ორმაგი სტანდარტი თუ პოლიტიკური რიტორიკა - როგორ აფასებენ მმართველ გუნდში მარტა კოსის განცხადებას მოლდოვასთან დაკავშირებით
ევროკომისარმა მარტა კოსმა მოლდოვა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მოწინავე კანდიდატ ქვეყნად შეაფასა. მმართველ გუნდში ამ განცხადებას ორმაგ სტანდარტს უწოდებენ და აცხადებენ, რომ სხვადასხვა საერთაშორისო ინსტიტუტის მონაცემებით, საქართველო რეფორმებისა და ეკონომიკური მაჩვენებლების მიხედვით მოლდოვას უსწრებს.

"მოლდოვა შთამბეჭდავი ტემპით მიიწევს ევროკავშირში გაწევრიანებისკენ, თქვენ მოწინავე კანდიდატ ქვეყანას შორის ხართ" - მარტა კოსისგან ეს შეფასება ასოცირების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, მოლდოვას პრემიერ-მინისტრმა მოისმინა - ბრიფინგზე, რომელიც ბრიუსელში კაია კალასთან ერთად გაიმართა. ევროკომისარმა კანდიდატ ქვეყანას საჯარო მხარდაჭერაც გამოუცხადა და უკეთესის მოლოდინიც შეუქმნა.
ციფრები საპირისპიროს აჩვენებს. რეფორმების თვალსაზრისით, კანონის უზენაესობა ერთ-ერთია, იმ ათეულობით პარამეტრს შორის, რომლითაც დასტურდება, რომ კანდიდატ ქვეყნებს შორის მოწინავე არა მოლდოვა, არამედ საქართველოა. თბილისი კიშინიოვს უკვე წლებია წინ უსწრებს ყველა საერთაშორისო ინსტიტუტის კვლევითა თუ ადგილობრივი სტატისტიკით. ქვეყნებს შორის მკაფიო კონტრასტი ჩანს ეკონომიკურ რეიტინგებში, სადაც საქართველოს უპირატესობა იკვეთება ბევრად დაბალ სიღარიბეში, სამჯერ უფრო სწრაფ ეკონომიკურ ზრდაში, უფრო დაბალ ინფლაციაში, გაცილებით მცირე საგარეო დეფიციტსა თუ გაცილებით მეტ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციაში. ჩამონათვალი დიდია, სტატისტიკა კი კონკრეტული..
პარლამენტს თავმჯდომარის თქმით, მოლდოვას მიმართ ბრიუსელის პოზიტიურ რიტორიკას აქვს თავისი მიზეზიც - მორჩილი პოლიტიკა, რომელიც სანდუს მთავრობისგან განსხვავებით, საქართველოს არ აქვს. სპიკერი ამბობს, რომ ევრობიუროკრატები უკვე ტენდენციად ქცეული მიდგომებით ეწინააღმდეგებიან როგორც ოფიციალურ სტატისტიკას, ისე თავად ევროპული ინსტიტუტების დასკვნებსაც.
უმრავლესობის თქმით, რასაც ევროპელი მაღალჩინოსნები მოლდოვას შემთხვევაში უგულებელყოფენ, კორუფციული სკანდალები, ოპოზიციის დაკავებები და გამქრალი მედიაპლურალიზმია. იხსენებენ, რომ ევროკომისიის გასული წლის ანგარიშში კორუფციისა და ადამიანის უფლებების კრიტერიუმებით ყველა კანდიდატი შეაფასეს, გამონაკლისი კი მხოლოდ უკრაინა და მოლდოვა აღმოჩნდა. კორუფციის აღქმა ერთ-ერთია იმ ინდექსებს შორის, რომლითაც დასტურდება, რომ საქართველო მოლდოვას წინ უსწრებს შიდა-პოლიტიკური მაჩვენებლებითაც.
ოფიციალურ მონაცემებს ვერც ოპოზიციაში უარყოფენ, თუმცა საქართველოზე უპირატესად მოლდოვას წარმოჩენაზე, პასუხისმგებლობას მაინც ხელისუფლებას აკისრებენ.
მმართველ გუნდს აინტერესებს, რა სტანდარტით აფასებენ ევრობიუროკრატები კანდიდატი ქვეყნების პროგრესს, მით უფრო როდესაც საუბარია მოლდოვაზე - ქვეყანაზე, რომელიც მათივე თქმით, სუვერენიტეტის დათმობის წინაშე დგას.
ევროკომისარი კოსი მოლდოვას კანდიდატ ქვეყნებს შორის მოწინავედ აფასებს, თუმცა ევროკომისიის დაკვეთითვე ჩატარებული გამოკითხვები სულ სხვა სურათს აჩვენებს. ევრობარომეტრის კვლევით, მთავრობისადმი ნდობის ინდექსში ხუთეულში საქართველოა. საქართველოა ევროპის სახელმწიფოების 10 საუკეთესო ათეულში პარლამენტის ნდობის რეიტინგითაც. გლობალური მმართველობის ინდიკატორების ფარგლებში მონაცემები რამდენიმე დღის წინ მსოფლიო ბანკმა გამოაქვეყნა.
ციტატები სტატიიდან
„მოლდოვა შთამბეჭდავი ტემპით მიიწევს ევროკავშირში გაწევრიანებისკენ, თქვენ მოწინავე კანდიდატ ქვეყანას შორის ხართ“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.