსპორტი რუსეთში (მლნ აშშ დოლარი)

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

აგროექსპორტი

რუსეთის წილი კიდევ უფრო მაღალია და ერთ მესამედს აჭარბებს აგროექსპორტში.

აგროექსპორტში შემავალი პროდუქციის უდიდესი ნაწილი ადგილობრივი წარმოშობისაა. 2019 წლიდან მოყოლებული რუსეთის წილი აგროექსპორტში 30%-ს არ ჩამოსცდენია და 2026 წლის იანვარ-აგვისტოს მდგომარეობითაც 36%-ზე ნარჩუნდება.

აგროექსპორტში რუსეთში (მლნ აშშ დოლარი)

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

რუსეთის ბაზარზე საუბრისას ადამიანთა უმეტესობას, პირველ რიგში, ღვინო ახსენდება. ჩრდილოეთის ბაზრის ხელახლა გახსნის შემდეგ, რუსეთის წილმა ღვინის ექსპორტში 60%-ს გადააჭარბა. 2015-2016 წლებში დროებითი ვარდნა გამოწვეული იყო 2013-2014 წლებში ბაზრის ხელახლა გახსნისას ჭარბი მიწოდებით, რუბლის გაუფასურებითა და რუსეთის ეკონომიკური პრობლემებით.

ღვინის ექსპორტი რუსეთში (მლნ აშშ დოლარი)

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

ღვინის გარდა, რუსეთის წილი 50%-ს აღემატება სპირტიანი სასმელებისა და სოფლის მეურნეობის სხვა ცალკეული დასახელების პროდუქციის შემთხვევაშიც.

სოფლის მეურნეობის ზოგიერთი დასახელების პროდუქციისა და მინერალური წყლების ექსპორტი რუსეთში 2025 წელს (მლნ აშშ დოლარი)

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

მხოლოდ ერთ ქვეყანაზე მაღალი ექსპორტ დამოკიდებულება ნებისმიერ შემთხვევაში რისკის შემცველია. რუსეთის შემთხვევაში კი ეკონომიკურ რისკს პოლიტიკური ფაქტორიც ემატება.

სოფლის მეურნეობის პროდუქცია სპეციფიკურობით ხასიათდება. ემბარგოს შემთხვევაში ერთი ან რამდენიმე ბიზნესსუბიექტი კი არა, რამდენიმე ათასი, ან რამდენიმე ათეული ათასი მცირე ფერმერი ზარალდება.

ეს ინფორმაცია (მცირე შინამეურნეობების სიმრავლე), ცხადია, აქვთ რუსეთშიც და 2006 წლის ემბარგოც, სავარაუდოდ, ამ შედეგზე იყო გათვლილი, რათა რაც შეიძლება მეტ ადამიანს შეჰქმნოდა ეკონომიკური პრობლემები. ბოლო წლებში, ჯერჯერობით შეზღუდული მასშტაბით, მაგრამ მაინც რუსეთის სანიტარულმა სამსახურმა სომხურ აგროპროდუქციაშიც მოძებნა დარღვევები. „როსპოტრებნადზორი“ ამა თუ იმ ქვეყნის პროდუქციაში სანიტარული ნორმების შეუსაბამობას, როგორც წესი, მხოლოდ მაშინ პოულობს, როცა მოსკოვს იმ სახელმწიფოსთან ურთიერთობა ეძაბება. დაძაბულობის ზრდის შემთხვევაში კი ახალ-ახალი დარღვევები ვლინდება ხოლმე.

როცა ღვინისა და სპირტიანი სასმელების ექსპორტიდან მიღებულ შემოსავალზე ვსაუბრობთ, ისიც უნდა ვახსენოთ, რომ 2013-2025 წლებში ყურძნის სუბსიდირებასა და დაზიანებული ყურძნის ჩაბარებაზე, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ჯამურად 1 მლრდ ლარზე მეტი გადასახადის გადამხდელთა ფული დაიხარჯა. დივერსიფიცირებული ბაზრის შემთხვევაში, მაღალი ალბათობით, ეს თანხა ნაკლები იქნებოდა.

რუსეთზე დამოკიდებულების მიზეზები და გამონაკლისები

რუსეთზე მაღალი დამოკიდებულება შესაძლოა რამდენიმე მიზეზით აიხსნას, მათ შორის გეოგრაფიული სიახლოვით, ბაზრის მოცულობით (2 ტრლნ დოლარიანი ეკონომიკა, 145 მლნ-იანი მოსახლეობით), ცნობადობით, რეგულაციების სიმცირით. რუსეთში 1 ლიტრი ღვინისა თუ 1 კგ ხილის საექსპორტო ღირებულება, როგორც წესი, ევროპის ქვეყნების უმრავლესობას ჩამოუვარდება, თუმცა რაოდენობის გათვალისწინებით მაინც პირველ ადგილს იკავებს.

