NGO-ები: ვითხოვთ ეფექტიან და სრულყოფილ რეაგირებას მსჯავრდებულ დავითაძის განცხადებებზე
14 არასამთავრობო ორგანიზაცია რუსთავის №6 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის მიმართ სავარაუდო სექსუალური ძალადობის ფაქტზე დაუყოვნებლივ და ეფექტიან გამოძიებას ითხოვს. ორგანიზაციების შეფასებით, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული ვიდეოკადრები კითხვებს აჩენს და ვერ ჩაანაცვლებს სრულყოფილ გამოძიებას. თავად პენიტენციური სამსახური პატიმრის ბრალდებებს სიცრუეს უწოდებს.

14 არასამთავრობო ორგანიზაცია ხელისუფლებისგან დაუყოვნებლივ, ეფექტიან და სრულყოფილ რეაგირებას ითხოვს რუსთავის №6 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის და მისი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ განცხადებებზე, რომლის მიხედვითაც, 2025 წლის 21 დეკემბერს გიორგი დავითაძე პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლების მხრიდან სექსუალური ძალადობის, მათ შორის გაუპატიურების მსხვერპლი გახდა.
NGO-ების შეფასებით, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული ვიდეოკადრები და განმარტება "ვერ ჩაითვლება ამ მძიმე ბრალდებებზე სათანადო პასუხად". მათი აზრით, პირიქით, "გავრცელებული მასალა კიდევ უფრო მკაფიოდ აჩენს კითხვას იმის შესახებ, თუ რა მოხდა დეესკალაციის საკანში და რა მოქმედებები განახორციელეს იქ მყოფმა პენიტენციურმა თანამშრომლებმა".
NGO-ები წერენ, რომ პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაცია არ პასუხობს არაერთ არსებით კითხვას:
რა კონკრეტული საფუძვლით გახდა საჭირო გიორგი დავითაძის დეესკალაციის საკანში გადაყვანა;
რა კონკრეტული ქმედება უძღოდა წინ მის გადაყვანას;
იყო თუ არა მისი დეესკალაციის საკანში მოთავსება აუცილებელი და პროპორციული ღონისძიება;
რატომ გახდა საჭირო მის საკანში დაახლოებით ათი თანამშრომლის შესვლა;
ვინ იყვნენ აღნიშნული თანამშრომლები და რა მოქმედებები განახორციელა თითოეულმა მათგანმა;
წარმოადგენს თუ არა გავრცელებული ვიდეო 2025 წლის 21 დეკემბრის შესაბამისი ეპიზოდის/ეპიზოდების სრულ და უწყვეტ ჩანაწერს;
დაცულია თუ არა ჩანაწერის ორიგინალი და შესაძლებელია თუ არა მისი ავთენტურობისა და უწყვეტობის დამოუკიდებლად შემოწმება;
არსებობს თუ არა სხვა კამერების ჩანაწერები, რომლებიც სრულად ასახავს გიორგი დავითაძის გადაადგილებასა და მასთან მოპყრობას აღნიშნულ პერიოდში.
"განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული ვიდეომასალა ვერ ჩაანაცვლებს დამოუკიდებელ და ეფექტიან გამოძიებას.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, როდესაც არსებობს სერიოზული და დასაბუთებადი ბრალდება წამების ან სხვა მძიმე არასათანადო მოპყრობის შესახებ, სახელმწიფოს ეკისრება სწრაფი და ეფექტიანი გამოძიების ჩატარების ვალდებულება. ასეთ დროს ხელისუფლებამ უნდა მიიღოს ყველა გონივრული ზომა შესაბამისი მტკიცებულებების მოსაპოვებლად და არ უნდა დაეყრდნოს ნაჩქარევ ან უსაფუძვლო დასკვნებს. სექსუალური ძალადობისა და გაუპატიურების შესახებ ბრალდებების შემთხვევაში ეს მოთხოვნები განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.
ამ საქმეში დამატებით უნდა აღინიშნოს ისიც, რომ გიორგი დავითაძისა და მისი ოჯახის წევრების განცხადებები მიუთითებს პენიტენციური სამსახურის კონკრეტულ თანამშრომლებზე, მათ შორის, კონკრეტულ თანამდებობის პირებზე, რომლებმაც, მათი მტკიცებით, შესაძლოა გასცეს ან შეასრულეს ძალადობასთან დაკავშირებული ბრძანებები. ამ ბრალდებების დადასტურება ან უარყოფა შესაძლებელია მხოლოდ სრულყოფილი, დამოუკიდებელი და მტკიცებულებებზე დაფუძნებული გამოძიების შედეგად.
თუ გიორგი დავითაძის მიმართ აღწერილი ქმედებები დადასტურდა, საქმე განხილულ უნდა იქნას, არა მხოლოდ, სექსუალური ხასიათის მძიმე დანაშაულის კვალიფიკაციის ქვეშ, არამედ, ეს იმთავითვე უტოლდება წამების აკრძალვის საწინააღმდეგო მოპყრობას სახელმწიფოს ეფექტიანი კონტროლის ქვეშ მყოფი პირის, პატიმრის, მიმართ, რაც საქართველოს კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის აქტებით აბსოლუტურად აკრძალული ქმედებაა.
