ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

რა ელის საქართველოს ეკონომიკას თუ რუსეთი ნაწილობრივ ემბარგოს გააფართოებს

ქართული ოცნებასურსათის ეროვნული სააგენტოსაქართველოს ეროვნული ბანკისემეკი

რუსეთმა ქართულ ღვინოზე, სპირტიან და გაზიან სასმელებზე ნაწილობრივი ემბარგო დააწესა, რამაც შესაძლო გაფართოებისას ქვეყნის ეკონომიკას მძიმე პრობლემები შეიძლება შეუქმნას. ეკონომისტ გიორგი ხიშტოვანის შეფასებით, მოსკოვის ეს სიგნალი აჩვენებს, რომ რუსეთი მზად არის „ქართული ოცნების“ მთავრობა დასაჯოს.

რა ელის საქართველოს ეკონომიკას თუ რუსეთი ნაწილობრივ ემბარგოს გააფართოებს
რა ელის საქართველოს ეკონომიკას თუ რუსეთი ნაწილობრივ ემბარგოს გააფართოებსნეტგაზეთი

რუსეთმა 20 წლის შემდეგ, საქართველოს კიდევ ერთი, ამჯერად ნაწილობრივი ემბარგო გამოუცხადა. საბაბი ამჯერადაც “სანიტარული ნორმების შეუსაბამობაა”. აკრძალვა ჯერ-ჯერობით პროდუქციის სრულ ასორტიმენტს და ყველა ექსპორტიორ კომპანიას არ ეხება, თუმცა ჩამონათვალში მოხვდა როგორც ღვინო, ასევე სპირტიანი სასმელები, ლუდი და გაზიანი სასმელები. რას ემსახურება აკრძალვა და უყენებს თუ არა მოსკოვი “ქართული ოცნების” გუნდს კულუარულად რაიმე მოთხოვნებს, უცნობია. იმ შემთხვევაში თუ ემბარგომ მასობრივი ხასიათი მიიღო, ეს საქართველოს ეკონომიკას მნიშვნელოვან პრობლემებს შეუქმნის.

საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოს დუმილი

რუსეთის სანიტარული სამსახურის გადაწყვეტილების კომენტირებისთვის და იმის გასაგებად შემოწმებულია თუ არა ქართული მხრიდან მოსკოვის მიერ „შავ სიაში“ შეყვანილი პროდუქტები, ნეტგაზეთი სურსათის ეროვნულ სააგენტოს დაუკავშირდა. სააგენტოში პასუხის მისაღებად მოგვიანებით დარეკვა გვთხოვეს და შემდეგ ზარებს აღარ უპასუხეს.

რუსულ ბაზარზე დამოკიდებულების დონე

2025 წლის მდგომარეობით, საქართველოსთვის რუსეთის წილი მთლიან ექსპორტში 10.3%-ს შეადგენდა, ადგილობრივ ექსპორტში (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე) 20.8%-ს და აგროპროდუქციის ექსპორტში 36.8%-ს. ღვინის შემთხვევაში დამოკიდებულება 64%-ს აღწევს, სპირტიანი სასმელების შემთხვევაში 56%-ს. ზოგიერთი დასახელების ხილის 80%-ზე მეტიც ექსპორტზე რუსეთში გადის.

ადგილობრივი ექსპორტის შესახებ ინფორმაცია განცალკევებით 2014 წლიდანაა ხელმისაწვდომი. სტატისტიკა თუ რომელ ქვეყანაში რა პროდუქცია გავიდა, 2009 წლიდან. შესაბამისად, საჯარო წყაროებზე დაყრდნობით, უცნობია თუ რა წილი ჰქონდა რუსეთს აგროექსპორტში ემბარგომდე, 2005 წელს. მთლიანი ექსპორტის წილით რუსეთი 2005 წელს მყარ პირველ ადგილს იკავებდა. აღნიშნული ფაქტი, პლუს იმდროინდელი პოლიტიკური და ეკონომიკური გარემოება, იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ აგროექსპორტშიც რუსეთის წილი ამჟამინდელზე უფრო მაღალი უნდა ყოფილიყო.

2006 წლის ემბარგო და მისი მიზეზები

2006 წელს, საქართველოსა და რუსეთს შორის პოლიტიკური მდგომარეობა უკვე მკვეთრად იყო გაუარესებული. საქართველო NATO-სა და ევროკავშირში ინტეგრაციის სურვილს გამოთქვამდა, შეთანხმების თანახმად რუსეთს ბათუმიდან და ახალქალაქიდან ბაზები გაჰყავდა, სტრუქტურული რეფორმებით საბჭოთა მემკვიდრეობას იშორებდა, ეკონომიკა სწრაფი ტემპით იზრდებოდა… რუსეთმა ამის საპასუხოდ გაზის საფასური თითქმის გააორმაგა (1000 მ3-ზე ფასი 83%-ით $60-დან $110-მდე გაზარდა), ეს არ იკმარა და იანვარში, სავარაუდო დივერსიის შედეგად, ქვეყანა კვირაზე მეტი ხნით მთლიანად გაზის გარეშე დატოვა. ამ ყველაფერს მარტში ღვინის, აპრილში სპირტიანი სასმელებისა და მაისში მინერალური წყლების ემბარგოც დაემატა.

ემბარგოს შემოდგომაზე გაგრძელებაც მოჰყვა, როდესაც 4 რუსი ჯაშუშის დაკავების პასუხად რუსეთმა 4000-ზე მეტი ქართველი ეთნიკური ნიშნით სატვირთო თვითმფრინავით გამოაძევა, 2007 წელს ბუნებრივი გაზის საფასური უკვე $235 გახდა, დაიბომბა სოფელი წითელუბანი, 2008 წელს კი მოსკოვმა საქართველოს წინააღმდეგ ღია ინტერვენცია განახორციელა.