სოფლის მეურნეობის პროდუქციაში თხილი მნიშვნელოვან გამონაკლისს წარმოადგენს. 2025 წელს რუსეთის წილმა თხილის ექსპორტში მხოლოდ 4.4% შეადგინა – $7.5 მლნ $172 მლნ-დან. თხილის ექსპორტში პირველ ადგილზე $37 მლნ-ით იტალიაა, იტალიას მოსდევს -ესპანეთი, საფრანგეთი და გერმანია.

2006 წლის ემბარგო – წინაპირობები და მიზეზები

იმის გასარკვევად, თუ როგორ მივიდა ქვეყანა 2006 წლის რუსულ ემბარგომდე, რა წილი ეკავა რუსეთს იმ დროისთვის ღვინის ექსპორტში, რა დარტყმა მიიღო სექტორმა და როგორ ცდილობდა სახელმწიფო ახალი ბაზრების მოძიებას, ნეტგაზეთი 2006-2011 წლებში ღვინის ეროვნული სააგენტოს (იმ დროს “სამტრესტი” ერქვა) ხელმძღვანელ ვასილ მანაგაძეს ესაუბრა.

“ემბარგო 2006 წლის აპრილში გამოცხადდა ყველა სახეობის ღვინოზე, ერთდროულად. უკვე გატანილი ღვინის ნაწილი უტილიზაციაზე გაუშვეს. ქართველი მეღვინეები ღვინის უკან წამოღებას და რეექსპორტს ცდილობდნენ. ზოგმა მოახერხა, ზოგმა ვერა”, – გაიხსენა 20 წლის წინანდელი მოვლენები ვასილ მანაგაძემ.

მისივე განმარტებით, მაშინ ქვეყანამ შეძლო ეჩვენებინა და დაედასტურებინა ყველასთვის, რომ ემბარგო წმინდა პოლიტიკურ ხასიათს ატარებდა. “ისინი [რუსეთის წარმომადგენლები] საბაბს ეძებდნენ იმის სათქმელად, რომ ვითომ ჩვენი ღვინო რაღაც მავნე ნივთიერებებს შეიცავდა, მაგრამ, მოგეხსენებათ, ონიშენკოს უწყება „როსპოტრებნადზორი“ არის პირდაპირ „ეფ-ეს-ბეს“ ორგანიზაცია. იგივე ხდება დღეს სომხეთში და ახლა აიკრძალა კონიაკები, თავის დროზე აკრძალა მოლდავური ღვინოც. ნიშანდობლივია, რომ მაშინ ემბარგო მხოლოდ ღვინოს არ შეხებია და „ბორჯომიც“ აიკრძალა”.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ყოფილი თავმჯდომარის შეფასებით, ემბარგოს მიზან იყო ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ კურსზე დარტყმა და ეს ყველაფერი ევროკავშირსა და NATO-ში ინტეგრაციის საწინააღმდეგოდ იყო მიმართული.

ემბარგოს შემდეგი გამოწვევები და საპასუხო რეფორმები

“სიმართლე გითხრათ, ვთვლი, რომ ემბარგოს გავუძელით, რეფორმები გავატარეთ და სწორ რელსებზე დავაყენეთ დარგი”, – ამბობს მანაგაძე.

“მეღვინეობაში ისეთი რეფორმების ჩატარება, რასაკვირველია, გრძელვადიანია, ეს არის პროცესი, რომ შედეგი მიიღო, მაგრამ ჩვენ ყოველწლიური 10%-15%-იანი ზრდა გვქონდა ექსპორტში, საშუალო ღირებულება ბოთლის თითქმის ერთნახევარჯერ-ორჯერ მეტი იყო ვიდრე დღეს. სწორი მიმართულებით მივდიოდით, რომ არა ეს ავბედითი 2012 წლის არჩევნები. ესენი [ქართული ოცნება] რომ მოვიდნენ, პირველი, რაც გააკეთეს, რუსეთის ბაზარი გახსნეს 2013-ში. ამიტომ ახლა მთელი ბაზარი ისევ რუსეთს მიაქვს. დაიწია ხარისხმა, დაიწია ფასმა, წავიდა ფალსიფიკაცია, მაიმუნობა და ახლა დარგი ცუდ მდგომარეობაშია. რუსეთმა თუ ემბარგო ისევ შემოიღო, ამ დარტყმას ჩვენი სექტორი ვეღარ გაუძლებს და შეიძლება საქართველო საერთოდ გაქრეს მეღვინეობის რუკიდან”,- აღნიშნა ვასილ მანაგაძემ.

სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელის თქმით, 2006 წლის ემბარგომდე რუსეთის წილი საქართველოს ექსპორტში 70% და მეტი იყო. რუსეთში იაფიანი, ზოგ შემთხვევაში ფალსიფიცირებული ღვინო გადიოდა, რის გამოც ქართველ მეღვინეებს ახალი ბაზრების მოძიების სტიმული არც ჰქონდათ. უკრაინაშიც კი, რომელიც მაშინ რუსეთის შემდეგ სტატისტიკაში მეორე ადგილს იკავებდა, სულ 3 მლნ ბოთლი იყიდებოდა, რომელიც ემბარგოს შემდეგ 15 მლნ-მდე გაიზარდა.

კითხვაზე, თუ რა პრობლემები იყო სხვა ბაზრებზე და რა გაკეთდა მათ აღმოსაფხვრელად, ვასილ მანაგაძემ გვიპასუხა – სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის ბულგარეთში, ისრაელში და აშშ-შიც ქართული ეტიკეტირებით ფალსიფიცირებული ღვინო იწარმოებოდა, რომელიც შემდეგ სხვა ქვეყნებშიც, მათ შორის ბალტიისპირეთშიც გაჰქონდათ.

“ბულგარეთში, ისრაელში სასამართლო პროცესები გვქონდა, ყველგან მოვიგეთ და აღვკვეთეთ ფალსიფიცირებული ღვინის წარმოება. გარდა ამისა, ჟენევაში WIPO-ში (ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაცია) ჩვენი ღვინის სახეობები დავარეგისტრირეთ, ევროკავშირთან ადგილწარმოების ჯიშების დაცვის ხელშეკრულებები გავაფორმეთ და ისინიც უკვე ვალდებული გახდნენ დაეცვათ ეს შეთანხმებები. პარალელურად, ფალსიფიკაციისგან დაცვის მიზნით ჩვენ ხელშეკრულება გავაფორმეთ ამერიკის შეერთებულ შტატებში TTB-სთან (ალკოჰოლისა და თამბაქოს საგადასახადო და სავაჭრო ბიურო), თურქეთთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება გავაფორმეთ, რათა იქ ღვინო გადასახადების გარეშე შესულიყო. გარდა ამისა უკრაინაშიც და სხვა ქვეყნებშიც პოპულარიზაციის მიზნით ვაწარმოებდით სარეკლამო და მარკეტინგულ კამპანიებს”, – გვითხრა მანაგაძემ.

ვასილ მანაგაძემ ადგილობრივ ბაზარზე გატარებულ რეფორმებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ფალსიფიცირება ქართულ რესტორნებშიც აღკვეთეს, იმავე პერიოდში დაიწყო ხალხმა ბოთლის ღვინის ყიდვაც.

კითხვაზე, თუ რატომაა დღესაც რუსეთის ბაზრის წილი 65%, როცა ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება გვაკავშირებს და იქ ღვინის შეტანა უტარიფოდ შეგვიძლია, პასუხს ისევ ხარისხთან მივყავართ.

„ამის მიზეზი არის იაფფასიანი ღვინო, რომელიც გადის რუსეთში და რომელიც ძალიან საეჭვო წარმოშობისაა. რუსეთს რეალურად უნდა ჩვენი იაფიანი ღვინო და ამის გამო რუსული ბაზარი კარნახობს ქართველ მეღვინეებს, საეჭვო რეპუტაციის სითხეები გაიტანონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, 1 დოლარად და 1.2 დოლარად წარმოუდგენელია ღვინო გადიოდეს. ძალიან ბევრი ღვინო გადის ძალიან დაბალ ფასში, უხარისხო. ეს ნახევრად ტკბილი ღვინოები, რომელზეც მოთხოვნა არის რუსეთში, იმიტომ, რომ რუსეთს არ უნდა არც ქინძმარაული, არც ხვანჭკარა, ძვირი ღირს და უნდა იაფიანი „ალაზანსკაია დოლინა“. მაგიტომ ვიძახი, რომ რუსეთის ბაზარმა ძალიან ცუდი საქმე გააკეთა ისევ. ემბარგომ მაშინ ისე იმოქმედა, როგორც „მარგებელმა ჭირმა“, ახლა რა გააქვთ და რას ყიდიან, კაციშვილმა არ იცის”.

