დიზელი 54%-ით გაძვირდა, ბენზინი — 30%-ით | კიდევ როგორ გაიზარდა ფასები სექტემბერში?
საქართველოში სექტემბერში წლიურმა ინფლაციამ 5.6% შეადგინა. გაიზარდა ფასები სურსათზე, ტრანსპორტზე, კომუნალურებსა და ჯანდაცვაზე. ყველაზე მეტად, 54%-ით, დიზელი გაძვირდა, ბენზინი კი 30%-ით. ინფლაციის ზრდაზე გავლენა ენერგომატარებლების და ნავთობპროდუქტების გაძვირებამ იქონია.

სექტემბერში წლიურმა ინფლაციამ (წინა წლის სექტემბერთან შედარებით) 5.6% შეადგინა.
აპრილიდან მოყოლებული, წლიურ ჭრილში სამომხმარებლო ფასები 5%-ზე მეტით იზრდება. ცალკეულ პროდუქტებზე სამომხმარებლო ფასები 30-50 პროცენტითაც გაიზარდა.
სასაქონლო ჯგუფების მიხედვით, სექტემბერში, 2025 წლის სექტემბერთან შედარებით, სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ფასები — 3.4%-ით, ალკოჰოლური სასმელებისა და თამბაქოს ნაწარმის — 6.2%-ით, კომუნალურების — 9.2%-ით, ჯანდაცვის ხარჯები — 8%-ით და ტრანსპორტის მომსახურების ხარჯები 19%-ით გაძვირდა.
კონკრეტული დასახელების პროდუქტებიდან დიზელი 54%-ითაა გაძვირებული, ბენზინი — 30%-ით. თუ შედარებას 30 სექტემბრის მდგომარეობით გავაკეთებთ, დიზელი 60%-ითაც იქნება გაძვირებული, მაგრამ საქსტატი მონაცემებს 10-დან 20 რიცხვამდე აგროვებს, შესაბამისად, 21-30 სექტემბრის გაძვირება ოქტომბრის ინფლაციაში აისახება.
თვითმფრინავით მგზავრობა 40%-ით არის გაძვირებული, ქორწინების ბეჭედი — 31%-ით, ელექტროენერგიის გადასახადი — 25%-ით.
საკვები პროდუქტებიდან პომიდორი 35%-ითაა გაძვირებული, შებოლილი და გაყინული თევზი — 21%-ით, ძროხის ხორცი — 18%-ით, ქათმის ხორცი — 16%-ით, ახალი თევზი ასევე — 16%-ით.
წლიური ინფლაცია 2026 წლის სექტემბერში ზოგიერთი დასახელების პროდუქტსა და მომსახურებაზე
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
მიმდინარე წელს ინფლაციის ზრდაზე გავლენა ენერგომატარებლების, კერძოდ ელექტროენერგიისა და ნავთობპროდუქტების გაძვირებამ იქონია. ეროვნულმა ბანკის გადაწყვეტილებით, 2027 წლის თებერვლიდან დაკრედიტება მკაცრდება, რისი მიზეზიც სავარაუდოდ, უარყოფითი ინფლაციური მოლოდინებია.
დაგვამატე Google-ში
25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.
ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.
დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.
წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.