“არგაღიზიანების პოლიტიკა”

2013 წლიდან ქართული ოცნების გუნდი რუსეთთან დეკლარირებულ “არგაღიზიანების პოლიტიკას” აწარმოებს. 2022-დან და განსაკუთრებით 2024 წლიდან, ქვეყანა დასავლეთს მკვეთრად დაუპირისპირდა, რაც ერთდროულად გამოიხატა, როგორც მიღებულ კანონებში, ასევე პოლიტიკურ განცხადებებში და სახელისუფლებო მედიის სარედაქციო პოლიტიკის ცვლილებაში. ბოლო წლებია ხელისუფლების რეაქცია რომელიმე ევროპარლამენტარის განცხადებაზე ბევრად უფრო მკვეთრია, ვიდრე საოკუპაციო ხაზიდან ადამიანების გატაცებაზე, მკვლელობაზე ან თუნდაც ოკუპირებულ სოხუმში აეროპორტის გახსნაზე.

ამ ყველაფრის ფონზე ჩნდება კითხვები და ეჭვები, თუ რატომ დააწესა რუსეთმა მაინც ნაწილობრივი ემბარგო, რა მიზანს ემსახურება ის და ხომ არ მიმდინარეობს კულუარული მოლაპარაკებები ან შანტაჟი “ოცნების” გუნდთან რაღაც უფრო მეტის დათმობაზე.

ნეტგაზეთი შეეცდება ეკონომიკური კუთხით გაანალიზოს, რა მოხდება მაშინ, თუ რუსეთმა ემბარგო გააფართოვა და დაშვების დონეზე საზღვარიც ჩაკეტა. ამ ჰიპოთეთეტური სცენარის განხილვამდე გავიხსენოთ რა მოხდა 2006 წლის ემბარგოს შემდეგ და როგორ გაუმკლავდა სახელმწიფო იმდროინდელ გამოწვევებს.

2006 წლის ემბარგოს შედეგები

თუ 2004 წელს 2003 წელთან შედარებით მთლიანი ექსპორტი 40%-ით, ხოლო 2005 წელს, 2004 წელთან შედარებით კიდევ 34%-ით გაიზარდა, 2006 წელს ზრდის ტემპი 8%-მდე შემცირდა, თუმცა 2007 წელს ისევ 32%-იანი ზრდა აჩვენა. ომის მიუხედავად 21%-იანი ზრდა 2008 წელსაც შენარჩუნდა.

ექსპორტი (მლნ. აშშ დოლარი)

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

უშუალოდ ღვინის ექსპორტი 2006 წელს განახევრდა, 81-დან 41 მლნ დოლარამდე შემცირდა, 2007 წელს კი 2000 წლის მაჩვენებელს დაუბრუნდა და 29 მლნ-ს გაუთანაბრდა. ამის შემდეგ, მუდმივი ზრდის მიუხედავად (2009 წლის გამოკლებით) 2012 წელს მხოლოდ 65 მლნ-ს გაუთანაბრდა.

სპირტიანი სასმელების ექსპორტი არ შემცირებულა 2006 წელს მხოლოდ ზრდის ტემპი შემცირდა. 2005 წელს ექსპორტზე 29 მლნ-ის სპირტიანი სასმელი გავიდა, 2006 წელს 30 მლნ-ის და 2012 წელს 80 მლნ-ის.

მინერალური წყლების ექსპორტი 32-დან 24 მლნ-მდე შემცირდა, ემბარგომდე მაჩვენებელს 2010 წელს დაუბრუნდა, 2012 წელს კი თითქმის გაორმაგდა და 59 მლნ-ს მიაღწია.

ღვინის, სპირტიანი სასმელებისა და მინერალური წყლების ექსპორტი (მლნ. აშშ დოლარი)

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

2006 წლის ოქტომბრიდან რუსეთმა საქართველოსთან ფრენებიც შეაჩერა. იმავე წელს თბილისის აეროპორტში მგზავრთნაკადი 4%-ით 547-დან 567 ათასამდე, ხოლო მომდევნო 2007 წელს 9%-ით 616 ათასამდე გაიზარდა.

2006 წელს საქართველოს ეკონომიკა 9.4%-ით ხოლო მომდევნო 2007 წელს რეკორდული 12.6%-ით გაიზარდა. დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, 1991-2025 წლების პერიოდში 12%-იანი ზრდა სხვა დროს არ დაფიქსირებულა. 2006-2012 წლებში საშუალო წლიურმა მშპ-ის ზრდის ტემპმა 5.9% შეადგინა, 2013-2025 წლებში გახსნილი რუსული ბაზრის პირობებში 5.6%.

2006-2012 წლებში ღვინის ექსპორტი ემბერგომდელ მაჩვენებელს ვერ დაუბრუნდა, მაგრამ სხვა მიმართულებებით ზრდა გაგრძელდა. სპირტიანი სასმელებისა და მინერალური წყლების ექსპორტმა 2006 წლამდელ მაჩვენებელს გადააჭარბა. გაიზარდა დედაქალაქის აეროპორტის მგზავრთნაკადი და მთლიანმა ეკონომიკამაც სწრაფი ტემპით განაგრძო ზრდა.

