ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

როგორ ემსახურებიან უფასო სასადილოების ბენეფიციარებს დღიურად 1.70 ლარად? - მერიის განმარტება

თბილისის მერია

თბილისში უფასო სასადილოების პროგრამით 40 ათასზე მეტი ბენეფიციარი სარგებლობს, რომელთა დღიური მომსახურების ღირებულება 1.70 ლარს შეადგენს. მიუხედავად სურსათის გაძვირებისა, მერიაში აცხადებენ, რომ პორცია და კალორაჟი არ შემცირებულა და ტარიფი ბაზრის კვლევის საფუძველზე განისაზღვრება.

როგორ ემსახურებიან უფასო სასადილოების ბენეფიციარებს დღიურად 1.70 ლარად? - მერიის განმარტება
როგორ ემსახურებიან უფასო სასადილოების ბენეფიციარებს დღიურად 1.70 ლარად? - მერიის განმარტებაBM.GE

თბილისში უფასო სასადილოების პროგრამით 40 ათასზე მეტი ბენეფიციარი სარგებლობს, რისთვისაც მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან წლიურად 27 მლნ ლარამდეა გამოყოფილი. ამასთან, ერთ ბენეფიციარზე დღიური მომსახურების ღირებულება 1.70 ლარია.

იმ ფონზე, როდესაც ბოლო წლებში ძირითადი საკვები პროდუქტები მნიშვნელოვნად გაძვირდა, „ბიემჯი“ დაინტერესდა, როგორ ახერხებს მუნიციპალიტეტი არსებული დაფინანსებით ბენეფიციარებისთვის განსაზღვრული პორციის, კალორაჟისა და კვებითი ღირებულების შენარჩუნებას.

თბილისის მერიაში განმარტავენ, რომ უფასო სასადილოების მომსახურების ღირებულება სახელმწიფო შესყიდვის ფარგლებში ჩატარებული ბაზრის კვლევის საფუძველზე განისაზღვრება. უწყების ცნობით, კანონმდებლობის შესაბამისად, მუნიციპალიტეტს სატენდერო პირობებში ბაზრის კვლევით დადგენილზე მაღალი თანხის მითითების უფლება არ აქვს.

მერიაში ამბობენ, რომ პროდუქტების გაძვირების მიუხედავად, ბენეფიციარებისთვის განკუთვნილი პორცია, კალორაჟი და კვებითი ღირებულება არ შემცირებულა.

„სურსათის რიგ სახეობებზე ფასის ზრდა არ ნიშნავს იმას, რომ უფასო სასადილოებში ბენეფიციარისთვის განკუთვნილი პორცია, კალორაჟი ან კვებითი ღირებულება შემცირდა. მიმწოდებელი ვალდებულია, უზრუნველყოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული კვების მომსახურება შესაბამისი სტანდარტების დაცვით“, - აცხადებენ მერიაში.

ამასთან, „ბიემჯის“ კითხვაზე, რა კონკრეტული მექანიზმით ან ინდექსაციით ხდება 1.70-ლარიანი ტარიფის პირობებში საკვების ხარისხისა და რაოდენობის შენარჩუნება, მერიის პასუხში კონკრეტული ინდექსაციის მექანიზმი მითითებული არ არის. უწყებაში აღნიშნავენ, რომ ბაზარზე ფასების ცვლილება მომსახურების თვითღირებულებაზე ბუნებრივად აისახება, თუმცა ხელშეკრულების პირობების შესრულება მიმწოდებლის ვალდებულებაა.

„ბიემჯი“ ასევე დაინტერესდა უფასო სასადილოების მომსახურების შესყიდვებში კონკურენციით. კერძოდ, საბურთალოს, სამგორისა და ნაძალადევის რაიონებში ჯამურად 10.6 მლნ ლარის ღირებულების ტენდერებში მხოლოდ ერთი პრეტენდენტი - „ლუკა 2005“ მონაწილეობდა.

მერიის განმარტებით, სახელმწიფო შესყიდვები ღიაა ნებისმიერი მიმწოდებლისთვის, რომელიც უფასო სასადილოების მომსახურებისთვის განსაზღვრულ მოთხოვნებს აკმაყოფილებს. უწყებაში აცხადებენ, რომ ბაზარზე არაერთი მსხვილი მიმწოდებელია და ერთი კონკრეტული კომპანიისთვის ბაზრის შეზღუდვის პრაქტიკა არ არსებობს.

ამასთან, კონკრეტულად რატომ დაფიქსირდა აღნიშნულ ტენდერებში მხოლოდ ერთი პრეტენდენტი, მერიის პასუხში განმარტებული არ არის. მუნიციპალიტეტში ამბობენ, რომ კონკრეტული კომპანიის ტენდერში მონაწილეობა მხოლოდ ბაზარზე არსებული კონკურენციის და კომპანიების მხრიდან მონაწილეობის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული, ხოლო თუ ბაზრის კვლევისა და კონკურენტული გარემოს ანალიზის შედეგად სატენდერო პირობების კორექტირების საჭიროება გამოიკვეთება, შესაბამისი ინიციატივა განიხილება.

კიდევ ერთი საკითხი უფასო სასადილოების კვების სტანდარტს ეხება. სახალხო დამცველის ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია ერთიანი სტანდარტისა და ბენეფიციართა ინდივიდუალური, მათ შორის ასაკისა და ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, კვებითი საჭიროებების გათვალისწინების საკითხზე.

მერიის ცნობით, უფასო სასადილოების მენიუ ნუტრიციოლოგების მიერ არის შედგენილი, ხოლო თითოეული დღის რაციონი ენერგეტიკული ღირებულების მიხედვითაა გაანგარიშებული და ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ კვებით ნორმებს შეესაბამება.

თუმცა კითხვაზე, იგეგმება, თუ - არა 2027 წლიდან ბენეფიციართა ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული ერთიანი კვების სტანდარტის დანერგვა, მერიის პასუხში კონკრეტული გადაწყვეტილება დასახელებული არ არის. მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, 2027 წლის სატენდერო მოთხოვნები ამ ეტაპზე ორგანიზების პროცესშია.

შეგახსენებთ, რომ უფასო სასადილოების თემაზე „ბიემჯი“ უკვე წერდა - როგორ იცვლებოდა უფასო სასადილოების დაფინანსება, რა გავლენა იქონია სურსათის გაძვირებამ უცვლელი 1.70 ლარის მსყიდველუნარიანობაზე და ვინ მოიგო უფასო სასადილოების მომსახურების ტენდერები. ვრცლად წაიკითხეთ სტატიაში.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„სურსათის რიგ სახეობებზე ფასის ზრდა არ ნიშნავს იმას, რომ უფასო სასადილოებში ბენეფიციარისთვის განკუთვნილი პორცია, კალორაჟი ან კვებითი ღირებულება შემცირდა. მიმწოდებელი ვალდებულია, უზრუნველყოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული კვების მომსახურება შესაბამისი სტანდარტების დაცვით“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.