გერმანიის საგარეო დაზვერვის ყოფილ უფროსს შესაძლოა, აზერბაიჯანთან ჰქონოდა კავშირი – Spiegel
გერმანული გამოცემა Der Spiegel-ის ცნობით, გერმანიის საგარეო დაზვერვის ყოფილი ხელმძღვანელი აუგუსტ ჰანინგი ჯაშუშობისა და სახელმწიფო ღალატის მცდელობის საქმეზე დააკავეს. გამოძიების ვერსიით, მას შესაძლოა კავშირი ჰქონოდა აზერბაიჯანის დაზვერვასთან და გასაიდუმლოებული დოკუმენტების საფუძველზე ანალიზი მოემზადა.

გერმანული გამოცემა Der Spiegel-ის ინფორმაციით, გამომძიებლებს აქვთ ეჭვი, რომ გერმანიის საგარეო დაზვერვის ყოფილ ხელმძღვანელს შესაძლოა, აზერბაიჯანის აგენტთან ჰქონოდა კავშირი.
გამოძიების ვერსიით, ჰანინგმა BND-ის შტაბის ყოფილი უფროსის მანფრედ დ.-ს მეშვეობით, სავარაუდოდ, მოიპოვა გასაიდუმლოებული დოკუმენტები გრიფით და მათ საფუძველზე წერილობითი ანალიზი მოამზადა. ფედერალური პროკურატურის ცნობით, ეს მასალა განკუთვნილი იყო უცხოური სადაზვერვო უსაფრთხოების აპარატის თანამშრომლისთვის. პროკურატურას არ დაუკონკრეტებია, რომელ სახელმწიფოს წარმოადგენდა აღნიშნული თანამშრომელი.
Spiegel-ის ინფორმაციით, სავარაუდო დამკვეთი აზერბაიჯანის დაზვერვის ოფიცერი იყო, თუმცა უცნობია მიაღწია თუ არა ჰანინგის მიერ მომზადებულმა ანალიზმა ადრესატამდე.
ჰანინგს წარსულში ნამდვილად ჰქონდა აზერბაიჯანის წარმომადგენლებთან ურთიერთობა. მაგალითად, როგორც ასოციაციის 2025 წლის ივლისის განცხადებაშია მითითებული, ჰანინგი გერმანულ-აზერბაიჯანული ფორუმის გამგეობის წევრი იყო.
ცნობისთვის, გერმანიის ფედერალური პროკურატურის განცხადებით, ჯაშუშობისა და სახელმწიფო ღალატის მცდელობის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, 6 ოქტომბერს გერმანიის საგარეო დაზვერვის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი დააკავეს.
ფედერალური პროკურატურის განცხადების თანახმად, ინფორმატორმა საგარეო დაზვერვის ფედერალური სამსახურის (BND) ყოფილ უფროსს, აუგუსტ ჰანინგს, სავარაუდოდ, თითქმის ორი ათასი დოკუმენტი გადასცა, რომელთაგან მრავალი გასაიდუმლოებული იყო. პროკურატურის ინფორმაციით, ერთ-ერთ შემთხვევაში ჰანინგმა მანფრედ დ.-დ იდენტიფიცირებული ინფორმატორის მიერ მიწოდებული საიდუმლო მასალები უცხოური სადაზვერვო სამსახურის თანამშრომლისთვის ანალიტიკური მასალის მოსამზადებლად გამოიყენა.
"ბრალდებული ჰანინგი სახელმწიფო ღალატის შემცველ ჯაშუშობაშია ეჭვმიტანილი", - ნათქვამია პროკურორების განცხადებაში.
ჰანინგი გერმანიის საგარეო დაზვერვის სამსახურს 1998-დან 2005 წლამდე ხელმძღვანელობდა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…