„გასაგებია თუ რა აქვთ მოტივაცია – ჩემ დროს გიორგი დავითაძის მამა, ავთო დავითაძე, კორუფციისთვის იყო გასამართლებული“ – სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი ციხიდან წერილს აქვეყნებს, სადაც გიორგი დავითაძის გარშემო შექმნილ ვითარებას ეხმაურება, ბადრაგის ქმედებებს აკრიტიკებს და პატიმრებს ხმის ამოღებისკენ მოუწოდებს. იგი ასევე საუბრობს დავითაძის მამის წარსულსა და „ციხის კადრებზე“.

მიხეილ სააკაშვილი ციხიდან წერილს აქვეყნებს:
„გიორგი დავითაძის გარშემო 10 ბადრაგის ყოფნა, არასდროს ხდება მსგავს სიტუაციაში და აქაური წესების უხეში დარღვევაა. ერთადერთი მიზანი მხოლოდ კამერებისგან უკანონობის ფაქტის დამალვა შეიძლება ყოფილიყო, ვამბობ ამას როგორც 5 წელზე მეტი სტაჟის მქონე ტყვე.
მოვუწოდებ სხვა პატიმრებსაც ამოიღონ ხმა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია თქვენივე უსაფრთხოებისთვის, იცოდეთ რომ სიჩუმე კლავს. ასევე ამოიღეთ ხმა სრულიად უაზრო შეზღუდვებზე და განსაკუთრებით ბოლო დროს მკვეთრად გაუარესებაზე.
გიორგი დავითაძის მშობლები ჯიუტად აგრძელებენ ჩემ დროინდელ “ციხის კადრებზე” საუბარს, რითაც, სინამდვილეში ეჭვქვეშ აყენებენ თავისი შვილის ისტორიასაც. მას შემდეგ რაც “ციხის კადრების” დადგმა აღიარეს ელიზბარაშვილმა და ბედუკაძემაც, ამ დიდი სიყალბის ჩემი ხელისუფლებისთვის დაბრალება ერთ რამეზე მეტყველებს, რომ მეცოცხეობა რელიგიაა და რელიგიას ფაქტები არ სჭირდება.
მეორეს მხრივ გასაგებია თუ რა აქვთ მოტივაცია – ჩემ დროს გიორგი დავითაძის მამა, ავთო დავითაძე, კორუფციისთვის იყო გასამართლებული და თუ კარგად დაუკვირდებით, ყველა მოქმედ თუ ყოფილ ქოცს აქვს პირადი მოტივაცია ჩვენზე ტყუილის ლაპარაკის, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ იქ სადაც ისინი მართლები არიან, არ დავუდგეთ გვერდით და არ დავუჭიროთ მხარი.“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.