„გამეცით მკაფიო პასუხები ამ კითხვებზე!“ – ირმა ინაშვილი
პატრიოტთა ალიანსის ლიდერმა ირმა ინაშვილმა განცხადება გაავრცელა, სადაც გიორგი დავითაძის მიმართ შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიების დაწყებას ითხოვს და აკრიტიკებს ხელისუფლებასა და მედიასუქებებს პატიმრის კრიმინალად გამოცხადებისა და დანაშაულის დაფარვის მცდელობისთვის.

პატრიოტთა ალიანსის ლიდერი ირმა ინაშვილი:
„სრულიად სამარცხვინოა “იმედის”, რუსთავი-2-ის და ხელისუფლების მხრიდან დაფინანსებული პროპაგანდისტების ქმედებანი, რომლებიც გვიხსნიან, რომ გიორგი დავითაძე კრიმინალია და ამიტომ, თურმე, მას შეიძლება ყველაფერი აკადრო.
ვფიქრობ, ეს ნათელყოფს, რაოდენ გაიხრწნა კობახიძის მიერ ჩამოყალიბებული ნაციონალური ოცნება.
პატიმარზე რეზინის ხელთათმანით ძალადობა რომ დანაშაულია, ხელისუფლებამ ეს იცის! მაგრამ რეზინის ხელთათმანი სულ რომ არ ფიგურირებდეს,
თვით ის ფაქტი, რომ ციხის ცხრა თანამშრომელი ერთ პატიმარს დასაკლავი ცხოველივით აგდებს ნარზე და ძალით აკავებს, უკვე დანაშაულია. ეს კანონის პირდაპირი დარღვევაა და ეს რომ დარღვევაა, ციხის თანამშრომლებმაც იციან, ხელისუფლებამაც იცის და სახალხო დამცველმაც იცის!
და ამ ვითარებაში ხელისუფლება ვალდებულია,- დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება!!!!!!!!
მაგრამ რას ვხედავთ?
გამოძიების ნაცვლად, ხელისუფლების პროპაგანდა გვიმტკიცებს, რომ გიორგი დავითაძე კრიმინალია და ტყუის! როგორ უნდა გავიგოთ ეს პროპაგანდა? ანუ თუ დავითაძე კრიმინალია, ე.ი. შეიძლება ის ცხოველივით დააბა, რეზინის ხელთათმანი გამოიყენო, ღირსება აყარო ანუ ეს ყველაფერი შეიძლება? რამდენი კრიმინალია დღეს ციხეში? ანუ შეიძლება, რომ ყველას ასე მოექცე?
სააკაშვილის დროსაც სააკაშვილსაც ჰყავდა მომხრეები, რომლებიც არც მაშინ იჯერებდნენ პატიმრების წამებას და არც ახლა სჯერათ. “ქართული ოცნება” ნაციონალურ ოცნებად გადაიქცა, ამასაც გაუჩნდა მხარდამჭერები: რაც უნდა მოხდეს, არაფრის არ სჯერათ და ხელისუფლებას თუ ამხელ, შენც გაგლანძღავენ.
პირდაპირ ვუსვამ კითხვას იურისტ კობახიძეს: დავით გარეჯზე ხომ გაურბის პასუხს, აქ გამცეს პასუხი:
გიორგი დავითაძე ზის სამარტოო საკანში, არის თუ არა დანაშაული, კაცს რომ სამარტოო საკნიდან გამოათრევ, ჩაიყვან დეესკლაციის ოთახში, ცხოველივით დააბამს ცხრა ბადრაგი ნარზე, არის თუ არა ეს დანაშაული?
(აღარაფერს ვამბობ რეზინის ხელთათმანზე) და ვალდებული ხართ თუ არა, რომ გამოძიება დაიწყოთ?
გაქვთ თუ არა უფლება აწარმოოთ პროპაგანდა, რომ გიორგი დავითაძე კრიმინალია და ირიბად მიანიშნოთ, რომ რადგან ასეა, მის მიმართ ყველაფერი დასაშვებია?! გამეცით მკაფიო პასუხები ამ კითხვებზე!
P. S. კობახიძის პროპაგანდისტებს ვურჩევ: თავი შეიკავეთ და სახე შეინარჩუნეთ, დანაშაულის დაფარვაში ნუ მონაწილეობთ“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.