2006 წელი vs 2026 წლის პერიოდი

რა შეიძლება მოხდეს დღეს? 2026-მდე იყო 2019 წელი. გავრილოვის ღამის შემდეგ, 8 ივლისს რუსეთმა საქართველოსთან პირდაპირი ფრენები შეაჩერა. შედეგად იმავე 2019 წელს, თბილისის აეროპორტში მგზავრთნაკადი 3%-ით 3.8-დან 3.7 მლნ-მდე შემცირდა. უფრო კონკრეტულად წლის პირველ ნახევარში 11.6%-იანი ზრდა დაფიქსირდა, წლის მეორე ნახევარში კი 14.5%-იანი კლება. ამის შემდეგ პანდემია დაიწყო, რამაც შეუძლებელი გახადა იმის გაგება რამდენ ხანში აღდგებოდა 2019 წლამდელი მაჩვენებელი ბუნებრივ პირობებში. ისე ქუთაისისა და ბათუმის აეროპორტებმა 2018 წლის მაჩვენებელს 2022 წელს გადაუსწრეს, თბილისის აეროპორტმა მხოლოდ 2024 წელს, მიუხედავად იმისა რომ 2023 წლის მაისიდან ფრენები აღდგა რუსეთთან.

რუსი ტურისტები ქუთაისის აეროპორტს ნაკლებად იყენებდნენ, თბილისის აეროპორტის გარდა, 2019 წლის მეორე ნახევარში მგზავრთნაკადი ბათუმის აეროპორტშიც 8%-ით შემცირდა, ეს მაშინ, როცა პირველ ნახევარში 30%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

მგზავრთნაკადი (ათასი მგზავრობა)

წყარო: საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო

რუსი ტურისტებისგან მიღებული შემოსავალიც 2019 წლის პირველ ნახევარში 29%-ით 343-დან 440 მლნ დოლარამდე გაიზარდა, მაგრამ წლის მეორე ნახევარში 33%-ით $504-დან $336 მლნ-მდე შემცირდა.

შემოსავალი ტურიზმიდან (მლნ. აშშ დოლარი)

წყარო: ეროვნული ბანკი

რა მოხდება ახალი სრულმასშტაბიანი ემბარგოს შემთხვევაში? დღეს პროცენტული დამოკიდებულება რუსეთზე უფრო ნაკლებია ვიდრე 2005 წელს, ამასთან საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები გააჩნია ევროკავშირთან და ჩინეთთან, რაც მაშინ არ ჰქონდა, თუმცა არის რამდენიმე მნიშვნელოვანი განსხვავებაც:

საქართველოს მთლიანი ექსპორტი დღესაც მცირეა, მაგრამ ნომინალურად 8.5-ჯერ მცირე იყო 2005 წელს. ასევე ბევრად მცირე იყო ეკონომიკაც. მცირე ეკონომიკის/ექსპორტის გადაწყობა უფრო მარტივია;

2006 და 2019 წელს და საქართველოს დასავლეთისგან ბევრად დიდი მხარდაჭერა ჰქონდა, ვიდრე დღეს.

2005 წელს საქართველომ მთელ მსოფლიოში $81 მლნ-ის ღვინო გაყიდა, 2025 წელს მხოლოდ რუსეთში ღვინის ექსპორტმა $171 მლნ შეადგინა. აქ გარკვეული, თანაც მნიშვნელოვანი როლი ინფლაციამაც შეასრულა, მაგრამ სახეზე გვაქვს რეალური ზრდაც აბსოლუტურ მაჩვენებლებში.

2005-2025 წლებში ღვინის ექსპორტი ნომინალურად 3.3-ჯერ 81-დან 268 მლნ დოლარამდე გაიზარდა, სპირტიანი სასმელების 9.8-ჯერ 29-დან 283 მლნ-მდე. ანუ სპირტიანის სასმელების ექსპორტის ზრდის ტემპი, ღვინის ექსპორტის ზრდის ტემპს 3-ჯერ აღემატებოდა. შეიძლება არა ერთადერთი, მაგრამ ამის ერთ-ერთი მიზეზი ყურძნისა და ღვინის ხარისხთან დაკავშირებული პრობლემა იყოს. სპირტიანი სასმლის დამზადება დაზიანებული ყურძნისგანაც შესაძლებელია. მისი შენახვა უფრო იოლია და ბრენდირებას/პრომოუშენსაც არ სჭირდება იმდენი დრო და რესურსი.

მინერალური წყლების ექსპორტი იმავე პერიოდში ნომინალურად 5.4-ჯერ 32-დან 173 მლნ დოლარამდე გაიზარდა. მინერალური წყლები სოფლის მეურნეობის პროდუქციას არ განეკუთვნება, თუმცა ადგილობრივი ექსპორტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროდუქტია, რომელიც ექსპორტზე ბოთლში ჩამოსხმული, ანუ საბოლოო პროდუქციის სახით გადის და არა როგორც ნედლეული. მინერალური წყლების შემთხვევაში, რუსეთზე დამოკიდებულება ღვინოსთან შედარებით მცირეა და 41%-ს შეადგენს.

რაც შეეხება ახალი, ნაწილობრივი ემბარგოს სიაში მოხვედრილ კიდევ ერთ მიმართულებას, გაზიან სასმელებს, მის ექსპორტში რუსეთის წილი 31%-ია – 51 მლნ 167 მლნ-დან.

რუსეთის სანიტარულ სამსახურს ჯერ-ჯერობით ქართულ ხილ-ბოსტნეულში დარღვევები არ აღმოუჩენია. თუ აღმოაჩინა, ესეც პრობლემა გახდება, რადგან ამ შემთხვევაშიც ექსპორტის საშუალოდ 70-80 პროცენტი რუსეთზე მოდის.

ჩაანაცვლებს რუსეთს ევროკავშირი ან ჩინეთი?

საქართველოს ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება 2014 წლის 27 ივნისიდან აკავშირებს. 2013-2025 წლებში მთლიანი ექსპორტი 2.5-ჯერ 2.9-დან 7.5 მლრდ დოლარამდე გაიზარდა, ევროკავშირში კი მხოლოდ 1.5-ჯერ 578-დან 877 მლნ დოლარამდე.