იმპორტი

მაღალი ექსპორტდამოკიდებულების გარდა, ცალკეულ შემთხვევებში სერიოზულ პრობლემას მაღალი იმპორტდამოკიდებულებაც წარმოადგენს. ექსპორტის მსგავსად, იმპორტშიც მაღალი დამოკიდებულება ძირითადად სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე ფიქსირდება.

იმპორტი რუსეთიდან (მლნ აშშ დოლარი)

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

2025 წელს ხორბლის თითქმის 80% რუსეთიდან შემოვიდა, 20% – ყაზახეთიდან. ყველა სხვა ქვეყნის წილი, ჯამში, 1%-ზე ნაკლებია.

ენერგომატარებლების იმპორტი

გარკვეული გარემოებების გათვალისწინებით, ყურადღებას ენერგომატარებლების იმპორტიც იპყრობს. 2025 წელს თანხობრივად რუსეთიდან ნავთობპროდუქტების იმპორტმა 35% შეადგინა, ხოლო ტონაჟით- 38%.

2026 წლის იანვარ-აგვისტოში რუსეთის წილი ნავთობპროდუქტების იმპორტში თანხობრივად 26%-მდე და ტონაჟის მიხედვით 33%-მდე შემცირდა. ორივე შემთხვევაში რუსული საწვავის ღირებულება საშუალოზე დაბალი გამოდის, თუმცა 2026 წელს, განსაკუთრებით ზაფხულის თვეებში, რუსეთიდან იმპორტი შემცირდა, რისი მიზეზიც რუსეთის გადაწყვეტილება გახდა, შეეზღუდა დიზელისა და ბენზინის ექსპორტი. თავის მხრივ, რუსეთის ამ გადაწყვეტილებაზე უკრაინის მიერ რუსული ნავთობგადამმუშავებელი ქარხნების დაბომბვამ მოახდინა გავლენა. რუსეთს, რომელსაც „დიდ ბენზინგასამართ სადგურს“ უწოდებენ, თავად დაუდგა გადამუშავებული საწვავის იმპორტის საჭიროება. ყოველივე ამან, საქართველოში საცალო ქსელში ისედაც გაძვირებული ბენზინი და დიზელი დამატებით გააძვირა.

ნავთობგადამმუშავებელი ქარხნის არქონის გამო, წლების განმავლობაში საქართველო ნედლ ნავთობს მინიმალური ოდენობით, ძირითადად რეექსპორტისთვის ყიდულობდა ხოლმე. მდგომარეობა 2025 წლის მეოთხე კვარტალში შეიცვალა, ყულევის ნავთობგადამმუშავებელმა ქარხანამ საწვავის ექსპორტზე გასატანად რუსული ნედლი ნავთობის შესყიდვა დაიწყო. 2026 წლის იანვარ-აგვისტოში ნედლი ნავთობის იმპორტში რუსეთის წილმა 95%-ს მიაღწია.

ბუნებრივი გაზი დინამიკითაა საინტერესო, ბოლო წლებში მისი იმპორტი შესამჩნევად გაიზარდა როგორც თანხობრივად, ასევე მოცულობით კუბურ მეტრებში დათვლით. 2019 წელს საქართველომ რუსეთისგან 162 მლნ მ3 გაზი იყიდა, რაც გაზის მთლიანი იმპორტის 6.3%-ს შეადგენდა, 2025 წელს რუსეთიდან გაზის იმპორტმა 886 მლნ მ3-ს და წილობრივად, შესაბამისად, 27.9%-ს მიაღწია.

ბუნებრივი გაზის იმპორტი რუსეთიდან

წყარო: საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია

ბუნებრივი გაზის იმპორტში თანხობრივად რუსეთის წილი 47%-ია, მოცულობითად- 28%. ასეთი დიდი სხვაობის მიზეზი შესასყიდი ღირებულებაა. ტრანზიტის სანაცვლოდ, აზერბაიჯანული გაზი საბაზროზე ბევრად იაფია. იაფი აზერბაიჯანული გაზი მოსახლეობასა და ელექტროსადგურებს მიეწოდება, რუსული გაზი კონკურენციაში კომერციულ სექტორში შემოდის. მიუხედავად იმისა, რომ ჯამურად აზერბაიჯანული გაზი უფრო იაფია, კომერციულ სექტორში, სავარაუდოდ, რუსული გაზი უგებს აზერბაიჯანულს, (ზუსტი ტარიფები ჩაშლილად გასაიდუმლოებულია. შესყიდვის მოცულობისა და ჯამურად გადახდილი თანხიდან მხოლოდ გასაშუალოებული ფასის დადგენაა შესაძლებელი), რაც რუსული გაზის იმპორტის ზრდას განაპირობებს.

