ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიმსოფლიოსტატია

მედია: უკრაინამ ვოლგოგრადსა და სამარაში რუსულ ნავთობობიექტებზე იერიშები მიიტანა

ტელეგრამ-არხებზე გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინამ რუსეთის ვოლგოგრადისა და სამარის ოლქებში მდებარე ნავთობის ინფრასტრუქტურაზე დრონებით იერიშები მიიტანა, რასაც ხანძრები მოჰყვა.

მედია: უკრაინამ ვოლგოგრადსა და სამარაში რუსულ ნავთობობიექტებზე იერიშები მიიტანა
მედია: უკრაინამ ვოლგოგრადსა და სამარაში რუსულ ნავთობობიექტებზე იერიშები მიიტანატაბულა

ტელეგრამ-არხებზე გავრცელებული ინფორმაციით, 2 ოქტომბრის ღამის საათებში რუსეთის ვოლგოგრადისა და სამარის ოლქებში ნავთობის ინფრასტრუქტურაზე დრონებით დარტყმები იყო და ობიექტებზე ხანძრები გაჩნდა, თუმცა, მიყენებული ზიანის მასშტაბი და სამიზნეები ჯერჯერობით დამოუკიდებლად დადასტურებული არ არის.

The Kyiv Independent-ის ცნობით, უკრაინული მონიტორინგის არხები სავარაუდო სამიზნეებად ვოლგოგრადის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასა და სამარის ნავთობის გამანაწილებელ სადგურს ასახელებენ.

ვოლგოგრადის ოლქის გუბერნატორმა ანდრეი ბოჩაროვმა განაცხადა, რომ დრონებით მასშტაბური იერიში რეგიონის სამრეწველო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ იყო მიმართული.

მისი თქმით, ჩამოგდებული დრონის ნამსხვრევების გამო მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა და ერთი ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ბოჩაროვს სამრეწველო ობიექტებზე გაჩენილი ხანძრის შესახებ არ უსაუბრია.

რუსული დამოუკიდებელი გამოცემა Astra-ს ცნობით, თვითმხილველთა ვიდეოებში ცეცხლის ნათება ვოლგოგრადის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნისა და მის სიახლოვეს მდებარე ქიმიური საწარმო Kaustik-ის მიმართულებით ჩანდა.

"ლუკოილის" კუთვნილი ვოლგოგრადის ქარხანა რუსეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ნავთობგადამამუშავებელი საწარმოა და წელიწადში დაახლოებით 15 მილიონ ტონა ნედლ ნავთობს ამუშავებს. უკრაინულმა ძალებმა ომის განმავლობაში ობიექტზე იერიში არაერთხელ მიიტანეს.

ამას გარდა, სამარის ოლქში სავარაუდო სამიზნე დასახლება პროსვეტის სიახლოვეს მდებარე ნავთობის გამანაწილებელი სადგურია, რომელიც სხვადასხვა ტიპის ნედლ ნავთობს რუსეთის ძირითად საექსპორტო ნარევ "ურალად" აერთიანებს. სადგურზე უკრაინული დრონებით იერიში 2026 წლის აპრილშიც მიიტანეს.

მასალის შესახებპირველწყარო: ტაბულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.