ადგილობრივი ექსპორტის შესახებ ცნობები 2014 წლიდან მოიძებნება. 2014-2025 წლებში ადგილობრივი ექსპორტი მთლიანად 1.9-ჯერ 1.8-დან 3.4 მლრდ-მდე, ხოლო ევროკავშირში ასევე 1.9-ჯერ 408-დან 776 მლნ-მდე გაიზარდა. ადგილობრივ ექსპორტში მხოლოდ ის პროდუქცია მოიაზრება, რომელსაც საქართველო აწარმოებს. მასში არ შედის მაგალითად მანქანების რეექსპორტი.

რატომ გაიზარდა ექსპორტი სხვა ქვეყნებში უფრო მეტად ვიდრე ევროკავშირში? ამას რამდენიმე ახსნა აქვს:

ევროკავშირს ხარისხთან დაკავშირებით განსაკუთრებული რეგულაციები აქვს, რომელთა დაკმაყოფილებასაც მუშაობა სჭირდება;

ევროკავშირის ბაზრის დიდი ნაწილი უკვე გაჯერებულია. კონკურენციასაც მუშაობა სჭირდება;

ასოცირების ხელშეკრულება დროში თითქმის დაემთხვა რუსული ბაზრის გახსნის პროცესს, რომელთანაც ცნობადობის გარდა საქართველოს ასევე თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება აკავშირებს;

2018 წლიდან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება ამოქმედდა ჩინეთთანაც. 2020-2022 წლებში სპილენძის მადნების ხარჯზე ჩინეთი საქართველოსთვის #1 საექსპორტო პარტნიორს წარმოადგენდა;

რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ შუა აზიის ქვეყნებში ავტოექსპორტი მკვეთრად გაიზარდა და 2025 წელს ავტომობილების წილმა მთელ ექსპორტში 37%-ს გადააჭარბა.

ჩაანაცვლებს თუ არა რუსეთს ევროკავშირი ან ჩინეთი, რომლებთანაც უკვე გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება? ევროკავშირშიც და ჩინეთშიც 1 ლიტრი ღვინის საექსპორტო ღირებულება უფრო მეტია ვიდრე რუსეთში. მეწარმეს შესაძლებლობა რომ ჰქონდეს, მთელ ღვინოს ევროკავშირში გაყიდდა, სადაც ფასი უფრო მეტია და ამით მეტ მოგებას ნახავდა. მეორე არჩევანი აშშ იქნებოდა, სადაც საექსპორტო ფასი ევროკავშირის ფასსაც აღმატება. რუსეთში რეალიზაციის უმთავრესი მიზეზი ისაა, რომ იქ ეყიდება ის ღვინო, რასაც ევროკავშირში, ან რომელიმე სხვა ძვირიან ბაზარზე ვერ გაყიდდა. სხვა შემთხვევაში არ არსებობს იაფად გაყიდვის ლოგიკა, როცა ძვირად გაყიდვის შესაძლებლობა არსებობს.

1 ლიტრი ღვინის საექსპორტო ფასი აშშ დოლარში

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

ჩინეთში ღვინის ექსპორტმა მაქსიმალურ $20 მლნ-იან მაჩვენებელს ჯერ კიდევ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების ამოქმედებამდე, 2017 წელს მიაღწია. 2025 წელს კი ექსპორტზე მხოლოდ მისი ნახევარი $10 მლნ-ის ღვინო გავიდა.

ევროკავშირში ღვინის ექსპორტმა მაქსიმალურ $36 მლნ-იან მაჩვენებელს 2025 წელს მიაღწია. ეს რიცხვი 2012 წლის მაჩვენებელს ნომინალურად 4-ჯერ აღემატება, მაგრამ ამავე დროს იმავე წლის რუსეთის მაჩვენებელზე თითქმის 5-ჯერ ნაკლებია.

უფრო ძვირიან და სტაბილურ ბაზრებზე გასვლის შესაძლებლობა არსებობს, მაგრამ ამ შესაძლებლობის გამოყენებას, პოლიტიკური ნება, დრო, ადამიანური და ფინანსური რესურსების გამოყენება ესაჭიროება.

რუსული ბაზარი ­­- შესაძლებლობა და მახე

რუსული ბაზრის გახსნამ შემოსავლების ზრდასთან ერთად ქვეყანას ხარჯებიც გაუზარდა. სახელისუფლებო წრეებში ხშირად აცახდებენ მსგავსი შინაარსის ფრაზებს: „არცერთი მტევანი ჩაბარებელი არ დარჩება,“ „ჩვენ დავასუბსიდირებთ გლეხს, რათა მან ღირსეული ანაზღაურება მიიღოს“… სუბსიდიასა და სახელმწიფოს მიერ დაზიანებული ყურძნის ჩაბარებაში კი 2013-2025 წლებში 1 მლრდ ლარზე მეტი დაიხარჯა, რასაც 2026 წელსაც სავარაუდოდ 150-200 მლნ-ის ფარგლებში დახარჯული თანხა დაემატება. ხარჯის ნაწილს სახელმწიფო სპირტიანი სასმელების გაყიდვით უკან იბრუნებს, მაგრამ დიდი ნაწილი აუნაზღაურებელი რჩება. გარდა იმისა, რომ მსგავსი მიდგომით გდასახადების გადამხდელთა ფული იხარჯება, დარგი სწორად ვერ ვითარდება და მიწოდება მოთხოვნას აჭარბებს.

ემბარგოს შემთხვევაში მიწოდებასა და მოთხოვნას შორის აცდენა მკვეთრად გაიზრდება. სახელმწიფოს მოუწევს ან უფრო მეტი თანხა დახარჯოს სუბსიდირებაზე და მის სპირტიან სასმელად გამოხდაზე, (1 კგ ყურძნისგან ღვინო უფრო მეტი მიიღება ვიდღე სპირტიანი სასმელი, რაოდენობისა და შენახვის პირობების გათვალისწინებით, ღვინის დასაწყობება უფრო გართულდება) ან რამდენიმე ათეულ ათასი გლეხის/ფერმერის უკმაყოფილება მიიღოს.

