გალში დაკრძალეს უკრაინის წინააღმდეგ მებრძოლი რეზო ყოლბაია
გალში დაკრძალეს რეზო ყოლბაია, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის შეიარაღებული ძალების მხარეს იბრძოდა და მარტში დაიღუპა. გალის რაიონის ე.წ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, კონსტანტინ ფილიას ცნობით, ის სადესანტო-მოიერიშე ბრიგადაში მსახურობდა და მისი ამოცნობა დონის როსტოვში მოხერხდა.

„გალ-მედიის“ მიერ მომზადებული რეპორტაჟის თანახმად, ყოლბაია ყაზახეთის სოფელ დოკუჩაევკაში, „ისტორიული სამშობლოდან შორს“ დაიბადა.
ტელეკომპანია აღნიშნავს, რომ მან რუსეთის შეიარაღებულ ძალებთან კონტრაქტი გააფორმა და უკრაინაში, ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში გაემგზავრა.
„სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ მოსკოვი უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრას უწოდებს.
„გალ-მედიის“ შეფასებით, ყოლბაია „მშვიდობისა და სამართლიანობისთვის დაიღუპა“.
გალის რაიონის ე.წ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, კონსტანტინ ფილიას ინფორმაციით, ყოლბაია სადესანტო-მოიერიშე ბრიგადაში მსახურობდა. ის მიმდინარე წლის მარტში დაიღუპა, თუმცა მისი ამოცნობა დონის როსტოვში მხოლოდ ახლახან მოხერხდა.
ყოლბაიას დაკრძალვაზე გალში რუსეთის ე.წ. საელჩოს, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები და მისი თანამებრძოლები ჩავიდნენ.
უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში აქტიურად მონაწილეობენ მებრძოლები ოკუპირებული აფხაზეთიდან და ე.წ. სამხრეთ ოსეთიდან. ათობით მათგანი დაიღუპა, თუმცა დაღუპულთა ზუსტი რაოდენობა უცნობია.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.