ამასთან, დაუშვებელია გამოძიების დასრულებამდე სახელმწიფოს რომელიმე ორგანომ თავად გადაწყვიტოს, რომ ბრალდებები „სრული სიცრუეა“. სწორედ ეფექტიანი გამოძიების მიზანია იმის დადგენა, რა მოხდა სინამდვილეში.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, მოვითხოვთ:
დაუყოვნებლივ ჩატარდეს გიორგი დავითაძის მიმართ სავარაუდო სექსუალური ძალადობისა და სხვა არასათანადო მოპყრობის ფაქტების სრულყოფილი, დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და ეფექტიანი გამოძიება;
სრულად იქნეს დაცული და გამოძიებისთვის, აგრეთვე გიორგი დავითაძის დამცველებისთვის, ხელმისაწვდომი გახდეს 2025 წლის 21 დეკემბრის ყველა ვიდეოჩანაწერი, მათ შორის, კამერების ორიგინალი და უწყვეტი ჩანაწერები, აგრეთვე მათი ავთენტურობისა და მთლიანობის დამადასტურებელი ტექნიკური მონაცემები;
დადგინდეს ყველა იმ თანამშრომლის ვინაობა, რომლებიც მონაწილეობდნენ გიორგი დავითაძის დეესკალაციის საკანში გადაყვანასა და იქ მის მიმართ განხორციელებულ მოქმედებებში, და გამოიკითხონ ისინი ერთმანეთისგან დამოუკიდებლად;
უზრუნველყოფილ იქნეს გიორგი დავითაძის სრული სამედიცინო და სასამართლო-სამედიცინო შემოწმება დამოუკიდებელი სპეციალისტების მიერ და დაცული იქნეს ყველა შესაბამისი სამედიცინო, ექსპერტიზის, ვიდეო და სხვა მტკიცებულება;
უზრუნველყოფილ იქნეს გიორგი დავითაძის, მისი ოჯახის წევრებისა და შესაძლო მოწმეების დაცვა ნებისმიერი ზეწოლის, დაშინების ან შურისძიებისგან;
გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, გამოირიცხოს სავარაუდო ძალადობაში შესაძლო მონაწილე პირთა მიერ მტკიცებულებებზე ზემოქმედების ან გამოძიების მიმდინარეობაზე გავლენის შესაძლებლობა;
დადგინდეს არა მხოლოდ უშუალო შემსრულებელთა, არამედ იმ თანამდებობის პირთა პასუხისმგებლობის საკითხიც, რომლებმაც შესაძლოა გასცეს შესაბამისი ბრძანება, იცოდნენ სავარაუდო ძალადობის შესახებ ან სათანადოდ ვერ უზრუნველყვეს მისი პრევენცია და გამოძიება.
პატიმრის მიმართ წამება, სექსუალური ძალადობა ან ნებისმიერი სხვა ფორმის არასათანადო მოპყრობა, მისი დადასტურების შემთხვევაში, ვერ იქნება გამართლებული დისციპლინური დარღვევით, თანამშრომლების შეურაცხყოფით, დაუმორჩილებლობით ან სხვა გარემოებით.
თუ გამოძიებით დადასტურდება გიორგი დავითაძის მიმართ მძიმე ძალადობის ფაქტი ან პენიტენციური სისტემის წარმომადგენელთა მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, უნდა დადგეს როგორც სამართლებრივი, ისე შესაბამისი პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი, მათ შორის პენიტენციური სისტემის ხელმძღვანელობისა და იუსტიციის მინისტრის პასუხისმგებლობის ჩათვლით”, - ნათქვამია განცხადებაში, რომლის ხელმომწერებიც არიან საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, დემოკრატიის მცველები, საქართველოს მომავლის აკადემია, პრევენცია პროგრესისთვის, ევროპულ-ქართული ინსტიტუტი (EGI), საქართველოს ევროპული ორბიტა, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI), საფარი, სამოქალაქო საზოგადოების ფონდი, სოციალური სამართლიანობის ცენტრი, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI), ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი.
რუსთავის N6 პენიტენციური დაწესებულების პატიმარმა, გიორგი დავითაძემ სააპელაციო სასამართლოში გამართულ პროცესზე თქვა, რომ ის ბადრაგებმა დეესკალაციის ოთახში გააუპატიურეს.
პატიმრის განცხადებას სპეციალური პენიტენციური სამსახური გამოეხმაურა. უწყება წერს, რომ გიორგი დავითაძის განცხადება სიცრუეა.
პენიტენციური პატიმარ გიორგი დავითაძის დეესკალაციის საკანში ყოფნის კადრებს ავრცელებს
შეგახსენებთ, დავითაძეების ოჯახი ბადრაგებს პატიმრის მიმართ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში აქამდეც ადანაშაულებდა.
პატიმარ გიორგი დავითაძის ოჯახი ბადრაგებს მის მიმართ ძალადობაში ადანაშაულებს
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.