საკვები პროდუქტი და სახიფათოდ გაზრდილი გაზის იმპორტი

ექსპორტის გარდა, ზოგიერთ საკვებ პროდუქტზე საქართველო რუსეთზე იმპორტდამოკიდებულიცაა. ხორბლისა და მზესუმზირის ზეთის 80%, წიწიბურის, სხვა ბურღულეულისა და ცოცხალი ღორების 99-100 პროცენტი რუსეთიდან შემოდის. რა მოხდება, მაშინ თუ რუსეთი მათ საქართველოში ექსპორტს აკრძალავს? 90-იანი წლების პურის რიგები არ დადგება, მაგრამ პური გაძვირდება. მეორე ვარიანტი ისევ ბიუჯეტიდან, ანუ ისევ მოქალაქეების ჯიბიდან სუბსიდირებაა.

რუსეთისთვის უფრო ძლიერი ბერკეტი ბუნებრივი გაზია. 2006 წლისგან განსხვავებით საქართველო რუსეთზე 100%-ით აღარაა დამოკიდებული, მეტიც ძირითადი მომწოდებელი აზერბაიჯანია, თუმცა წლიდან-წლამდე რუსეთის წილიიზრდება. 2019 წელს რუსეთის წილი გაზის იმპორტში 6%-ს შეადგენდა, 2022 წელს 17%-ს და 2025 წელს 28%-ს.

ბუნებრივი გაზის იმპორტი

წყარო: საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისია

კუბურ მეტრებში 2026 წლის მონაცემები უცნობია, თუმცა იანვარ-აგვისტოში რუსულ გაზში 182 მლნ დოლარი იქნა გადახდილი, რაც 2025 წლის ანალოგიურო პერიოდის მაჩვენებელს 32%-ით აღემატება. ეს მონაცემი მაღალი ალბათობით კუბურ მეტრებშიც და წილობრივადაც გაზრდილ მოცულობას ნიშნავს.

იაფი აზერბაიჯანული გაზი ძირითადად მოსახლეობისა და თბოელექტროსადგურებისთვისაა გათვლილი, კომერციულ სექტორში კი რუსული გაზი შემოდის კონკურენციაში. რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ევროპაში აზერბაიჯანულ გაზზე მოთხოვნა გაიზარდა, იმდენად რომ ბაქო თბილისს ტრანზიტის სანაცვლოდ მისაღებ გაზს შაჰ-დენიზის მილსადენიდან კი არა, ძველი საბჭოთა დროინდელი მილიდან აწვდის. გარდა იმისა, რომ კომერციული აზერბაიჯანული გაზი კომერციულ რუსულ გაზზე ძვირია, ევროპის ქვეყნებთან გაფორმებული ხელშეკრულებების გამო აზერბაიჯანს გაზის დამატებითი პარტიის მოყიდვა გაუჭირდება.

სემეკის ანგარიშის თანახმად 2025 წელს საქართველომ 3.2 მლრდ მ3 ბუნებრივი გაზი მოიხმარა, რომლის 20% ანუ 640 მლნ მ3 თბოსადგურების საჭიროებისთვის გადამისამართდა. თბოსადგურების გამომუშავეული ელექტროენერგიას მთლიანდ იმპორტით ვერ ჩავანაცვლებთ, ბალანსისთვის მათი მუშაობა აუცილებელია, იმპორტის ასე მკვეთრად გაზრდაც არ იქნება მარტივი, განსაკუთრებით მაშინ, თუ საიმპორტო პარტნიორებს რუსეთი ჩაეხსნა, მაგრამ ესეც რომ დავუშვათ დეფიციტი ბოლომდე მაინც ვერ აღმოიფხვრება და 300-400 მლნ მ3 დანაკლისი მაინც შნარჩუნდება.

სხვა სექტორები

რაოდენობის ხარჯზე, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლებით რუსეთი პირველ ადგილს იკავებს, თუმცა ერთი ევროპელი ტურისტი უფრო მეტს ხარჯავს. პირდაპირი ფრენების აკრძალვით, ან სულაც საზღვრის ჩაკეტვით სექტორს საგრძნობი დარტყმა მიადგება.

2025 წელს რუსმა ტურისტებმა საქართველოში $700 მლნ დახარჯეს და რუსეთის წილმა ტურიზმიდან მიღბულ შემოსავლებში 14.8% შეადგინა, 2023 წელს რუსეთის წილი 22.7%-ს უდრიდა. რუსეთის იმ მოქალაქეების დანახარჯი, რომლებიც საქართველოში უკვე 1 წელზე მეტია იმყოფებიან, ან აპირებენ დარჩენას ამ სტატისტიკაში არ აისახება.

ფულად გზავნილებში რუსეთმა 2024 წლიდან პირველობა დაკარგა და 13%-იანი წილით მესამე ადგილზე იმყოფება. „ზოლოტაია კორონას“ დასანქცირების გამო აგვისტოში რუსეთიდან გზავნილები 88%-ით შემცირდა და რუსეთმა მე-11 ადგილზე გადაინაცვლა, თუმცა შეიძლება ვივარაუდოთ, რომ თანხები ქვეყანაში სხვა არხებით შემოვიდა. გადარიცხვების აკრძალვის კონტროლი უფრო ძნელია და რომც აიკრძალოს მას შედარებით ნაკლები ეფექტი ექნება.

