„ოცნების“ კანონების გამო დახურული ადენაუერის ფონდის ერთ-ერთი სტიპენდიატი ნიკოლოზ სამხარაძე იყო
კონრად ადენაუერის ფონდმა საქართველოში საქმიანობის შეწყვეტისა და დახურვის შესახებ განაცხადა, რაც მთავრობის მიერ შექმნილ პოლიტიკურ და სამართლებრივ ჩარჩოს დაუკავშირა. სტატიაში აღნიშნულია, რომ ფონდის ყოფილი სტიპენდიატები იყვნენ „ქართული ოცნების“ წევრები ნიკოლოზ სამხარაძე და შალვა პაპუაშვილი, რომელთაგან უკანასკნელმა განაცხადა, რომ უცხოურ ფონდებს საქართველოში პოლიტიკური მისია არ აქვთ.

კონრად ადენაუერის ფონდმა, რომელიც 20 წელზე მეტია საქართველოში ფუნქციონირებდა, დახურვის შესახებ განაცხადა. ფონდის განცხადებით, დახურვა საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილი პოლიტიკური და სამართლებრივი ჩარჩოს პირდაპირი შედეგია, რომლის პირობებშიც მათ აღარ შეუძლიათ ადგილზე შეასრულონ თავისი, როგორც პოლიტიკური ფონდის, ძირითადი მისია.
ფონდი წლების განმავლობაში საქართველოში სხვადასხვა პროექტს აფინანსებდა, მათ შორის საგანმანათლებლო მიმართულებით. არაერთმა ქართველმა სტუდენტმა სწორედ ფონდის სტიპენდიით მიიღო განათლება ევროპაში.
თავის დროზე სწორედ კონრად ადენაუერის ფონდის სტიპენდიით ისწავლა გერმანიაში, ჰანოვერის უნივერსიტეტში „ქართული ოცნების“ წევრმა და პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ. ადენაუერის ფონდის დაფინანსებით ის ჰანოვერის უნივერსიტეტში ევროპისმცოდნეობის მაგისტრი გახდა.
ნეტგაზეთმა ნიკოლოზ სამხარაძესთან დაკავშირება იმის გასარკვევად, თუ რას ფიქრობს ადენაუერის ფონდის ყოფილი სტიპენდიატი საქართველოში ფონდის დახურვასთან დაკავშირებით. თუმცა მან ჩვენს ზარსა და შეტყობინებას არ უპასუხა.
აღსანიშნავია, რომ რუსული კანონის ერთ-ერთი მხარდამჭერის, ნიკოლოზ სამხარაძის ბიოგრაფიაში ადენაუერის ფონდის ყოფილი სტიპენდიატობის გარდა, უცხოურ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის სხვა ფაქტებიც მოიძებნება.
ნიკოლოზ სამხარაძე 2005 – 2010 წლებში სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის ოფისში მუშაობდა ექსპერტის პოზიციაზე; ხოლო 2010 – 2016 წლებში გაეროს განვითარების პროგრამაში, საზღვრის მართვის პროგრამების ხელმძღვანელი იყო.
ერთ-ერთი ვინც „ქართული ოცნებიდან“ ადენაუერის ფონდის დახურვას გამოეხმაურა შალვა პაპუაშვილი იყო, რომელმაც განაცხადა, რომ სხვა ქვეყნის ფონდებს საქართველოში პოლიტიკური მისია შესასრულებელი არა აქვთ.
აღსანიშნავია, რომ თავად შალვა პაპუაშვილი, რომელიც გერმანულ ფონდს აკრიტიკებს, 17 წლის განმავლობაში თავად მუშაობდა გერმანულ ფონდებში. 2003 – 2007 წლებში გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოების (GTZ) უფროსი სამართლებრივი ექსპერტი იყო, შემდეგ კი, 2007-2020 წლებში, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებაში (GIZ). მუშაობის ბოლო წლებში ორგანიზაციაში იკავებდა საქართველოს გუნდის ხელმძღვანელის პოზიციასაც.
დაგვამატე Google-ში
25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.
ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.
დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.
წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.