2007 წლიდან რუსეთი საქართველოსთვის გაზის მოწოდებაში მონოპოლისტი აღარაა, მეტიც, მთავარი პარტნიორი აზერბაიჯანია, რის გამოც 2006 წლის იანვრის მსგავსი დივერსია აზრს კარგავს, თუმცა ცალკე აღბული 28%-ც საკმაოდ მნიშვნელოვანი წილია. ევროპაში აზერბაიჯანულ გაზზე მოთხოვნის ზრდის გამო, საქართველოში რუსული გაზის იმპორტის შემცირების მოლოდინი ამ ეტაპზე არ არსებობს.

დაგვამატე Google-ში

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.

ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.

დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.

წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ემბარგო 2006 წლის აპრილში გამოცხადდა ყველა სახეობის ღვინოზე, ერთდროულად. უკვე გატანილი ღვინის ნაწილი უტილიზაციაზე გაუშვეს. ქართველი მეღვინეები ღვინის უკან წამოღებას და რეექსპორტს ცდილობდნენ. ზოგმა მოახერხა, ზოგმა ვერა“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
„ისინი [რუსეთის წარმომადგენლები] საბაბს ეძებდნენ იმის სათქმელად, რომ ვითომ ჩვენი ღვინო რაღაც მავნე ნივთიერებებს შეიცავდა, მაგრამ, მოგეხსენებათ, ონიშენკოს უწყება „როსპოტრებნადზორი“ არის პირდაპირ „ეფ-ეს-ბეს“ ორგანიზაცია. იგივე ხდება დღეს სომხეთში და ახლა აიკრძალა კონიაკები, თავის დროზე აკრძალა მოლდავური ღვინოც. ნიშანდობლივია, რომ მაშინ ემბარგო მხოლოდ ღვინოს არ შეხებია და „ბორჯომიც“ აიკრძალა“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
„სიმართლე გითხრათ, ვთვლი, რომ ემბარგოს გავუძელით, რეფორმები გავატარეთ და სწორ რელსებზე დავაყენეთ დარგი“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
„მეღვინეობაში ისეთი რეფორმების ჩატარება, რასაკვირველია, გრძელვადიანია, ეს არის პროცესი, რომ შედეგი მიიღო, მაგრამ ჩვენ ყოველწლიური 10%-15%-იანი ზრდა გვქონდა ექსპორტში, საშუალო ღირებულება ბოთლის თითქმის ერთნახევარჯერ-ორჯერ მეტი იყო ვიდრე დღეს. სწორი მიმართულებით მივდიოდით, რომ არა ეს ავბედითი 2012 წლის არჩევნები. ესენი [ქართული ოცნება] რომ მოვიდნენ, პირველი, რაც გააკეთეს, რუსეთის ბაზარი გახსნეს 2013-ში. ამიტომ ახლა მთელი ბაზარი ისევ რუსეთს მიაქვს. დაიწია ხარისხმა, დაიწია ფასმა, წავიდა ფალსიფიკაცია, მაიმუნობა და ახლა დარგი ცუდ მდგომარეობაშია. რუსეთმა თუ ემბარგო ისევ შემოიღო, ამ დარტყმას ჩვენი სექტორი ვეღარ გაუძლებს და შეიძლება საქართველო საერთოდ გაქრეს მეღვინეობის რუკიდან“
ვასილ მანაგაძე
„ბულგარეთში, ისრაელში სასამართლო პროცესები გვქონდა, ყველგან მოვიგეთ და აღვკვეთეთ ფალსიფიცირებული ღვინის წარმოება. გარდა ამისა, ჟენევაში WIPO-ში (ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაცია) ჩვენი ღვინის სახეობები დავარეგისტრირეთ, ევროკავშირთან ადგილწარმოების ჯიშების დაცვის ხელშეკრულებები გავაფორმეთ და ისინიც უკვე ვალდებული გახდნენ დაეცვათ ეს შეთანხმებები. პარალელურად, ფალსიფიკაციისგან დაცვის მიზნით ჩვენ ხელშეკრულება გავაფორმეთ ამერიკის შეერთებულ შტატებში TTB-სთან (ალკოჰოლისა და თამბაქოს საგადასახადო და სავაჭრო ბიურო), თურქეთთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება გავაფორმეთ, რათა იქ ღვინო გადასახადების გარეშე შესულიყო. გარდა ამისა უკრაინაშიც და სხვა ქვეყნებშიც პოპულარიზაციის მიზნით ვაწარმოებდით სარეკლამო და მარკეტინგულ კამპანიებს“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.