არგაღიაზიანების პოლიტიკა არაეფექტურია? – უკრაინის, სომხეთისა და ბელარუსის მაგალითი

არგაღიზიანების პოლიტიკის პარალელურად ნაწილობრივი ემბარგო ბევრისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა, რეალურად რუსეთი სხვანაირი ლოგიკით მუშაობს და მისთვის მხოლოდ არგაღიზიანება საკმარისი არაა. ამის დასადატურებლად რამდენიმე მაგალითის გახსენება შეიძლება:

რუსეთი ყირიმის ანექსიას, 2014 წლიდან NATO-ს საფრთხითა და რუსულენოვანი მოქალაქეების შევიწროვების მოტივით ხსნიდა. რეალურად მაიდანი NATO-ში გაწევრიანების მოთხოვნას არ მოჰყოლია. მასობრივი პროტესტი 2013 წლის ნოემბერში ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე უარის თქმამ გამოიწვია.

2010 წელს უკრაინაში პრეზიდენტად ღიად პრორუსი ვიქტორ იანუკოვიჩი აირჩიეს. იანუკოვიჩმა ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსაზე დეკლარილებულად უარი განაცხადა და უბლოკო სტატუსი კონსტიტუციით დააფიქსირა, რასაც მსობრივი პროტესტი არ მოჰყოლია. ვითარება 2013 წლის ნოემბერში შეიცვალა, როცა ბოლო წუთზე იანუკოვიჩმა ასოცირების ხელშეკრულებაზე ზელის მოწერაზე თქვა უარი. მან გადაწყვეტილება რუსული ბაზრის დაკარგვის მოტივით ახსნა, რეალურად ბრიუსელთან დასადები ხელშეკრულება მოსკოვთან ვაჭრობას არ კრძალავდა, ულტიმატუმი თავად მოსკოვმა წამოაყენა. პუტინისთვის მხოლოდ NATO-ზე უარი და სამხედრო ბაზების დაკანონება საკმარისი არ აღმოჩნდა ევროკავშირში არათუ გაწევრიანება, ევროკავშირის რადარებზე მიახლოვებაც კი ვერ აიტანა. მის ამ ულტიმატუმს ევრომაიდანი და ტერიტორიით ევროპაში ყველაზე დიდი ქვეყნის მოკავშირეობის დაკარგვა მოჰყვა.

ყირიმის ანექსიიდან 6 წლის შემდეგ, რუსეთმა სომხეთი ყარაბაღის მეორე დიდ ომში მიატოვა. იმ დროისთვის (2020 წელი) სომხეთი არც გიუმრის ბაზის გაყვანის საკითხს აყენებდა და არც დსთ-დან, ევრაზიული კავშირიდან ან „ოდკბ“-დან გასვლის საკითხს. ერევენი არც ევროკავშირში ინტეგრაციის სურვილს აცხადებდა და არც NATO-ში. ფაშინიანს უბრალოდ სურდა, რომ რუსეთის გარდა სხვა ქვეყნებსაც დალაპარაკებოდა და ყველა საკითხი მოსკოვთან არ შეეთანხმებინა, რაც ასევე ვერ აიტანა მოსკოვმა.

2014 და 2019 წლებში, მეტი ზეწოლის მიზნით, რუსეთმა ხორცისა და რძის პროდუქტებზე ემბერგო ბელარუსსაც დაუწესა. იმ ბელარუსს რომელიც ყველაზე პრორუსული სახელმწიფოა ევროპაში და ერთ-ერთი ყველაზე პრორუსული მსოფლიოში.

შესაძლო დანაკარგები

საბოლოო ჯამში რა ზარალი შეიძლება მიიღოს საქართველომ იმ დაშვებით, თუ რუსეთი ყველანირ ეკონომიკურ ურთიერთობას მოშლის? კითხვა პირობითია, რადგან ამ ეტაპზე ასეთი სცენარის ალბათობა ძალიან დაბალია. თუ მაინც დავსვამთ ამ კითხვას, ზუსტი პასუხის გაცემა რთული იქნება. 2023 წელს ირაკლი კობახიძემ განაცხადა: სანქციები რომ დაგვწესებინა რუსეთისთვის მშპ 10%-ით კი არ გაიზრდებოდა, პირიქით შემცირდებოდაო. განაცხადი შინაარსობრივად სავარაუდოდ გადაჭარბებულია, 10%-იანი ვარდნა საქართველოს არც ომის მერე ჰქონია მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის დროს 2009 წელს და არც 2020 წელს პანდემიის დროს, როდესაც კოვიდრეგულაციებით ბიზნესების დიდი ნაწილი გაჩერდა. ამ შესაძლო გადაჭარბების მიუხედავად პრობლემები ექსპორტის ნაწილშიც იქნება, სოფლის მეურნეობის სფეროშიც და ტურიზმშიც. სავალუტო შემოდინების კლების დასაკომპენსირებლად ეროვნული ბანკი სავარაუდოდ რეზერვების გაყიდვის პოლიტიკას დაუბრუნდება. მიმდინარე წელს რეზერვების მოცულობა $2 მლრდ-ით გაიზარდა და $8 მლრდ-ს გადააჭარბა.

პირდაპირი ეკონომიკური კავშირების სრილად შეწყვეტის შემთხვევაშიც რაც ამ ეტაპზე ნაკლებად სავარაუდოა, რჩება ირიბი მექანიზმებიც. რუსეთის მოქალაქეები ქართულ ბანკებშკი ₾5 მლრდ-მდე თანხას ინახავენ, ბოლო წლების მაღალ ეკონომიკურ ზრდაში გარკვეული როლი რუსული IT კომპანიების რეგისტრაციამ შეასრულა, სხვა საქმეა რამდენად შეეხო ეს ზრდა მოსახლეობას, გაზრდილი ავტოექსპორტის ძირითადი სამიზნეც რეალურად რუსეთია. ყველაფერ ამის ერთი ხელის მოსმით მოშლა ძალიან რთულად წარმოსადგენია.

“მწარმოებლები გადაწყობას ალბათ ვერ მოახერხებენ და მნიშვნელოვნად შემცირდება ღვინის წარმოება”

პოტენციური სრული ემბარგოს მოსალოდნელ შედეგებზე „ნეტგაზეთი“ ეკონომისტსა და ილიაუნის პროფესორ გიორგი ხიშტოვანს ესაუბრა.

ეკონომისტმა აქცენტი ფისკალურ პოლიტიკაზე და ბიუჯეტის ხარჯების შესაძლო ზრდაზე გააკეთა:

„სავარაუდოდ, მწარმოებლები გადაწყობას ვერ მოახერხებენ, მნიშვნელოვნად შემცირდება ყურძნის შესყიდვები, ანუ ღვინის წარმოება. შესაბამისად, რადგანაც ეს თემა ძალიან პოლიტიკური და პოლიტიზებულია, სახელმწიფოს მოუწევს თანხების დამატებით მობილიზება იმისთვის, რომ მევენახეებისგან ჭარბი ყურძენი ჩაიბაროს. თუ დარტყმა ხანგრძლივი იქნება, არ გამოვრიცხავ იმასაც, რომ, ღვინის კომპანიების რაღაც დონეზე მხარდაჭერასთან ერთად, მათი ნაციონალიზაციის საკითხიც კი დადგეს.“

გიორგი ხიშტოვანის შეფასებით, ჭარბი ყურძნის შესასყიდად სახელმწიფოს, შესაძლოა, დამატებითი ვალის აღებაც მოუწიოს:

„საქართველოს ღვინის სექტორის დიდმა ნაწილმა, სამწუხაროდ, ვერ მოახერხა ახალი ბაზრების ათვისება. შესაბამისად, რომ შევაჯამოთ, ღვინის შემთხვევაში, ჩემი აზრით, პირველი ეფექტი იქნება ის, რომ წარმოება შემცირდება და ძალიან ცუდ ფინანსურ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან ის კომპანიები, რომლებიც განსაკუთრებით იყვნენ დამოკიდებულნი რუსულ ბაზარზე. მეორადი ეფექტი იქნება უკვე ფისკალური, როცა ჭარბი ყურძნის შესყიდვის მოთხოვნით შეიძლება მევენახეებმა „ქართული ოცნების“ მთავრობას მიმართონ, და რადგანაც ეს თემა ძალიან პოლიტიზებულია, სახელმწიფოს მოუწევს ამ თანხების გამონახვა ბიუჯეტში. ჩვენ ვიცით, რომ მას ბიუჯეტთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემები აქვს და, აქედან გამომდინარე, ან დამატებითი ვალის მობილიზება გახდება საჭირო, ან სხვა ხარჯების შეკვეცა“, — გვითხრა საუბრისას გიორგი ხიშტოვანმა.

რესპონდენტის თქმით, სხვა სექტორებიც იგივე რისკის ქვეშ ექცევიან, როგორც ღვინო, მაგრამ, შედარებით დაბალი დამოკიდებულების გამო, მათზე ემბარგოს ეფექტი შესაძლოა შედარებით ნაკლები იყოს. მევენახეობა კი ემბარგოს მიმართ ყველაზე მოწყვლადია და სწორედ ამის გამო მოექცა დარტყმის ქვეშ.

„კატასტროფულად არასწორი“ პოლიტიკა

კითხვაზე, თუ რატომ ვერ მოხერხდა, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებების მიუხედავად, ევროკავშირისა და ჩინეთის ბაზრების სრულფასოვნად ათვისება და რატომ გაიზარდა ბოლო 14 წელიწადში რუსეთზე ექსპორტდამოკიდებულება, გიორგი ხიშტოვანი პასუხს „ქართული ოცნების“ პოლიტიკის ეკონომიკურ მოდელში ხედავს, რომელიც, მისივე თქმით, „კატასტროფულად არასწორი“ იყო:

„„ქართული ოცნების“ ეკონომიკური პოლიტიკა დაფუძნებული იყო და რჩება მოდელზე, რომ ჩვენ გვექნება კეთილმეზობლური ურთიერთობა რუსეთთან. რუსეთი იქნება ჩვენი პარტნიორი მინიმუმ ეკონომიკურ ურთიერთობებში და, შესაბამისად, ჩვენ ვიქნებით ამ პარტნიორული ურთიერთობის ბენეფიციარები; პლუს, უკრაინაში შეჭრის შემდეგ ჩვენ ვართ ომის ბენეფიციარები, რომელსაც რუსეთი აწარმოებს უკრაინაში. ეს იყო მათი გათვლა.

ეს მომენტი [ნაწილობრივი ემბარგო] კარგად აჩვენებს, თუ რამდენად კატასტროფულად არასწორი იყო ეს გათვლა, რამდენად არასანდო პარტნიორი შეიძლება იყოს რუსეთის ფედერაცია, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როცა ის, პარალელურად, არის შენი ქვეყნის ოკუპანტი, აგრესორი და გლობალურად ითვლება ქვეყნად, რომელშიც წესები და შეთანხმებები არ მუშაობს.

აქედან გამომდინარე, მე შემიძლია ვთქვა, რომ ეს მაგალითი ამ არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის საუკეთესო დადასტურებაა — თუ რამდენად მიამიტური და გულუბრყვილოა, რომ ააგო ეკონომიკური პოლიტიკა რუსეთთან კეთილმეზობლურ ურთიერთობებზე. დღეს, სამწუხაროდ, ქართველ მეღვინეებს მოუწევთ ამის ფასის გადახდა“, — აღნიშნა ილიაუნის პროფესორმა.

მიზეზებისა და მოლოდინების შესახებ გიორგი ხიშტოვანმა განაცხადა, რომ არსებული ნაწილობრივი ემბარგო გარკვეული სიგნალია, თუმცა უცნობია, რეალურად რა ურთიერთობებია „ქართულ ოცნებასა“ და რუსეთის მთავრობას შორის, რაზე ვერ შეთანხმდნენ ან რაზე შეთანხმდნენ და შემდეგ რუსეთმა ჩათვალა, რომ „ოცნებამ“ შეთანხმება დაარღვია.

„რაც ვიცით, არის ეს ფაქტი. ეს ფაქტი მეტყველებს, რომ რუსეთი მზად არის, დასაჯოს „ქართული ოცნების“ მთავრობა და, შედეგად, დასაჯოს საქართველოც. მეორე, რაც ვიცით, არის ის, რომ ეს არის სიგნალი — კიდევ არსებობს ბერკეტები, რაც მას გააჩნია საქართველოს ეკონომიკის ჩამოსაშლელად“, — განაცხადა გიორგი ხიშტოვანმა და აღნიშნა, რომ მომხდარში, ყველაფრის მიუხედავად, არის ერთი პოზიტივიც: ნათელი გახდება, რამდენად კატასტროფულად არასწორი იყო ის პოლიტიკა, რომელსაც „ქართული ოცნება“ რუსეთის მიმართ ატარებდა.

დაგვამატე Google-ში

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.

ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.

დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.

წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„სავარაუდოდ, მწარმოებლები გადაწყობას ვერ მოახერხებენ, მნიშვნელოვნად შემცირდება ყურძნის შესყიდვები, ანუ ღვინის წარმოება. შესაბამისად, რადგანაც ეს თემა ძალიან პოლიტიკური და პოლიტიზებულია, სახელმწიფოს მოუწევს თანხების დამატებით მობილიზება იმისთვის, რომ მევენახეებისგან ჭარბი ყურძენი ჩაიბაროს. თუ დარტყმა ხანგრძლივი იქნება, არ გამოვრიცხავ იმასაც, რომ, ღვინის კომპანიების რაღაც დონეზე მხარდაჭერასთან ერთად, მათი ნაციონალიზაციის საკითხიც კი დადგეს.“
გიორგი ხიშტოვანი
„საქართველოს ღვინის სექტორის დიდმა ნაწილმა, სამწუხაროდ, ვერ მოახერხა ახალი ბაზრების ათვისება. შესაბამისად, რომ შევაჯამოთ, ღვინის შემთხვევაში, ჩემი აზრით, პირველი ეფექტი იქნება ის, რომ წარმოება შემცირდება და ძალიან ცუდ ფინანსურ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან ის კომპანიები, რომლებიც განსაკუთრებით იყვნენ დამოკიდებულნი რუსულ ბაზარზე. მეორადი ეფექტი იქნება უკვე ფისკალური, როცა ჭარბი ყურძნის შესყიდვის მოთხოვნით შეიძლება მევენახეებმა „ქართული ოცნების“ მთავრობას მიმართონ, და რადგანაც ეს თემა ძალიან პოლიტიზებულია, სახელმწიფოს მოუწევს ამ თანხების გამონახვა ბიუჯეტში. ჩვენ ვიცით, რომ მას ბიუჯეტთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემები აქვს და, აქედან გამომდინარე, ან დამატებითი ვალის მობილიზება გახდება საჭირო, ან სხვა ხარჯების შეკვეცა“
გიორგი ხიშტოვანი
„რაც ვიცით, არის ეს ფაქტი. ეს ფაქტი მეტყველებს, რომ რუსეთი მზად არის, დასაჯოს „ქართული ოცნების“ მთავრობა და, შედეგად, დასაჯოს საქართველოც. მეორე, რაც ვიცით, არის ის, რომ ეს არის სიგნალი — კიდევ არსებობს ბერკეტები, რაც მას გააჩნია საქართველოს ეკონომიკის ჩამოსაშლელად“
გიორგი ხიშტოვანი
„„ქართული ოცნების“ ეკონომიკური პოლიტიკა დაფუძნებული იყო და რჩება მოდელზე, რომ ჩვენ გვექნება კეთილმეზობლური ურთიერთობა რუსეთთან. რუსეთი იქნება ჩვენი პარტნიორი მინიმუმ ეკონომიკურ ურთიერთობებში და, შესაბამისად, ჩვენ ვიქნებით ამ პარტნიორული ურთიერთობის ბენეფიციარები; პლუს, უკრაინაში შეჭრის შემდეგ ჩვენ ვართ ომის ბენეფიციარები, რომელსაც რუსეთი აწარმოებს უკრაინაში. ეს იყო მათი გათვლა. ეს მომენტი [ნაწილობრივი ემბარგო] კარგად აჩვენებს, თუ რამდენად კატასტროფულად არასწორი იყო ეს გათვლა, რამდენად არასანდო პარტნიორი შეიძლება იყოს რუსეთის ფედერაცია, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როცა ის, პარალელურად, არის შენი ქვეყნის ოკუპანტი, აგრესორი და გლობალურად ითვლება ქვეყნად, რომელშიც წესები და შეთანხმებები არ მუშაობს. აქედან გამომდინარე, მე შემიძლია ვთქვა, რომ ეს მაგალითი ამ არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის საუკეთესო დადასტურებაა — თუ რამდენად მიამიტური და გულუბრყვილოა, რომ ააგო ეკონომიკური პოლიტიკა რუსეთთან კეთილმეზობლურ ურთიერთობებზე. დღეს, სამწუხაროდ, ქართველ მეღვინეებს მოუწევთ ამის ფასის გადახდა“
მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?